search close
picture პოლიტიკის დოკუმენტი

ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში

27 ოქტომბერი 2015

პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში, საკმაოდ მწვავეა: გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სქესის კვლავმინიჭების საკითხებთან დაკავშირებული პროცესების დაურეგულირებლობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და მოწყვლადს ხდის მათ საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური დანაშაულების მიმართ. თავის მხრივ, სტიგმა, უმუშევრობა, სიღარიბის რისკები, კიდევ უფრო ხელმიუწვდომელს ხდის ჯანდაცვის იმ სერვისებით სარგებლობას, რომელთა გავლაც აუცილებელია გენდერის ლეგალური აღიარებისათვის. ამგვარად, იქმნება ერთგვარი მანკიერი წრე, რომლიდან თავის დაღწევაც ძალიან ძნელია.

ამასთან, გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სამედიცინო ტრანზიციის პროცესის (პირის ფიზიკური მახასიათებლების მის გენდერთან შესაბამისობაში მოყვანა) ერთმანეთზე მიბმა ქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით. ამგვარი პრაქტიკის შემთხვევაში სრულიად იგნორირებულია ტრანსგენდერობის ფართო სპექტრი და ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება არასასურველ და საჭიროებას მოკლებულ სამედიცინო ჩარევებსა (ბევრ ქვეყანაში ეს მოიცავს სტერილიზაციას) და გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის.

წინამდებარე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის შეფასება, პრობლემური საკითხების გამოვლენა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავება რელევანტური ინსტიტუციებისათვის.

ამასთან, წინამდებარე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტში ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის კონცეფცია არაა შევიწროვებული მხოლოდ ტრანზიციისათვის საჭირო სამედიცინო პროცედურებით. ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები მოიცავს სერვისების უფრო ფართო სპექტრს, როგორებიცაა დაცვა და რესურსები, რომელიც ტრანს ადამიანებს სჭირდებათ ჯანმრთელი ცხოვრებისათვის უსაფრთხო საზოგადოებაში. ეს მოიცავს პირველად და სხვა ზრუნვის სერვისებს, ისევე, როგორც ჯანმრთელობის სოციო-ეკონომიკურ დეტერმინანტებს: გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებული პოლიტიკა, სიღარიბე, უმუშევრობა, უსახლკარობა და მიმღეობა საზოგადოების მხრიდან.

წინამდებარე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის პირველი რიგის ამოცანაა გენდერის ლეგალური აღიარებისა და ტრანსსპეციფიკური სამედიცინო მომსახურების იმგვარად გამიჯვნა, რომ ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, მიღწეული იქნას მაქსიმალური შესაბამისობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ამასთან, გადაიდგას პირველი ნაბიჯები ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.