search close
picture განცხადება

ტრანს პერფორმანსი "ღამე და დღე" - წარმოდგენის შესახებ

6 დეკემბერი 2018

5 დეკემბერს, „საქსეს“ ბარში, ტრანს თემმა, არტისტ მარეიკე ვენცელთან თანამშრომლობით, იმპროვიზაციული პერფორმანსი „ღამე და დღე“ წარმოადგინა. პერფორმანსის სიუჟეტი მონაწილეებმა ერთობლივად დაამუშავეს და მითოლოგიური პერსონაჟები 45 წუთით თანამედროვე საქართველოში გაითამაშეს.

წარმოდგენის მიხედვით, „ტარტაროზი“ („საქსეს“ ბარი) ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი (ქალ)ღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს.

მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.

წარმოდგენის მონაწილეთათვის მარეიკე ვენცელთან მუშაობა უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. როგორც პერფომანსის თანა-ავტორებმა, მათ ტრანს თემის ყოველდღიური ცხოვრება, იმპროვიზაციული და ინტერაქციული ელემენტების უხვი გამოყენებით, ჯერ რელობიდან სცენაზე გადაიტანეს, შემდეგ კი სცენიდან რეალობას დაუბრუნეს.

ტრანს პერფორმანსი „ღამე და დღე“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მოწვეულ არტისტებსა და ტრანს თემს შორის თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძლებს.