search close
picture განცხადება

საქართველოს მთავრობას და გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებში - ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზს

27 სექტემბერი 2018

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრი (EHRAC) - ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს ორი ტრანსი მამაკაცის საჩივარს. ორივე საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მხრიდან აპლიკანტთა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმას, რაც, განაცხადის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური მოპყრობა), მე-8 (პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას წარმოადგენს. დ.-ს და მ.-ს მიმართვას, შეეცვალათ გენდერის აღმნიშვნელი მარკერი მათ ოფიციალურ დოკუმენტებში, რაც ასახავდა მათ გენდერს - მამრობითი, უარყოფილ იქნა სახელმწიფო ორგანოების მიერ იმ მიზეზით, რომ ასეთი ცვლილებისთვის აპლიკანტებს უნდა ჩაეტარებინათ სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია. მსგავს ოპერაციას არც სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა ფარავს და არც კანონითაა სავალდებულო. გადაწყვეტილება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო დროის პრაქტიკასთან.[1]

აპლიკანტი დ.-ს საქმე სასამართლოს 2017 წლის პირველ აგვისტოს გაეგზავნა, კ.-ს საქმე კი - 2017 წლის 10 ნოემბერს. აპლიკანტთა განცხადებით, შეუთავსებლობა მათ სოციალურ როლს (მამრობითი) და მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერს (მდედრობითი) შორის, მათ იძულებულს ხდის ნების საწინააღმდეგოდ გაამღჟავნონ თავიანთი ტრანს იდენტობა ყოველთვის, როდესაც ამ საბუთების სადმე წარდგენა უწევთ. მსგავსი მდგომარეობა აპლიკანტებს უამრავ პრობლემას უქმნის ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სადაც ტრანსი ადამიანების მიმართ სტიგმა ძლიერია.[2]

ორივე მომჩივანი ა.დ. და ა.კ. აცხადებს, რომ იძულებითი ქამინგ-აუთის შიში მათ მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს, რაც ნეგატიურად აისახება მათ ცხოვრებაზე. სასამართლოსთვის გაგზავნილ საქმეში აპლიკანტები აცხადებენ, რომ, აღნიშნულის გამო, მათი უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შესახებ გამუდმებით ირღვევა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ იძულებულნი ჩაიტარონ ქირურგიული ოპერაციები გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, და რომ საქართველოს სახელმწიფო ვერ ახერხებს შეიმუშავოს სამართლებრივი ჩარჩო, რაც მათ საშუალებას მისცემდა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერი ზემოაღნიშნული პროცედურების გვერდის ავლით შეეცვალათ.

აპლიკანტები ასევე აცხადებენ, რომ ისინი ხშირად განიცდიან დამამცირებელ მოპყრობასა და დისკრიმინაციას მათი გენდერული იდენტობის გამო, სწორედ იმ მიზეზით, რომ ოფიციალური სახელმწიფო უწყებები ვერ ახერხებენ მათ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლას.

2018 წლის 6 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია მოახდინა ორივე საქმესთან დაკავშირებით და ისინი ერთ საქმედ გააერთიანა.[3] ეს საქართველოდან ევროსასამართლოში გაგზავნილი პირველი საქმეებია, რომლებიც ტრანსი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებას ეხება.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) შეშფოთებულია საქართველოში არსებული სისტემური პრობლემის გამო, რის გამოც ლგბტქი ადამიანები განსაკუთრებულ ბარიერებს აწყდებიან მათი უფლებებისა და თავისუფლებების აღსრულებაში. მსგავსი პრობლემების არსებობა, ერთი მხრივ, ლგბტქი ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივი სტიგმითა და სტერეოტიპებითაა მხარდაჭერილი, მეორე მხრივ კი, მაგალითია სახელმწიფოს მხრიდან ამ ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებების უგულებელყოფისა.

რაც შეეხება ძირითად პრობლემებს, ჩვენ ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემდეგ საკითხებს:

  • შექმნას სწრაფი, გამჭვირვალე და დასაშვები მექანიზნები გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის;
  • ერთმანეთისგან გამიჯნოს გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურები;
  • უზრუნველყოს ტრანს-სპეფიციკური ჯანდაცვის პროგრამების არსებობა;

გარდა ამისა, იმის გათვალიწინებით, რომ ლგბტქი ადამიანთა მიმართ სტიგმა ქართულ საზოგადოებაში ძლიერია, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები დისკრიმინაციის ყველანაირი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

საქართველოში მცხოვრები ტრანსი ადამიანები მოკლებულნი არიან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებას. მათ არ შეუძლიათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილება, რამდენადაც გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი კანონის მიერ აბსოლუტურად არ არის რეგულირებული. დღეისათვის, გენდერის მარკერის ცვლილებისათვის, ზოგი ტრანსი ადამიანი იძულებული ხდება გაიაროს არასასურველი, სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისთვის სახიფათო პროცედურები.[4]

გენდერის სამართლებრივი აღიარების შეუძლებლობის შედეგად, ტრანსი ადამიანები ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი და მათი უფლება - დაცული იყოს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა - ყოველდღიურად ირღვევა, როდესაც მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას თხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსი ადამიანები უათანასწორო პირობებში არიან დასაქმებისას, სერვისების მიღებისას და ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის დროს. ეს ყველაფერი ლგბტქი ჯგუფის ადამიანებს განსაკუთრებით დაუცველებს ხდის ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინაშე.

უფრო მეტიც, დამოუკიდებელი სამედიცინო ცენტრების სერვისებიც მიუწვდომელი რჩება ტრანსი ადამიანებისთვის. პრობლემა გამოწვეულია პროცედურების სიძვირით, რისი დაფარვაც თემის წევრებს არ შეუძლიათ. მეორე მხრივ, მათ არ აქვთ სხვა მოქალაქეთა თანასწორი შესაძლებლობა, მიიღონ სამედიცინო პროცედურებისთვის საჭირო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება. საქართველოში არსებული კონკრეტული სამედიცინო პროცედურების ხარჯების დაფარვა მათ სრულად საკუთარი სახსრებით უწევთ.[5]

2018 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის.[6] ეს დოკუმენტი წარმოადგენს სრულ ეროვნულ დოკუმენტს სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმაში შესული იქნება სპეფიციკური პარაგრაფი გენდერული იდენტობისა და თანასწორობის შესახებ. თუმცა შესაბამისი პარაგრაფი განხილული უნდა ყოფილიყო წინასწარ, რათა ადეკვატურად აესახა საქართველოში მცხოვრები ლგბტქი ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები.

WISG ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანი იყო, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა სამდივნოს მიერ ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრაში, სადაც უწყებამ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულებები იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის მიზნით, რომლებსაც აკლდა განმარტება და გამართულობა სამოქმედო გეგმის წინა ვერსიაში. WISG-მა მკაფიოდ მოუწოდა დეპარტამენტს, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმისა და ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვის პროტოკოლების და კლინიკური გაიდლაინების შექმნა შესულიყო ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. თუმცა, დღეისათვის დამტკიცებული სამოქმედო გეგმა არ შეიცავს არც სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხებს, არც ცალკე პარაგრაფს გენდერული იდენტობისა და თანასწორობის შესახებ, როგორც ამის შესახებ აცხადებდა სამდივნო.[7]

ამიტომ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • მოახდინოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაში (2018-2020) ტრანს-სპეციფიკური საკითხების ინტეგრირება და უზრუნველყოს სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ამოღება გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სავალდებულო წინაპირობებიდან.
  • შეიმუშაოს ნათელი და ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო მოქალაქეთათვის, რომლებიც გენდერის სამართლებრივ აღიარებას ითხოვენ.

[1] ხელმისაწვდომია ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2hrllnR

[2] ხელმისაწვდომია ონლაინ შემდეგ ბმულზე:: https://bit.ly/2hrllnR

[3] იხ. დეტალები: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-186564 [27.09.2018]

[4] არ არსებობს ოფიციალური განმარტება, თუ როგორ უნდა გავიგოთ „გენდერის ცვლილება“, ან რა სპეფიციკური დოკუმენტების წარდგენა სჭირდება აპლიკანტს იმისთვის, რომ მიაღწიოს გენდერის სამართლებრივ აღიარებას. სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული პრაქტიკის თანახმად, მხოლოდ იმ პიროვნებას ენიჭება უფლება შეიცვალოს ოფიციალურ დოკუმენტებში პერსონალური მონაცემები, რომელმაც სრულად გაიარა სქესის ცვლილების ყველა სამედიცინო პროცედურა, რაც ხანგრძლივი, რთული და ძვირი პროცესია.

უშუალო ოპერაციამდე, ტრანსი ადამიანი უნდა იყოს ფსიქოლოგისა და სექსოლოგების დაკვირვების ქვეშ, ხოლო დაკვირვების პროცესი უნდა გაგრძელდეს ერთ წელზე მეტხანს. პროცესის დასრულების შემდეგ უნდა შეიკრიბოს სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს არის თუ არა პიროვნება „ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი“ და გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. მხოლოდ ასეთი დოკუმენტის გაცემის შემდეგ ენიჭება ტრანს ადამიანს უფლება - გაიაროს გენდერის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია. ამ პროცედურამდე ასევე აუცილებელია ჰორმონული თერაპიის კურსის გავლა. შედეგად, ადამიანს უწევს შეუქცევადი სტერილიზაციის, ჰორმონული თერაპიის და წინასწარი ქირურგიული პროცედურების გავლა იმისთვის, რომ მოიპოვოს პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები.

[5] სამედიცინო ოპერაციების გარკვეული კატეგორია სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. საქართველოს მთავრობის No.7734 გადაწყვეტილებით (რომელმაც დაამტკიცა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები 2011 წლისთვის), მთავარი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი სერვისები უნდა მოექცეს ხსენებულ კატეგორიაში, არის დიაგნოზის სირთულე და ბენეფიციარის დაბალი ან განსაკუთრებული სოციალური სტატუსი. თუმცა, მიუხედავად მაღალი სოციალური მნიშვნელობისა, სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია სამედიცინო სერვისებს შორის შეტანილი არაა. ამდენად, სქესის კვლავმინიჭების პროცედურას არ ფარავს არანაირი ტიპის დაზღვევა.

[6] ხელმისაწვდომია ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2xbo3Tg

[7] ხელმისაწვდომია ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2OmOU62