search close
picture განცხადება

კიდევ ერთხელ 17 მაისის შესახებ

23 მაისი 2018

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” ჩართული იყო 17 მაისს დაგეგმილი საჯარო აქციის ორგანიზებაში. შესაბამისად, სხვა თანაორგანიზატორ ჯგუფებთან და აქტივისტებთან ერთად, სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას აქციის გაუქმებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი საჯარო განცხადება გაკეთდა 16 მაისის პრესკონფერენციაზე, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დღემდე გაუგებარია მიზეზები, რომელმაც ასეთ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა.

ამ ყველაფრის ფონზე, საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ, შეგვეფასებინა გასული კვირის მოვლენები და ხმა მიგვეწვდინა იმ აქტივისტებისთვისაც, ვინც უშუალოდ არ იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვერც 17 მაისს სპონტანურად დაგეგმილ აქციებში მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზაციის 18-წლიანი ისტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროცესების გაანალიზებისას, სურათი უფრო ფართოდ დავინახოთ და საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე დაყრდნობით ვისაუბროთ. ჩვენთვის არც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებია უცხო და არც ეკლესიის მიერ მობილიზებული აგრესორების თავდასხმა - WISG-ის დამფუძნებლები და თანამშრომლები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, ვინც, 2013 წლის 17 მაისს, მოვლენების ეპიცენტრში, ყვითელ მიკროავტობუსში აღმოჩნდნენ ვაჩნაძის ქუჩაზე. 2013 წლის მოვლენებზე რეფლექსიამ ცხადად დაგვანახა, რამდენად პოლიტიზებული იყო ეს პროცესი - ამ დღის მთავარი აქტორები ჩვენ კი არა, ძალაუფლების გადანაწილებისთვის მებრძოლი ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები და ეკლესია იყვნენ. აიდაჰოს აღნიშვნა კი ერთმანეთისთვის ძალის დემონსტრირების სივრცედ იქცა.

სამწუხაროა, რომ ეს პროცესები დღემდე გრძელდება და ლგბტი საკითხები ისევ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია. მეტიც, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები წლებია, ცდილობენ უშუალო ჩარევას 17 მაისის დაგეგმვის პროცესებში. მათი მონაწილეობა, როგორც წესი, დესტრუქციული ხასიათისაა და ხშირად იწვევს დათიშვას თემის შიგნით. სწორედ ამის შედეგია წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ჩატარებული აქციები, რაც საზოგადოების თვალში, ორგანიზაციებს შორის განხეთქილებად და კონკურენციად აღიქმება. 2017 წელს, პირველად შევძელით ამ წინააღმდეგობის დაძლევა და აქცია, მართალია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, მაგრამ მაინც ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ღია აქცია დაანონსდა, ხელისუფლებისაგან მაინც მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, არსებული გამოცდილება და ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა ლგბტი საკითხებთან მიმართებაში, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება აქციის ჩატარებაზე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავიაზროთ მიმდინარე მოვლენები და კონტექსტი, რომელშიც გვიწევს მოქმედება.

გარდა მოსალოდნელი საფრთხეებისა, როგორიცაა ექსტრემისტული არაფორმალური დაჯგუფებები, ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებული მსვლელობის მონაწილეთა დამოკიდებულება თემის წევრების მიმართ, ჩვენთვის ნიშანდობლივი იყო 17 მაისის წინა კვირაში განვითარებული პროცესები. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამო პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა ხელისუფლების მიმართ, საზოგადოების წევრებს შორის “იდეოლოგიური დაპირისპირების” კერად იქცა. კიდევ უფრო საგანგაშო იყო ის შეფასებები, რომელიც ამ აქციის მშვიდობიანად დაშლას მოჰყვა. ცალკეული პოლიტიკური აქტორებისთვის, ამჯერადაც, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე აქციის მონაწილეთა სიცოცხლე და უსაფრთხოება.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების მიუხედავად, ეს ნარატივი არ შეცვლილა 17 მაისის შეფასების დროსაც. ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სიძულვილთან და აგრესიასთან გამკლავება, ფსევდომხარდამჭერები “მშიშრებს” უწოდებდნენ, ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვას კი პოლიტიკურ სიბეცედ და უმწიფრობად ნათლავდნენ. ამის პარალელურად, ლგბტ აქტივისტთა სპონტანურად დაგეგმილ მცირერიცხოვან აქციებს, შსს მინისტრმა პროვოკაცია უწოდა.

სწორედ ასე გადააქვთ პასუხისმგებლობის ტვირთი მოძალადიდან მსხვერპლზე ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებულ ჯგუფებს - ერთი მხრივ, სიმხდალეში ადანაშაულებენ, იმის გამო, რომ წინ ვერ აღუდგნენ მოძალადეს და, მეორე მხრივ, ძალადობის პროვოცირებაში სდებენ ბრალს. “მშიშრებისა” და “პროვოკატორების” იარლიყების მოწებების მცდელობამ, ზედაპირზე ამოიტანა ჩვენზე ზრუნვით შენიღბული რეალური დამოკიდებულებები.

მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებული აქციის სანაცვლოდ ვერ მოხერხდა თემის უფრო მეტი წევრის ჩართვა სპონტანურად დაგეგმილ აქციებში, აქტივისტების ერთმა ნაწილმა მაინც შევძელით პროტესტის გამოხატვა ამ არაჯანსაღი პროცესების მიმართ. 17 მაისი, პირველ რიგში, თემის წევრებს ეკუთვნით. არც ხელისუფლებას და არც სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება გვიკარნახონ აქციის ფორმა და შინაარსი.

წლევანდელი 17 მაისის აქციის მთავარი თემაც სწორედ ჰომოფობიით პოლიტიკური სპეკულირების საკითხი იყო. აქტივისტების პარტიზანულმა პროტესტმა, სხვა ფორმით, მაგრამ იმ შედეგთან მიგვიყვანა, რისი თქმაც გვსურდა საზოგადოებისთვის: ამ თემის საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისა და მიზნებისთვის გამოყენებას საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გაძლიერებისა და სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებისკენ მივყავართ. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გვაშორებს იმ სასურველ შედეგს, რისთვისაც ყოველდღიურად ვიბრძვით - ვიცხოვროთ ძალადობისა და აგრესიისგან თავისუფალ საზოგადოებაში.