12 ნოემბერს, დაახლოებით დილის 2 საათზე, გმირთა მოედის ტერიტორიაზე ორ ტრანსგენდერ ქალს შვიდამდე უცნობი ადამიანი თავს დაესხა და სასტიკად სცემა. ერთ-ერთი დაზარალებული “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია.
თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ, ტრანსფობიური განწყობაა, რადგან დაზარალებული იხსენებს, რომ მერსედესის მარკის ავტომობილიდან გადმოსული ადამიანები, ყოველგვარი საუბრის ან შელაპარაკების გარეშე, აგრესიული ჰომო/ტრანსფობიური შეძახილებით და გინებით, პირდაპირ გაემართნენ მისკენ.
დაზარალებულს ასევე ახსოვს, როგორ იგრძნო უკნიდან მძიმე საგნის ჩარტყმა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. ამის შემდეგ, თავდამსხმელებმა მას სახის არეში მრავლობითი დარტყმა მიაყენეს.
შემთხვევის ადგილიდან თავდამსხმელები პატრულის ეკიპაჟის მისვლამდე გაიქცნენ.
ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორივე მათგანს დაუდგინდა ტვინის შერყევა. WISG-ის საველე ოფიცერს სახის არეში მიყენებული აქვს მრავლობითი დაჟეჟილობა, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები და თვალი.
გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე მუხლით.
საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს. უკანასკნელი წლების განლავლობაში ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ფიზიკური თავდასხმა მოხდა, რომელთაგან 2 შემთხვევა ტრანსგენდერი ქალების გარდაცვალებით დასრულდა.