search close
picture გზამკვლევი

სახელმძღვანელო პრინციპები სექსუალური უმცირესობის პირებთან ფსიქოლოგიური პრაქტიკისათვის

23 ნოემბერი 2021

წინასიტყვაობა

სექსუალური უმცირესობა მრავალფეროვან პოპულაციას წარმოადგენს და მოიცავს ლესბოსელ, გეი, ბი+ (მაგ. ბისექსუალი, პანსექსუალი, ფლუიდური) და ასექსუალურ ორიენტაციებს[1]. სექსუალური უმცირესობის პირებთან ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები ფსიქოლოგებს უზრუნველყოფს: (1) ცხოვრების მანძილზე სექსუალური უმცირესობის კლიენტებთან აფირმაციული ფსიქოლოგიური პრაქტიკისთვის განკუთვნილი სამუშაო ჩარჩოთი (მაგ. ინტერვენცია, ტესტირება, შეფასება, დიაგნოსტირება, განათლება, კვლევა და ა.შ.) და (2) ცოდნითა და მითითებული ლიტერატურით აფირმაციული ინტერვენციის, შეფასების, იდენტობის, ურთიერთობების, მრავალფეროვნების, განათლების, მომზადების, ადვოკატირების და კვლევის საკითხების შესახებ. წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები აგრეთვე აღიარებს, რომ სექსუალური უმცირესობის ზოგიერთ პირს განსხვავებული გენდერული იდენტობები და გამოხატვა აქვს (მაგ. ტრანსგენდერი, არაბინარული გენდერი ან გენდერფლუიდური).

წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები მესამედ გამოიცემა. გამოცემა ეფუძნება ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოთერაპიისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) 44-ე დანაყოფის/სექსუალური ორიენტაციის და გენდერული მრავალფეროვნების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოთერაპიისთვის, 2000) და ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის შემუშავებულ განახლებულ სახელმძღვანელო პრინციპებს (APA-ს 44-ე დანაყოფის/ლესბოსელთა, გეების,ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა საკითხე კომიტეტის სამუშაო ჯგუფი სახელმძღვანელო პრინციპების გადასინჯვისთვის, 2012). წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები შეიქმნა სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბების და შეფასების კრიტერიუმებით (APA, 2002) განსაზღვრული პროცესის მიხედვით და APA-ს (2017) ფსიქოლოგთა ეთიკურ პრინციპებთან და ქცევის კოდექსთან (მათ შორის 2010 და 2016 წლის შესწორებებთან) შესაბამისობაშია.

საჭიროება

სექსუალური უმცირესობის ადამიანებთან ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო პრინციპები ფსიქოლოგებს ეხმარება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობაში. იმ მნიშვნელოვანი მიღწევებიდან გამომდინარე (იხ. დანართი A), რომელიც ფსიქოლოგიის მეცნიერებასა და სექსუალურ უმცირესობებთან აფირმაციულ ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში გვხვდება, სახელმძღვანელო პრინციპების ხელახალი გადასინჯვა აუცილებლობას წარმოადგენს. ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის შემუშავებული სახალმძღვანელო პრინციპების (2012) გადასინჯული ვერსიის გამოცემის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური უმცირესობის ადამიანებზე გამოქვეყნებული სრულფასოვანი კვლევების რაოდენობა, გარდა ამისა განხორციელდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური ცვლილებები როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დიდი ხანია განხილვის საგანია, გაფართოვდა და მეცნიერებმა სექსუალურ უმცირესობებთან მომუშავე ფსიქოლოგებისთვის რელევანტური სფეროები აითვისეს. ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილი წინა სახელმძღვანელო პრინციპები გამოყენებულ იქნა პრაქტიკაში, კადრების მომზადებაში და საჯარო პოლიტიკაში როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. APA-ს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული მრავალფეროვნების ოფისმა სახელმძღვანელო პრინციპების წინა ვერსიები თარგმნა არაბულ, ჩინურ, ჩეხურ, უნგრულ და ესპანურ ენებზე, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების გლობალურ მართებულობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს.


[1] ადამიანის იდენტობის კომპონენტი, რომელიც მეორე ადამიანის მიმართ სექსუალურ და ემოციურ მიზიდულობას მოიცავს, იმ ქცევასთან და სოციალურ აფილაციასთან ერთად, რომელიც შესაძლებელია ამ მიზიდულობას მოჰყვეს შედეგად. ადამიანი, შესაძლოა, მიზიდულობას განიცდიდეს კაცის, ქალის, ორივეს, არცერთის, ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც გენდერქვიარი, ანდროგინური, ან სხვა გენდერული იდენტობისაა. ინდივიდები, შესაძლოა, იდენტიფიცირდებოდნენ როგორც ლესბოსელი, გეი, ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი, ქვიარი, პანსექსუალი, ასექსუალი და ა.შ. (APA, 2015a).