search close
picture განცხადება

ევროკავშირის კომისიას გადამწყვეტი პერიოდი უდგას ყოვლისმომცველი ლგბტი სტრატეგიის შესამუშავებლად - ILGA-Europe

20 სექტემბერი 2019

„ევროპა სახიფათო გზაჯვარედინზე იმყოფება და სწორედ ამიტომ ეს გადამწყვეტი პერიოდია, რათა კომისიამ მომდევნო ხუთი წლისთვის ყოვლისმომცველი ლგბტი სტრატეგია მიიღოს“, აცხადებს ILGA-Europe, ევროკავშირში ლგბტი თანასწორობის წინსვლასთან დაკავშირებით, ფინეთის პრეზიდენტობის კონფერენციის წინ.

23 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს ფინეთის პრეზიდენტობა და ევროკომისია „ევროკავშირში ლგბტი თანასწორობის წინსვლის თაობაზე: 2020 წლიდან და შემდგომ“ მაღალი დონის კონფერენციას უმსასპინძლებს წევრი ქვეყნების, ევროპის პარლამენტის, ევროკომისიის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სპიკერების თანხლებით. კონფერენციის დებატები და დისკუსიები გამოავლენს სამომავლო პოლიტიკურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირში ლგბტი თანასწორობის წინწაწევას.

კონფერენცია ტარდება იმ პერიოდში, როდესაც ლგბტ ადამიანების უფლებებისადმი წინააღმდეგობა, ანტი-ლგბტ სიძულვილის რიტორიკის ზრდასთან ერთად, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ დემოკრატიას და ძირს უთხრის ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება და ადამიანის ღირსება.

გასული წლის განმავლობაში, პოლონეთის ლგბტი თემი პოლიტიკური დაპირისპირებების შუაგულში შეითრიეს, რომელიც აღვივებს სიძულვილს, აქეზებს ძალადობას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ევროპის არჩევნების, და ახლა უკვე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევების წინა პერიოდში, პოლიტიკური აქტორები პოლონეთის წამყვანი პარტიიდან „კანონი და სამართალი (PiS)“ - მათ შორის მთავრობის მინისტრები - დემონიზაციის კამპანიას ეწევიან ლგბტი თემის წინააღმდეგ, და ამავდორულად მხარს უბამენ კონსერვატორ რელიგიურ ლიდერებს.

მოვლენათა ამგვარი განვითარება არა მხოლოდ პოლონეთში აღინიშნება. ევროპაშიც და მსოფლიოს გარშემო, მკვეთრად მოიმატა სიძულვილმა და დანაწევრებამ, რომლის სამიზნეშიც ხშირად ისეთი მარგინალიზებული ჯგუფები ექცევიან, როგორიცაა ლგბტი ადამიანები, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში რეგრესული კანონმდებლობის წარდგენაც კი ხდება. ბულგარეთში გაუქმდა ოფიციალურ დოკუმენტებში ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სახელის და გენდერის მარკერის შეცვლის საშუალება. ხორვატიაში, მთავრობამ ვერ მოახერხა თანასწორობის სამოქმედო გეგმების განახლება.

ამასობაში, ბულგარეთის, უნგრეთისა და თურქეთის მთავრობებმა ვერ შეძლეს ისეთი ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განმტკიცება, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ლგბტი პრაიდის ღონისძიებებზე და უფლებადამცველების გაერთიანების თავისუფლება და დაცულობა.

ანტი-ლგბტი დისკურსი და კანონმდებლობა სულ უფრო მეტად იჭრება გლობალურ პოლიტიკურ სცენაზე და გავლენას ახდენს საზოგადოებებზე, მას ავრცელებენ პოპულისტი ლიდერები, რომლებიც პოლიტიკური მოგების მიზნით თესავენ შიშს და აღვივებენ შეუწყნარებლობას. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, რომელიც ევროკავშირის წლის ერთერთი კულტურული დედაქალია, პოლიტიკოსებმა ლგბტ გამოფენის გასაუქმებლად გაილაშქრეს. ულტრა-მემარჯვენე პარტიის „Vox“ თავდასხმები ლგბტი უფლებებზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მრავალწლიან პოლიტიკურ კონსესუსს საკითხზე ესპანეთში, რომელიც 2005 წელს მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაშვების მხრივ.

ლგბტი თემთა თავისუფლება და უფლებები ევროკავშირის დემოკრატიისა და ღირებულებების ლაკმუსის ქაღალდია და ამ უფლებებისა და თავისუფლების შენარჩუნება ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების არსია.

სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ გადამწყვეტ პერიოდში კომისია მყარად დადგეს ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და არ მისცეს სახელმწიფოების უმცირესობას ევროკავშირის ღირებულებების მოსპობის და შერყევის უფლება. ახლა, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, დროა კომისიამ შეიმუშავოს ყოვლისმომცველი ლგბტი სტრატეგია, რომელიც სრულიად ინტერსექციული იქნება და პარლამენტს და სამოქალაქო საზოგადოებას რჩევისათვის მიმართავს, თუ როგორ გახადოს ლგბტი უფლებები მეინსტრიმული თავისი პროგრამების ფარგლებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

ევროკავშირის ლგბტი სტრატეგია, შემუშავებული და მიღებული ევროკავშირის კომისიის პოლიტიკური ლიდერების მიერ, გასცემდა ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს, რომ ევროკავშირი არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააძლიერებს კიდეც ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვასა და წინსვლას ევროკავშირში. ამასთანავე, ის დაეხმარებდა ევროკომისიის გენერალურ მმართველობას, იგრძნოს მხარდაჭერა არსებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისაში და დაგეგმოს ინიციატივები და ქმედებები, რომელიც ლგბტი ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის განვითარებას მოემსახურება.

შესაძლოა, მთავრობების მხოლოდ მცირე ნაწილი იხევს უკან ლგბტი უფლებებისა და თავისუფლების მხრივ, და ერთვება სიძულვილის რიტორიკაში, მაგრამ ისინი საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოების უფრო მსხვილ ნაწილს, რომელიც ადამიანის უფლებებს უჭერს მხარს ევროპისა და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ პერიოდში.

ILGA-ევროპას აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ პარადისის, თქმით: "ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა და სხვა ძალები ევროკავშირის ფარგლებში ღიად აქცევენ ზურგს ლგბტი და სხვა უმცირესობების უფლებებს, რათა დემოკრატია და მრავალფეროვნება „ტრადიციული ღირებულებებით“ ჩაანაცვლონ. მათი ხმები შეიძლება ძლევამოსილია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ წევრი სახელმწიფოების უმეტესობას სურს უწყვეტი პროგრესი იხილოს ევროპაში ლგბტი ადამიანების თანასწორობის მიმართულებით.

"ლგბტი თემის უფლებები და თავისუფლება ცალკე არ დგას ყველა იმ ადამიანის უფლებისგან და თავისუფლებისგან, ვინც ევროპაში ცხოვრობს და ამ უფლებების უგულებელყოფა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მოსპობას აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, ახლა, მეტად ვიდრე ოდესმე, გვჭირდება რომ შემდგომმა ევროკომისიამ ევროკავშირის დონის ლგბტი სტრატეგია შეიმუშავოს."

წყარო: ILGA-Europe

თარგმნა ანა ითონიშვილმა