search close
picture განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ტატიშვილის სარჩელი გამოაქვეყნა

9 თებერვალი 2016

საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით განსახილველად შესული სარჩელები გამოაქვეყნა. მათ შორისაა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის სარჩელი ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით.

“ვიზგის” ადვოკატი, ციალა რატიანი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დაუშვებლად ცნობს. რატიანის თქმით, სარჩელში არ არის მითითებული კონკრეტული ფიზიკური პირის უფლების დარღვევის ფაქტი და მისი დადასტურება.

“უცნაური სარჩელია, ბევრი აპელირებააა ეკლესიურ სამართალზე და ძველ კანონებზე, ლამის მე-12 საუკუნიდან. მაგრამ არ არის მითითებული კონკრეტული ფიზიკური პირის უფლების დარღვევა და ამის დადასტურება, რაც აუცილილებელია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად. ამის გამო, ვვარაუდობ, რომ სასამართლო, მაღალი ალბათობით, დაუშვებლად სცნობს სარჩელს,” – ამბობს “ვიზგის” ადვოკატი, ციალა რატიანი.

მოქალაქე გიორგი ტატიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ელექტრონული ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვლს ლგბტ ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს და ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს გაემიჯნენ. ლგბტ ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ტატიშვილის უკან ის პრო-რუსული და რელიგიური ძალები დგანან, რომლებიც ანტი-ლგბტ რიტორიკით გამოირჩევიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – “ვიზგი – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ლგბტ საქართველო”, “იდენტობა” და “თემიდა” – საზოგადოებას მოუწოდეს, არ დაიჯეროს თითქოს ეს ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდიოდეს და არ მოახდინოს გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება.