search close
picture განცხადება

WISG-ის აქცია 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

19 მაისი 2015

2015 წელს, საფუძვლიანი დაგეგმვის, შსს-სა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გაუმჯობესებული დიალოგის შემდეგ, საქართველოში მომუშავე ლგბტ ჯგუფებმა შეძლეს, მშვიდობიანად ჩაეტარებინათ სამი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი აქცია, რომლებიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. 2015 წლის 10 მაისს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” წამოიწყო კამპანია „ეს ქუჩა დაკავებულია – აქ ჰომოფობიის და ტრანსფობიის ადგილი არ არის.“ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები ფოტოებს იღებდნენ გარეთ, თბილისის სხვადასხვა უბნებში და ავრცელებდნენ სოციალურ მედიაში. ამ სოციალურ კამპანიაში ჩართვით ადამიანები იყენებდნენ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას და მხარს უჭერდნენ ლგბტ თემს, რომელსაც ეს უფლება ჰომოფობიურ საზოგადოებაში ხშირად უკანონოდ აქვს წართმეული.

აქცია, რომლის ჩატარებაც “ვისგმა” 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე გადაწყვიტა, ჩვენი სოციალური კამპანიის ლოგიკური გაგრძელება და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ვაჩნაძის ქუჩა იყო ადგილი, სადაც ლბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერთა უმრავლესობას 2013 წელს სასტიკად დაესხნენ თავს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით “ვისგმა” დამატებითი ზომები მიიღო და დემონსტრაციის ხანგრძლივობა 15 წუთით შეზღუდა, მონაწილეთა რაოდენობა კი მაქსიმუმ 20 ადამიანით შემოიფარგლა. ამ სიმბოლური დემონსტრაციით გვინდოდა, კიდევ ერთხელ გაგვემახვილებინა ყურადღება იმაზე, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლების გამოყენება და, რომ აქტივისტები, რომლებიც ამ სიმბოლურ დემონსტრაციაში იღებდნენ მონაწილეობას, იქ იყვნენ მათთვის, ვისაც იქ ყოფნა არ შეეძლო და ასევე მათთვის, ვინც იმავე ქუჩაზე განიცადა ძალადობა 2013 წელს.

© ნეტგაზეთი