search close
picture

სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმის განხილვა 23 თებერვლისთვის გადაიდო

26 იანვარი 2016

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმის განხილვა 23 თებერვლის 15:30 საათისთვის გადაიდო. იმის გამო, რომ დღეს, 26 იანვარს, 16 საათზე სასამართლოს სხვა სხდომა ჰქონდა ჩანიშნული, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მოსმენილი ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა 2013 წლის საქმეში გამართლებული სამი მოქალაქისა და ერთი სასულიერო პირის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე), ტიტალ დავრიშიანის, ბექა სალუქვაძისა და გიორგი ბასიაშვილის წინააღმდეგ.

ბრალდების მხარემ დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა და საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული სასულიერო პირი და სამი მოქალაქე 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

პროცესზე წარმოდგენილი იყო "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომლის მოსმენაც მხარეთა შესავალი სიტყვის მოსმენის შემდეგ გაიმართება.

სააპელაციო სასამართლო 2013 წლის 17 მაისის საქმეში გამართლებული სასულიერო პირისა და სამი მოქალაქის საქმეზე მხარეთა შესავალ სიტყვებს 23 თებერვალს მოისმენს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი გაამართლა.