search close
picture განცხადება

კიბერშეტევა WISG-ის გვერდზე: წაშლილი ვიდეოები, ექსტრემისტული ჯგუფების მობილიზება და შესაძლო საჩივარი Facebook-ის მიმართ

14 მაისი 2019

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ფეისბუქ გვერდზე, სავარაუდოდ ექსტრემისტული ჰომოფობიური ჯგუფების მიერ, კიბერ-შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ფეისბუქმა WISG-ის რამდენიმე ვიდეო წაშალა, ხოლო ორგანიზაციის ვებსაიტიდან ამ დრომდე შეუძლებელია Facebook-ზე მასალის გაზიარება. ვვარაუდობთ, რომ მობილიზებული ექსტრემისტული ჯგუფები, კვირას, 12 მაისს გამართული „ქვიარ დების გარბენის“ შემდეგ გააქტიურდნენ, მიიღეს რა ინფორმაცია გარბენის და ორგანიზატორების შესახებ რამდენიმე ონლაინ გამოცემის საშუალებით.

WISG-ის ფეისბუქ გვერდიდან წაშლილია რამდენიმე თვის წინ განთავსებული ფემინისტური მედიათეკის ვიდეო ეპიზოდები, მათგან ერთერთი საქართველოში ანტი-გეი აღლუმების ისტორიიას მიმოიხილავს, თუ როგორ სარგებლობენ დაინტერესებული აქტორები - სახელმწიფო, ეკლესია, ექსტრემისტული ჯგუფები და ბოლო წლებში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ფსევდო-მხარდამჭერები - ლგბტ აქტივისტების მიერ საჯარო სივრცის დაკავებისთვის ბრძოლის პროცესში.

ასევე წაშლილია ის რამდენიმე ეპიზოდიც, რომლებიც 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში განვათავსეთ ფეისბუქზე და რომლებიც ტრანსგენდერობისა და ინტერსექსის საკითხებს ეხება მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებსა და რელიგიებში.

ვიდეოეპიზოდები სრულად ხელმისაწვდომია WISG-ის Youtube არხზე.

რამდენადაც ფეისბუქზე რეპორტინგი ანონიმურია და გვერდის ადმინისტრატორისთვის მიუწვდომელია ინფორმაცია თუ ვის მიერ, როდის, რის საფუძველზე, რა სიხშირით და რაოდენობით მოხდა მასალის დარეპორტება, მომხდარის შესახებ გუშინ მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინეთ, რაც WISG-ის ფეისბუქ გვერდზე მასალების განთავსებისას, სოციალური მედიის ადმინისტრატორმა აღმოაჩინა, რომ ვიდეო განყოფილებიდან „გაქრა“ ზემოხსენებული ეპიზოდები, ხოლო პირად გვერდზე გაზიარებულ იმავე მასალას ეწერა, რომ „კონტენტი მიუწვდომელია“, რადგან ის ფეისბუქის საზოგადოებრივ სტანდარტებს არღვევს.

ვვარაუდობთ, რომ აქტიურად რეპორტდებ(ოდ)ა არამარტო ზემოთხსენებული მასალა, არამედ ორგანიზაციის მთელი Facebook გვერდი და WISG-ის ვებ-გვერდიდან ფეისბუქზე გაზიარებული ბმულებიც, რამაც გამოიწვია ის, რომ ფეისბუქმა საფრთხედ აღიქვა გვერდის და ვებ-საიტის დასახელებები: wisg.org და www.women.ge. WISG-ის თანამშრომლებმა ეს მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც Facebook-ის მესენჯერში კომუნიკაციისას, მცდელობას, დაეწერათ ეს დასახელებები, სისტემა ბლოკავდა და ადრესატამდე არ უშვებდა, იმავე შეტყობინებით, რომ ამ კონტენტის გავრცელება ეწინააღმდეგება მის საზოგადოებრივ სტანდარტებს.

Facebook ამ დრომდე არ გვაძლევს საშუალებას მასალა გავაზიაროთ ოფიციალური საიტიდან.

ოფიციალურად, ფეისბუქის პლატფორმაზე ვიდეოების განთავსებისას, პლატფორმა თავად აკეთებს ატვირთული მასალის რევიზიას მის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, რათა თავიდან აიცილოს ძალადობის შემცველი, ან ფეისბუქის საზოგადოებრივი სტანდარტების დამრღვევი მასალის გავრცელება. წინააღმდეგობრივი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, ფეისბუქი ბლოკავს ატვირთულ კონტენტს და ის აღარ ქვეყნდება აუდიტორიის წინაშე.

WISG-ის ყველა ზემოხსენებულმა ვიდეომაც, გვერდის ადმინისტრატორის მიერ მათი ატვირთვის შემდეგ, ოფიციალურად ეს პროცესი გაიარა, ფეისბუქის მიერ დადასტურდა და აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო მონაცემებით, ყველა მათგანს 10 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

თუმცა, რეალობა ისაა, რომ ფეისბუქის კონტენტის მონიტორინგის სისტემას უამრავი ხარვეზი აქვს და პლატფორმა ვერ ახერხებს ეფექტურად რეაგირებას. სულ უფრო ხშირდება საჩივრები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აქტიურად იყენებენ მსოფლიოს მასშტაბით ამ პლატფორმას სხვადასხვა ექსტრემისტული თუ ნაცისტური ჯგუფები.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ BBC ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ფეისბუქი დაადანაშაულეს ექსტრემისტული კონტენტის ავტომატურად გენერირებაში. პლატფორმამ არამარტო ვერ უზრუნველყო ალ-ქაიდას გვერდების და აქტიური ნაცისტური ჯგუფების მიერ გავრცელებული ექსტრემისტული კონტენტის ამოცნობა და გაუვნებელყოფა, არამედ უარესი - ავტო-გენერირების ფუნქციით, თავად შექმნა ექსტრემისტული ჯგუფებისთვის ე.წ. „მისალოცი“ და „მოგონების“ ვიდეოები, რასაც პლატფორმა ავტომატურად აკეთებს ხოლმე, როცა ფეისბუქზე გვერდს ან მასზე განთავსებულ კონტენტს აქვს ბევრი ნახვა და მოწონება.

Facebook-ის ხელმძღვანელობა, ლამის ყოველღიურ რეჟიმში იხდიან ბოდიშებს და აცხადებენ, რომ აქტიურად ებრძვიან ე.წ. „ფეიქ ნიუსებს“ და „ფეიქ პროფილებს“- ბოტებს, რომლებსაც ექსტრემისტული და პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფების მრავალრიცხოვანი არმია ქმნის. თუმცა, ფაქტია, რომ სისტემა დიდი წარმატებით ვერ აკონტროლებს სიძულვილის, ძალადობის და მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის ნაკადს, რომელიც მისსავე პლატფორმაზე ვრცელდება.

ფეისბუქის ქართულ სივრცეშიც ახალი არაა მრავალათასიანი გვერდები და ჯგუფები, რომლებიც რასისტულ, ანტი-ფემინისტურ, ჰომოფობიურ, ნაცისტურ და სიძულვილისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველ მასალას უწყვეტ რეჟიმში ავრცელებენ.

ქვიარ და ფემინისტური ჯგუფები მუდმივად ვცდილობთ მსგავსი შინაარსის გვერდების და მათ მიერ გავრცელებული მასალის დარეპორტებას. ჩვენ ასევე კარგად მოგვეხსენება, როგორ აქტიურად მობილიზდებიან ასეთი ჯგუფები ბოლო წლებში, განსაკუთრებით მაისის თვეში, და სიძულვილის და აგრესიის ტალღებს ავრცელებენ ქვიარ ადამიანების მიმართ. მეტიც, ეს ჯგუფები საპასუხო რეპორტინგსაც აქტიურად მიმართავენ, მრავალათასიანი ჯგუფების მობილიზებით.

ასეთ დროს, ფეისბუქი უნდა იყოს ის არბიტრი, რომელიც აკონტროლებს ერთი მხრივ განთავსებული მასალების შინაარსებს, მეორე მხრივ მასალების რეპორტინგის მიზეზებს.

თუმცა, ჩვენი გუშინდელი გამოცდილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სისტემა ეფექტურად ვერ ახერხებს ერთი მხრივ, ექსტრემისტების მიერ გავრცელებული მასალის მონიტორინგს, და მეორე მხრივ ასეთი ჯგუფების მიერ დარეპორტებულ მასალებს.

პლატფორმა ეფექტურად მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა რეპორტების რაოდენობა დიდია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქვიარ, ფემინისტური და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სხვა ჯგუფები, Facebook-ის სივრცეში იმავე მდგომარეობაში ვართ, როგორც 2013 წლის 17 მაისს პარლამენტის წინ შეკრებილი მცირერიცხოვანი ქვიარ აქტივისტები, აგრესიული და ძალადობისკენ მომართული ადამიანების მრავალათასიანი ჯგუფის წინ მდგარნი ვიყავით.

შარშან, როდესაც ქვიარ სათემო ორგანიზაციებს 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, დაანონსებული აქციის გაუქმება სწორედ ზემოხსენებული მობილიზებული აგრესიის გამო მოგვიხდა ფიზიკურ სივრცეში, „ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა“ ონლაინ-აქცია დააანონსა, რომლის იდეა იყო, აქტივისტებს სიმბოლურად მოგვენიშნა თავი (ე.წ. Check-in) პარლამენტის წინ. იდეა ვერ განხორციელდა აქციამდე რამდენიმე საათით ადრე „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” გვერდზე აქტიური კიბერშეტევის გამო, რამაც გამოიწვია გვერდის და მისი რამდენიმე ადმინისტრატორის პირადი ფეისბუქ ანგარიშის რამდენიმე საათით დაბლოკვა.

12 მაისს მომხდართან დაკავშირებით WISG-მა ფეისბუქს უკვე გაუგზავნა ვრცელი შეტყობინება, უკუკავშირის ფორმის საშუალებით. თუმცა არ ვიცით, ექნება თუ არა შეტყობინებას შედეგი იმ პირობებში, როცა აშკარაა, რომ FACEBOOK ვერ უმკლავდება, ერთი მხრივ, მისსავე პლატფორმაზე განთავსებულ უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადს და მეორე მხრივ, სულ უფრო მზარდ საჩივრების რაოდენობას მისი მუშაობის და კონტროლის არაეფექტურობის შესახებ.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" ცდილობს დაუკავშირდეს კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს და იურისტებს, რათა დაგვეხმარონ ფეისბუქის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის წარსამართავად, რომლის საფუძველიც მიგვაჩნია, რომ შეიძლება იყოს FACEBOOK-ის მიერ ჰომოფობიური სიძულვილის ენის გავრცელებაში ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობა და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი აქტივისტური ჯგუფების საქმიანობაში ხელის შეშლა.