12 ნოემბრის ღამეს გმირთა მოედნის ტერიტორიაზე ჯგუფური თავდასხმის შედეგად დაზარალებული ტრანსგენდერი ქალებიდან ერთ-ერთი “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერი ნატა ტალიკიშვილია.
დღეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი - 1994 წელს დაბადებული პიროვნებაა, მესამე კი - 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანია. მეოთხე პირის დაკავების მიზნით ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
შსს-ს განმარტებით: “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.”
ამჟამად გამოძიება 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. თუმცა, დაზარალებულების სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საქმე შესაბამისი მუხლით გადაკვალიფიცირდება, ხოლო გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი კი, ბრალის წაყენებისას, დამამძიმებელი გარემოება უნდა გახდეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაზარალებულს ამჟამად არ შეუძლია გადაადგილება და მუშაობა. ამასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფი ნატასთვის აგროვებს თანხას.
დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
GE20TB7447445061600013
მიმღები: ქეთევანი ხუციშვილი
დანიშნულება: ნატასთვის