search close
picture

WISG-ის მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადება გამოსცა

5 ოქტომბერი 2017

2017 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ზოგადი წინადადების გამოცემას საფუძვლად დაედო „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) განცხადება. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, ამავე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ კაცებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში არიან, რადგან ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ორსულობის შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის.

სახალხო დამცველი ზოგად წინადადებაში აღნიშნავს, რომ „გენდერული თანასწორობის საკითხი პირდაპირ კავშირშია ქალის, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან. ამდენად, ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ თავიანთ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით“. ომბუდსმენი ასევე უთითებს აბორტის სტიგმაზე და ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას: „ისეთ საზოგადოებებში, სადაც გაუპატიურების გამო მსხვერპლის დადანაშაულება და მისი სტიგმატიზაცია განსაკუთრებით არის ფესვგადგმული, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა ქმნის წინაპირობას, რომ მსხვერპლი შესაძლოა მუდმივად იყოს მის ირგვლივ არსებული სოციალური წნეხის ქვეშ და განიცადოს ვიქტიმიზაცია. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში სოციუმიდან მომდინარე წნეხზე მეტად გაუპატიურების მსხვერპლი იტანჯება დანაშაულის გრძნობით, ნაკლებად სცემს საკუთარ თავს პატივს და ეწევა თვითსტიგმატიზაციას“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, განიხილოს სახელმწიფოს ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მსხვერპლისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხი;
  • გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალისათვის დაფინანსების მექანიზმის შემოღების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მსხვერპლის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
  • გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება და დღის წესრიგში დაყენებისათვის საკმარისი გახდეს გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყება.

WISG მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ომბუდსმენის ზოგადი წინადადების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაუპატიურების მსხვერპლი ქალების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. მსხვერპლისთვის დაფინანსების გამოყოფა ქალს აარიდებს სოციალურ წნეხს, რომელიც თავს იჩენს აბორტთან დაკავშირებული სტიგმის გამო.