search close
picture ღონისძიება

ფემინისტური ფორუმი 2025 - ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა: შემო/ქმედება და მედეგობა ინფორმაციული ასიმეტრიის ეპოქაში

გამართვის თარიღი : 25 ივნისი 2025

ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა: შემო/ქმედება და მედეგობა ინფორმაციული ასიმეტრიის ეპოქაში


ტექნოლოგიების შესახებ თეორიული პერსპექტივები, თუ ყოველდღიურობაში მიმობნეული ხედვები, უმეტესად, ორობითი დაყოფებით ნაწარმოებ ბურუსშია გახვეული. ბუნებრივისა და ხელოვნურის, რომანტიზებისა და დემონიზების,  ხსნისა და გარდაუვალი, სახეობრივი სასრულობის, თუ სხვა დუალობებით გაჟღენთილი აზროვნება ტექნოლოგიას რადიკალურ “სხვად”  მონიშნავს,  იმად რაც, ხან ჩვენი მოხელთებისა და მოხმარების საგნად გვესახება, ხანკი იმ ფატალისტური, დისტოპიური მომავლის წინაპირობად, რომელშიც ადამიანის ბედი, თუ როლი გაურკვეველია და  კითხვისნიშნის ქვეშ დგას. 


დუალისტურ პერსპექტივებში ჩაღვრილი შიშიცა და იმედიც ართულებს და გვაშორებს იმ რეალობის კრიტიკულ მოხელთებას, რომელშიც გასული საუკუნიდან დღემდე, ტექნოლოგია ჩვენს სხეულებრივ, სოციო-პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, თუ ეკონომიკურ ყოფას სულ უფრო სქელ სარჩულად ეფინება და მის  განსაზღვრას ცდილობს. 


ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვით გვინდა ერთი მხრივ, უფრო ფართოდ და კრიტიკულად შევხედოთ ჩვენი და ტექნოლოგიის თანაარსებობის მრავალშრიანობას - როგორ თანამონაწილეობს ტექნოლოგია ჩვენი სხეულების, სენსორული და კოგნიტური უნარებისა თუ იმპულსების ფორმირებაში; რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ის კოლექტიური, თუ სახეობრივი კავშირების, სოლიდარობისა და წინააღმდეგობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. 

მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიებზე ფემინისტური პერსპექტივიდან ფიქრის ნაწილად გვესახება რეორიენტირების მცდელობა, ჩამოვაყალიბოთ დუალიზმის მიღმა მდგომი, ხელახალი მიმართებები, რომელიც ამჩნევს და აღიარებს თანამედროვე, გლობალურ ტექნო- და ინფორმაციულ კაპიტალიზმში, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რისკებსა და ძალაუფლებრივ ასიმეტრიებს, მაგრამ ამავდროულად ცდილობს მოიკვლიოს ის სისტემური გარღვევები -  ნაპრალები, საიდანაც ახლებური კავშირების შესაძლებლობა ამოიზრდება. 


 ***


წლევანდელი, რიგით მეოთხე ფემინისტური ფორუმის თემატური ორიენტირი გენდერის, ძალაუფლებისა და ტექნოლოგიის ურთიერთმიმართებაა - ტექნოლოგიის, რომელიც ჩვენს ყოფაში ფუნდამენტურად შეზრდილი და ამავდროულად, ფანტომური ნაწილია; და რომლის შესახებ კრიტიკული ფიქრის, ცოდნის წარმოებისა და გაზიარების შესაძლებლობაც ჩვენს რეალობაში, მათ შორის ფემინისტურ წრეებსა და დისკურსში, ნაკლებად გვაქვს. 

 

ფორუმი აუდიტორიასთან დიალოგით იხსნება, რისი საშუალებითაც გვინდა ნულოვანი წერტილიდან, თანამონაწილეობითი პრინციპით, ერთად მოვხაზოთ და განვსაზღვროთ ის, თუ სად და როგორ შემოდის ტექნოლოგია ჩვენს აწმყო, კოლექტიურ და ინდივიდუალურ  ყოფაში.


ფორუმის მეორე დღე უბრუნდება და გვაცნობს სხვადასხვა დროსა და მოცემულობაში დაგროვილ ფემინისტურ ცოდნას, რომელიც არამხოლოდ ტექნოლოგიის ავკარგიანობას აანალიზებს, არამედ იკვლევს და მოხაზავს როგორც მისით გაშუალებულ შრომით, სოციალურ, თუ კულტურულ წესრიგს, ასევე გადაიაზრებს დუალისტური (მათ შორის გენდერული) ხედვის მიღმა მორჩენილ პოტენციალს, რომელიც  ფემინიზმის სუბიექტს მუდმივი ქმნადობისა და კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობის მქონედ სახავს. 


ამავე დღის ფარგლებში ვიმსჯელებთ ხელოვნებაში, კინოსა და ლიტერატურაში წარმოსახული მომავლის ფემინისტურ პერსპექტივაზე, რომელიც ტექნოლოგიას მასკულინიზებისა და მილიტარიზებისგან დაიხსნის და შესაძლებელს გახდის სხვაგვარ - გენდერულად და სოციალურად თანასწორ - წესრიგს.


ფორუმის დასკვნითი, მესამე დღე ორ ძირითად თემატურ მიმართულებას მიუყვება. დღის პირველი ნაწილი მოხაზავს იმ ძალაუფლებრივ ასიმეტრიასა და ახალ კლასობრივ სისტემას, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების როლის ზრდას ახლავს თან. შევეხებით პარალელურად მიმდინარე სხვა, თუმცა დაკავშირებულ პროცესსაც  -  ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელ უსწრაფეს განვითარებას და მის გამოცხადებულ გარდამტეხ გავლენას ცხოვრების არაერთ სფეროზე.  


ციფრულ ეკოსისტემაში აწ უკვე ფესვგადგმული ან ფორმირების პროცესში მყოფი ძალაუფლებრივი ასიმეტრიების მოხაზვის შემდგომ, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი სახელოსნოები გაგვაცნობს იმ პრაქტიკულ ცოდნას, უნარებსა, თუ ციფრულ ხელსაწყოებს, რომელიც აღნიშნულ ველში, თვითორგანიზებული  ცოდნის წარმოებისა და გავრცელების, კოლექტიური თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის შესაძლებლობას უწყობს ხელს. 



დღის მეორე და ფორუმის დასკვნითი ნაწილი კი გააერთიანებს იმ ადგილობრივ და გლობალურ ცოდნასა და გამოცდილებებს, რომლებიც ციფრულ მედიას პოლიტიკის, პროპაგანდისა და წინააღმდეგობის წარმოების ერთ-ერთ წამყვან ველად განიხილავს. 


ფორუმის სამივე დღეს გასდევს შემოქმედებითი კომპონენტი, რომელთა ნაწილი, თემატიკის გარშემო გაჟღერებულ თეორიულ, თუ აქტივისტურ პერსპექტივებს, ირიბად მაინც ეხმიანება, თუმცა ამ აზრების, შეგრძნებებისა და გამოცდილებების განსხვავებულ არტიკულირებას გვთავაზობს.  


მთლიანობაში, წლევანდელი ფორუმი, თემატური სიმრავლით ცდილობს შექმნას საკვლევი და საფიქრალი სივრცე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიის, ძალაუფლებრივი და ინფორმაციული ასიმეტრიის ეპოქაში მედეგობისა და შემო/ქმედების სივრცეებს მონიშნავს. 


ფემინისტური ფორუმი 2025-ის დღისწესრიგი  

დღე I  -  4 ივლისი

ფორუმის გახსნა და მისალმება 

დრო: 18:00 - 19:00

დიალოგი I - ტექნოლოგიის კოლექტიური წარმოსახვა

დრო:  19:00 - 20:30 პროექტის პრეზენტაცია: არქივის დეფრაგმენტაცია - ქართული ქვიარ ინტერნეტი 
დრო: 20:30 - 21:00  
დღე II  -  5 ივლისი

რეგისტრაცია და დილის ყავა: 

დრო: 10:30-11:00


I პანელი
დღის მიმოხილვა და თარგმანების წარდგენა: ტექნოლოგიის გარშემო არსებული ფემინისტური ხედვები, მათი ტრანსფორმაცია და არსებული ლიმიტები

დრო: 11:00-12:30

შესვენება - 12:30 - 13:00


II პანელი - ადამიანი და არა-ადამიანი ტექნოლოგიასთან ქმნადობაში: სხეული, იდენტობა და მეხსიერება

დრო: 13:00 - 14:30 


სადილი - 14:30 - 15:30


პარალელური სახელოსნოები:
დრო: 15:30 - 17:30 


1) კვლევა რისკის ქვეშ OSINT პრაქტიკა ადგილობრივ კონტექსტში (სარეგისტრაციო ბმული)
2) საზოგადოებრივი თვითმმართველობა ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით (სარეგისტრაციო ბმული)

შესვენება - 17:30 - 18:00 


III პანელი - ტექნო-უტოპიები: გენდერის ფორმირება და რეპრეზენტაცია ხელოვნებაში, ლიტერატურასა და კინოში

დრო: 18:00 - 19:30

შესვენება - 19:30 - 20:00 


პერფორმანსი:მაჩვენე შენი ჭრილობები”

დრო: 20:00 დღე III  -  6 ივლისი


რეგისტრაცია და დილის ყავა
დრო: 12:00-12:30


I პანელი

დღის მიმოხილვა და თარგმანების წარდგენა: ახალი კლასები, “ახალი ინტელექტი”, თუ საერთოდ, ახალი სახეობა? - ფიქრი, შემეცნება და შრომა /დეზ/ინფორმაციის და ხელოვნური ინტელექტის დროებაში

დრო: 12:30 - 14:00


მოხსენება I -  ინფორმაციის გზა - ვინ ფლობს და ყიდის ჩვენს მონაცემებს? 

დრო: 14:00 -15:00

სადილი - 15:00-16:00 


II პანელი:  ციფრული ეპოქის ავტორიტარიზმი: კონტროლი, წინააღმდეგობა და მედიის როლი

დრო: 16:00 -18:00

შესვენება - 18:00 -18:30


III პანელი: გენდერი, ძალაუფლება და აქტივიზმი ციფრულ ეპოქაში 

დრო: 18:30 -20:00

დახურვის სიტყვა და შესვენება პერფორმანსამდე 

დრო: 20:00 -20:30


დახურვის აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი

დრო: 20:30 ფორუმზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.