search close
picture განცხადება

გაეროს ექსპერტის რეკომენდაციები საქართველოში ლგბტქი პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

25 ოქტომბერი 2018

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, რომელიც საქართველოში 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა, WISG-ის ორგანიზებით, ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტისას ლგბტქი თემის წევრებს შეხვდა და უშუალოდ მოისმინა თემის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.

დასკვნითი განცხადება, რომელიც ბორლოზმა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, ასევე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მოიცავს შეფასებებსა და რეკომენდაციებს მთავრობის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, შინაგანა საქმეთა სამინისტროს, სასამართლოსა და ეკლესიის მიმართ.

რეკომენდაციებში ბორლოზი რამდენიმეგან დაეყრდნო WISG-მიერ მიწოდებულ მონაცემებსა და კვლევებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლგბტქი თემის სპეციფიკური საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში, ან გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშულების ეფექტური გამოძიება.

ექსპერტმა განცხადებაში მრავალგზის აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და საკანონმდებლო სიტუაციის გაუმჯობესებისა, სახელმწიფოში ჯერ ეფექტურად ვერ მუშაობს ამ ცვლილებათა აღსრულების მექანიზნები, რომლებიც ლგბტქი ადამიანთა უფლებების რეალურ დაცვას უზრუნველყოფდა და მათ სამედიცინო თუ სხვა სახის საჭიროებებს დააკმაყოფილებდა.

მაგალითად, ანტი-დისკრიმინაციული კანონის მუშაობასთან დაკავშირებით, სადაც ბორლოზი ასევე დაეყრდნო WISG-ის მიერ 2017 და 2018 წლებში თავმოყრილ საქმეებს, მან აღნიშნა, რომ მსგავსი მონაცემების წარმოება და გამოძიების სწორად წარმართვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, იქნება ეს საგამოძიებო თუ სასამართლო, ეფექტურად ვერ ხერხდება.

„ჩემი ვიზიტის ფარგლებში ყველა უწყებიდან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები იშვიათად უთითებენ ზემოხსენებულ ნორმაზე სხვადასხვა შემთხვევებში, ხოლო სასამართლოები კი არასდროს იყენებენ მას სექესუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შემთხვევებში. ნათელია, რომ ლგბტ პირები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგებიან, როდესაც ისინი საჩივრით მიმართავენ პოლიციას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის პირველ რგოლს წარმოადგენს.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბორლოზმა მსგავს პრობლემებზე მიუთითა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შემთხვევაშიც. მისი შენიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წინა წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა „სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტების დროულ და ეფექტიან გამოძიებას” და “სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს”, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების საფუძველზე, ექსპერტმა განაცხადა, რომ კონცეპტუალური ჩარჩო ან სისტემები, რომლებიც იძლევიან მონაცემთა დახარისხების საშუალებას, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.

„ვწუხვარ, რომ ამ საქმეში ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხების ასახვა უფრო ნელა მიიწევს წინ, ვიდრე ამას მთავრობა იმედოვნებდა. ჩანს, რომ ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისკენ მიმართული ზომები, ისევე როგორც მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები, მხოლოდ ჰეტერონორმატიული პერსპექტივით იქნა შემუშავებული და ნაკლები ყურადღება დაეთმო იმ რეალობას, რომელშიც ამ თემს უწევს ცხოვრება.“ - განმარტავს ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი.

გაეროს ექსპერტმა ცალკე გამოყო 17 მაისს IDAHOT დღის აღნიშვნის თემა, და თუ როგორ აისახება ლგბტქი ადამიანთა ზოგად მდგომარეობაზე ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, თემის მიმართ სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ გამოხატვის თვისუფლების ფუნდამენტური უფლების ხელყოფას. ამ ნაწილში ბორლოზს შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სასულიერო პირთა მიმართ.

სრული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ბორლოზის შეფასებებსა და რეკომენდაციებს საკანონდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, ასევე სამედიცინო, საგანმანათლებლო და სასულიერო უწყებების მიმართ, შეგიძლიათ იხილოთ ქართულ ენაზე ამ ბმულზე.