search close
picture განცხადება

განცხადება გივი სიხარულიძისთვის ხელოვნების ქურუმის წოდებასთან დაკავშირებით

6 მარტი 2019

ორგანიზაციებს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გვსურს გამოვეხმაუროთ მსახიობ გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მინიჭებისა და საპატიო სიგელის გადაცემის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სიხარულიძისთვის მსგავსი წოდების მინიჭება წარმოადგენს ქალთა უფლებებისადმი სიძულვილის წახალისებას და ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას, რომ სხვადასხვა ჯგუფების მიმართ სიძულვილის გამომჟღავნება არ იქნება დაბრკოლება პროფესიულ საქმიანობაში.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 2019 წლის 1 მარტს მსახიობ გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელიც გადასცა. მოგვიანებით, ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განმარტება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მსახიობს ჯილდო ქორეოგრაფთა კავშირის წარდგენით მიენიჭნა.

გივი სიხარულიძემ გასული წლის ნოემბრის თვეში ტელეკომპანია იმედის გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ საჯაროდ აღიარა, რომ ქალზე იძალადა. ამასთან, მსახიობი ცნობილია თავისი სექსისტური დამოკიდებულებით ქალთა მიმართ. მას არა ერთ გადაცემასა თუ ინტერვიუში საჯაროდ გამოუხატავს სიძულვილი ჰომოფობიურ და სექსისტურ ნიადაგზე, აღუნიშნავს, რომ არ აღიარებს გენდერულ თანასწორობას და ქალებს კაცთა დაქვემდებარებაში მყოფებად მოიაზრებს.

სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად უნდა ზრუნავდნენ ხელი შეუწყონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, სტერეოტიპების ნგრევას. აღნიშნულის საპირისპიროდ კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჯილდოსა და საპატიო სიგელის იმ პირისთვის გადაცემით, ვინც განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოირჩევა ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით, არათუ ხელს უწყობს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სტერეოტიპების ნგრევას, არამედ, პირიქით, თავად გვევლინება ქალთა უფლებების მიმართ სიძულვილის წამხალისებლად, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოვუწოდებთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიჩინოს გულისხმიერება გენდერული დისკრიმინაციის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალთა უფლებების მიმართ სიძულვილის წახალისების შემთხვევები.