search close
picture განცხადება

WISG და სახალხო დამცველი ტრანსგენდერი ქალების უმაღლეს განათლებაზე შეუფერხებელი წვდომისთვის

28 მაისი 2021

WISG-ის მიმართვის შედეგად, სახალხო დამცველმა განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის ზოგადი წინადადება გამოსცა.

 

WISG-მა სახალხო დამცველს ტრანსი ქალის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე მიმართა, რომელსაც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. სახალხო დამცველისთვის მიმართვის შემდგომ დისკრიმინაცია აღმოიფხვრა და ქალმა აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეძლო სწავლის დაწყება.

სახალხო დამცველმა გაითვალისწინა WISG-ის პოზიცია, რომ პრობლემა სისტემურია და განაგრძო საქმის შესწავლა. იმის გამო, რომ გენდერის მარკერის შეცვლა შეუძლებელია პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებში, ტრანს ქალებს ეკისრებათ ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ პირების მიმართ, რომელთა სქესის შესახებ ჩანაწერიც „მამრობითია“.

საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია და შეაფასა მთელი რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ტრანსი ქალებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას წარმოშობს.

სახალხო დამცველი ზოგად წინადადებაში აღნიშნავს, რომ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლი ტრანსგენდერ ქალებს პირდაპირ არ უწესებს შეზღუდვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვაზე. თუმცა, გენდერის აღიარების სამართლებრივი მექანიზმის არარსებობიდან გამომდინარე, ისინი იმგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც ვალდებულნი არიან, შეასრულონ იმ პირთა მიმართ განსაზღვრული მოთხოვნა, რომელთა სქესის შესახებ ჩანაწერიც „მამრობითია“ მაშინ, როცა მათი გენდერული იდენტობა (ქალი) არ შეესაბამება მათთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს (მამრობითი). შედეგად, უმაღლეს განათლებაზე წვდომის უფლების მქონე სხვა აბიტურიენტებისგან განსხვავებით, ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრებას და ამავდროულად, განათლებაზე უფლების რეალიზებას“.

სახალხო დამცველმა 2021 წლის 19 მაისს ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიაროს წინამდებარე ზოგადი წინადადება და მიაწოდოს ინფორმაცია, რომ აბიტურიენტების/სტუდენტების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესში პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული სქესის მიხედვით განსაზღვრული ფორმალური წინაპირობების გათვალისწინების ნაცვლად, დანერგონ მოქნილი მექანიზმები/მიდგომები უმაღლეს განათლებაზე ტრანსგენდერი ქალების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად“.

WISG-ი და საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საკითხი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას სცილდება, თუმცა ქვეყანაში გენდერის სამართლებრივი აღიარების სათანადო მექანიზმის დანერგვამდე უმნიშვნელოვანესია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გაითვალისწინონ არსებული პრაქტიკის ნეგატიური შედეგები და დანერგონ მოქნილი მიდგომა უმაღლეს განათლებაზე ტრანსი ქალების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.