search close
picture განცხადება

განცხადება: ლგბტი ადამიანის უფლებები არ შეიძლება, იყოს კომპრომისის საგანი ევროკავშირის ურთიერთობებში აღმოსავლეთ მეზობლებთან

29 ივნისი 2015

ივნისი, 2015

2015 წლის 15-20 ივნისს ლგბტი ორგანიზაციებმა სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან თავიანთი ხმა შემატეს რიგაში ევროპრაიდის ღონისძიებებს, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანასწორობის პირველი კვირაა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე. ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რათა ერთად გაგვეანალიზებინა ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებისა და პატრნიორების როლი, ასევე ადგილი ჩვენს ქვეყნებში ევროკავშირის მიერ ადამიანის ულებებისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერაში.

ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას თანმიმდევრული და უკომპრომისო მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, რაც ევროკავშირის მხრიდან ლგბტი ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და მრავალფეროვნების პატივისცემას ეთმობა ევროკავშირის თანამშრომლობაში, მის აღმოსავლეთ მეზობლებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პოლიტიკასა და პროგრამებში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა მთავარ ევროპულ ღირებულებებად გვევლინება, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამ ღირებულებების პრაქტიკაში გადმოტანისათვის აუცილებელი სათანადო და მდგრადი მოქმედებების ნაკლებობით და, ხშირ შემთხვევაში, არარსებობით.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვასთან ერთად, ყურადღებას ვამახვილებთ განახლებული პოლიტიკის არსებობის საჭიროებაზე, რომელიც:

  • მოიცავს ადამიანის უფლებებს, როგორც ძირითად ნაწილს, ცხადი და კონკრეტული ფოკუსით ლგბტი ადამიანებსა და სხვა უმცირესობებზე;
  • აღიარებს და პასუხობს დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებულ საფრთხეებს პარტნიორ ქვეყნებში;
  • უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლობის ჩართულობას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პროგრამების დაგეგმვაში, განხორციელებასა და მონიტორინგში;
  • აღიარებს და პასუხობს ქვეყნებში არსებულ მზარდ ანტიევროპულ სენტიმენტებს და ლგბტი საკითხებით მანიპულაციის მიერ შექმნილ შესაბამის საფრთხეებს.

გასული წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ლგბტი მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების შესახებ საჯარო დებატებში; მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველასათვის მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. პოპულარული და პოლიტიკური მისწრაფებები ევროპასთან ასოცირებული ღირებულებებისკენ მნიშვნელვან როლს თამაშობდა ამ პროცესის განვითარებაში. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება გახდა უფრო მეტად პოლარიზებული და ლგბტი თანასწორობა პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცა სხვადასხვა ძალებისათვის როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე – მათ გარეთ. როდესაც ევროკავშირი და მისი ადგილობრივი წარმომადგენლები განზე დგებიან ლგბტი ადამიანების თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხმამაღალი, აქტიური და განგრძობითი მხარდაჭერისაგან, ეს ამ ღირებულებების უარყოფისა და ანტიევროპულ ნარატივებში მათი დამახინჯებული ფორმით წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, შედეგად წვევს მიუღებლობის მაღალ ხარისხსა და ლგბტი ადამიანებისა და მათი უფლებების დამცველი პირების მიმართ მტრული განწყობების გაძლიერებას ჩვენს ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ გეოპოლიტიკურ კონტექსტს, კერძოდ, მძიმე კონფლიქტებს რეგიონში, გვჯერა, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს კომპრომისის საგანი. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ნაკლებობა, რაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევებს, უთანასწორობასა და სოციალური სამართლიანობის ნაკლებობას, ისევე, როგორც – სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობილ მოქმედებას.

მსგავს გარემოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშომლობაში ევროკავშირის ძლიერი და თანმიმდევრული პოზიციის სისუსტე ლგბტი პირების უფლებებსა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართ სახიფათო სიგნალს აწოდებს საზოგადოებებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ქვეყნებში, სადაც მიღებული იქნა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონები, მზარდი და საგანგაშოა სამართლებრივ გარემოსა და პრაქტიკას შორის არსებული დაშორება. ჩვენ ვდგავართ რეგრესული განვითარებების რისკის წინაშე, თუ არ გვექნება მხარდაჭერა ლგბტი ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვაში, ცხადი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ყველა პროგრამასა და პროცესში. ის ცვლილებები და სივრცე, რაც გასული წლების განმავლობაში ლგბტი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის მოვიპოვეთ, შესაძლოა, ძალიან სწრაფად ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდეს.

შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობებში ადამიანის უფლებების ძირითად ნაწილად წარმოჩენის საჭიროებაზე. აუცილებელია უმცირესობათა ჯგუფების გათვალისწინება, მათ შორის, ლგბტი ადამიანებისა და იმ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების, რომლებიც მათი თანასწორობის უზრუნველსაყოფად მუშაობენ. ადამიანის უფლებათა და მრავალფეროვანი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იმ ძირითად აქტორებად გვევლინებიან, რომელთა წინაშეც მთავრობები ანგარიშვალდებულნი არიან, და რომლებსაც ევალებათ „რეალობის შემოწმება“ პოლიტიკასა და პროგრამებთან მიმართებაში. თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და ეროვნული ინსტიტუციების გაძლიერება უნდა ხორციელდებოდეს ამავდროულად დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, მათ შორის, ლგბტი თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით. ევროკავშირის პროგრესის შეფასებები შესაბამისად და თანმიმდევრულად უნდა მოიცავდეს და ასახავდეს ლგბტი ადამიანების უფლებათა პატივისცემას, ისევე, როგორც ძალისხმევებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე მათი და სხვა უმცირესობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.

ამგვარად, განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესებს ნაციონალურ და რეგიონულ დონეებზე და ლგბტი ადამიანის უფლების დამცველი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფების მეტ ჩართულობას დღის წესრიგის შემუშავებასა და იმპლემენტაციაში. და ბოლოს, ადამიანის უფლებები და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, როგორც ევროკავშირის საგარეო მოქმედების ძირითადი პრინციპები, პროაქტიულად უნდა იყოს მხარდაჭერილი თანმიმდევრული პოლიტიკური მესიჯებით სხვადასხვა ფორუმებსა და დონეებზე.

გენდერდოკ-მ საინფორმაციო ცენტრი (მოლდოვა)

იდენტობა (საქართველო)

ინსაითი (უკრიანა)

ლგბტ ასოციაცია ‘ლიგა’ (უკრაინა)

საზოგადოებრივი ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება (სომხეთი)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (საქართველო)