search close
picture განცხადება

კატო მიქელაძის პრემიის 2018 წლის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი ნატა ტალიკიშვილი გახდა

30 ნოემბერი 2018

29 ნოემბერს, ქალი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს, კატო მიქელაძის სახელობის 2018 წლის პრემიის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი WISG-ის საველე ოფიცერი, ნატა ტალიკიშვილი გახდა. ქალთა ფონდმა ნატას ჯილდო სამომავლო საქმიანობის მხარდასაჭერად გადასცა. ამასთანავე, ნატა პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

ფემინისტი ტრანსგენდერი ქალი, უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან", სადაც ის ამჟამად საველე ოფიცერია და მუდმივად ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, განსაკუთრებით კი, სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ახდენს ჯგუფის საჭიროებების პირველად შეფასებას და საჭიროებისამებრ, ამისამართებს ორგანიზაციის სხვადასხვა სერვისთან. ნატას ნომინირებისას, ქალთა ფონდმა აღნიშნა, რომ "გარდა მუშაობის დროს გაწეული დახმარებისა, იგი წლების მანძილზე, სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარ სახლში იფარებს რეგიონებიდან ჩამოსულ უსახლკარო ტრანსგენდერ ქალებს, ზრუნავს მათ დასაქმებასა და ჯანმრთელობაზე."

პრემიის მიღებისას, სამადლობელ სიტყვაში, ნატამ აღნიშნა, რომ გადაცემული ფულადი ჯილდოთი ის ერთე-ერთ ტრანსგენდერ ქალს დაეხმარება.

ქალთა ფონდი მეექვსე წელია პრესტიჟულ პრემიით აჯილდოვებს ფემინისტ აქტივისტებს, რომლებიც საქართველოში ქალთა გაძლიერებისთვის იბრძვიან. პრემიის წლევანდელი მიმღები იდა ბახტურიძეა, "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" და "ქალთა მოძრაობის ჯგუფის" აქტიური წევრი, ასევე პოპულარული პლატფორმის "ქალები საქართველოდან" თანაავტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფემიციდისა და ქალების პოლიტიკური ჩართულობის საკითხების წინ წამოწევაში.

აღსანიშნავია, რომ კატო მიქელაძის სახელობის პირველი ჯილდო 2013 "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელმა ეკა აღდგომელაშვილმა მიიღო.

წლევანდელი დაჯილდოვება და სამადლობელი სიტყვები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/womenfundgeorgia/videos/513317222508216/