search close
picture ღონისძიება

არაღიარებული ძალადობა

გამართვის თარიღი : 4 მარტი 2017

სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები დაიცვას ძალადობის სხვადასხვა ფორმებისგან. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ მარგინალურ ჯგუფს, როგორიც არის ლგბტ ჯგუფი, სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ აღიარებს ან თავად გვევლინება მოძალადის როლში, რაც სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისათვის საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობასა და ცალკეული პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეთა მხრიდან ღია დისკრიმინაციულ მოწოდებებშიც გამოიხატება.

შაბათს, 4 მარტს, 19:00 საათზე, ვეგანურ კაფეში ,,კივი'' გაიმართება ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) მიერ მომზადებული პუბლიკაციის ,,არაღიარებული ძალადობა - სამართალწარმოების ანგარიში'' პრეზენტაცია. დოკუმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში 2016 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე წარმოებული საქმეების, გაწეული ინდივიდუალური და ჯგუფური სამართლებრივი კონსულტაციების და დოკუმენტირებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ინციდენტების სტატისტიკასა და ანალიზს. დოკუმენტში თავმოყრილია საქმეები, რომლებზეც WISG-ის იურისტებმა იმუშავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან, ცალკეულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოსთან, საქართველოს სახალხო დამცველსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან. ანგარიშში, ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების საფუძველზე, გაანალიზებულია სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერის ნიშნით ძალადობის ცალკეული ფორმების იდენტიფიცირებასა და რეაგირებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ლგბტი ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ინციდენტების გამოძიება, ქალთა ან/და ლგბტი პირთა დისკრიმინაცია ან/და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის ფაქტებზე რეაგირება, ტრანსგენდერ ადამიანთა გენდერის სამართლებრივი აღიარება და სხვა საკითხები.

ანგარიშს თავად ავტორი ქეთი ბახტაძე წარადგენს და გაიმართება დისკუსია საქართველოში ქალთა და ლგბტი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და გენდერული ძალადობის სიხშირისა და გავრცელების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს გეპატიჟებით კივი კაფეს მიერ მომზადებულ უგემრიელეს ფურშეტზე.