search close
picture განცხადება

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

31 მარტი 2021

2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.

 

განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის ქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით.

 

აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

ამასთან, აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს,[1] ის ზღუდავს იმ ტრანსი ადამიანების გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლებას, რომელთაც არ სურთ ჩაიტარონ ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურები და რაიმე ტიპის ინვაზიური ჩარევა მოახდინონ საკუთარი სხეულის ავტონომიაში.

 

WISG მრავალი წელია მუშაობს სახელმწიფოში არსებული პრაქტიკის შეცვლის მიზნით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესის დაურეგულირებლობა ზრდის ტრანსი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ.

  

2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრმა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უარს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის თაობაზე სტრასბურგში ასაჩივრებენ. განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს.


ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკერის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მამრობით გენდერთან იდენტიფიცირების შესაბამისად, უარყოფილ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. გადაწყვეტილება კი დასაბუთდა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების ასახვა.[2] სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

[1] ევროპულმა სასამართლომ ფრანგული საქმის განხილვისას დაადგინა, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა (მუხლი 8, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ECHR).[1]