search close
picture განცხადება

ჰომოფობიური საკონსტიტუციო ინიციატივა

29 მარტი 2014

28 მარტს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა გააჟღერა: „გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი (პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ქორწინებას გულისხმობდა) არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ”.

პრემიერ-მინისტრმა იქვე განმარტა, რომ გადაწყვეტილება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის „არასწორი ინტერპრეტაციის“ თავიდან აცილებას უკავშირდება:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა“. [1]

ამასთან, პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის იმ ვერსიიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციებს 2014 წლის დეკემბერში, ამოღებული იქნა თანასწორობის ინსპექტორის თანამდებობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კანონის ეფექტიანობას აღსრულების მექანიზმის თვალსაზრისით.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია ლგბტ ადამიანთა სამართლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჰომოსექსუალური ქცევის დეკრიმინალიზაცია 2000 წელს მოხდა, რასაც მოჰყვა დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების შეტანა შრომის კანონთა კოდექსში და საქართველოს კანონში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. 2012 წელს, საისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა დაემატა საფუძველთა ჩამონათვალს, რომლის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულიც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს ცალკეული ხარვეზები, რომელიც ლგბტ ადამიანებს, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს და ხშირად მათი დისკრიმინაციისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მიზეზი ხდება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასა და თანმდევ ცვლილებებს სწორედ ეს არსებული ხარვეზები უნდა აღმოეფხვრა. ამასთან, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზეც, რომელიც საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასთან ერთად, მიმართული უნდა ყოფილიყო აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზეც და 2014 წელს უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება საკონსტიტუციო ინიციატივის თაობაზე, ისევე როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტში გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმების შესუსტება, ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს ევროპულ ინსიტუტებში გაერთიანების სურვილის თანმდევი პროცესის გამოხატულებაა და არ წარმოადგენს გააზრებული ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგს.

მეტიც, ამგვარი განცხადებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში რეალურად არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური ნება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონის, ისე ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებასა და განხორცილებას ქვეყანაში.

ამავდროულად, ქვეყანაში არსებული ჰომოფობიის მაღალი დონის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ისევე როგორც საჯარო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ინიციატივასთან დაკავშირებით (იხ. ქვემოთ), შესაძლოა აღქმული იქნას როგორც დისკრიმინაციისა და ძალადობის წახალისების საფრთხე ლგბტ პირთა მიმართ.

საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლთა გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე:

თეა წულუკიანი (საქართველოს იუსტიციის მინისტრი): „პრემიერი გამოვიდა შესანიშნავი ინიციატივით, რომ თუკი ეს წერია კანონში და თქვენ იცით, რომ არ არის დაშვებული ერთსქესიანი ქორწინება, პრემიერი თვლის, რომ ეს ავიყვანოთ მაღალ რანგში და პირდაპირ ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის“.[2]

ალექსი პეტრიაშვილი (სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში): „პრემიერის ეს ინიციატივა დამატებით არც არავის უფლებას ზღუდავს, არც არავის სძენს დამატებით უფლებებს. სამსჯელოდ შემოიტანა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ მხარი დაუჭირა. იქნება მსჯელობა პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგრობის რეკომენდაციით მოახდინა დახვეწა საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.“[3]

ვახტანგ ხმალაძე (პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე): „სექსუალურ უმცირესობას არავინ უკრძალავს გააკეთონ ის, რაც მათ უნდა. მაგრამ მეორეა, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა ქორწინებად? აქედან გამომდინარე, მთელ რიგ უფლებებთან ერთად, დღეს ეს კანონი ქორწინებად მიიჩნევს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას და მათ მიერ ოჯახის შექმნას. მე მიმიაჩნია, რომ კანონის ეს მიდგომა არის სწორი, და კონსტიტუციურ დონეზე ამის აყვანა, მე მგონია, რომ კარგი იქნება, რადგან იქნება უფრო მაღალი დაცვა იმისა, რომ ეს არ შეიცვლება. კანონის შეცვლა არის უფრო ადვილი, კონსტიტუციის შეცვლა არის ბევრად უფრო რთული. შესაბამისად, ის, რაც არის კონსტიტუციით დაცული, კანონით ვერ შეიცვლება. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პრემიერის ეს წინადადება შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნას, რაც მოთხოვნებიც ჩვენ გვსმენია“.[4]

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა შეაფასა, როგორც ხარკის გადახდა პარლამენტართა იმ ნაწილისათვის ვინც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. მიუხედავად იმის, რომ მისი აზრით “ საჭიროება ამის კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში ასახვის არ არის, თუმცა, ბუნებრივია, თუ ეს ინიცირებული იქნება, ამასთან დაკავშირებით გარკვეული წინააღმდეგობები არავის არ ექნება“.[5]


[1] https://www.youtube.com/watch?v=p9d5V7KWlfQ

[2] http://netgazeti.ge/GE/105/News/29759/

[3] http://netgazeti.ge/GE/105/News/29767/

[4] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/29766/

[5] https://www.youtube.com/watch?v=p9d5V7KWlfQ