აღმოსავლეთ ევროპული კოალიცია ლგბტ + თანასწორობისათვის შეშფოთებას გამოსთქვამს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების დევნის განახლებულ ტალღასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს/ჯგუფებს დაგვეხმარნონ ინფორმაციის გავრცელებაში. ამასთან, იმისათვის, რომ აქტივისტებმა შეძლონ დაზარალებულთა და პოტენციურ მსხვერპლთა ევაკუაციის პროცესის გაგრძელება, ვთხოვთ, მცირე შემოწირულობა გაიღონ შემდეგ ბმულზე.
საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ წარმართული დევნის საკითხი, რომელიც ბოლო წლებშიც აქტიურად გრძელდება. ხაზგასასმელია რუსეთში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ორგანიზაცია „რუსეთის ლგბტ ქსელის“ აქტივისტების უპრეცედენტო ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა, ისე თავდასხმაში დაზარალებული პირებისა და პოტენციური მსხვერპლების სიცოცხლის გადარჩენა.
აღნიშნული ძალისხმევის შედეგად ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისტემური ძალადობა მაღალი დონის პოლიტიკური აღიარების საგანი გახდა, თუმცა არა რუსეთის მთავრობის მხრიდან. 2018 წლის ივნისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2230, რომელიც, მათ შორის, ეძღვნება ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციას და მისი მოგვარების გზას. 2018 წლის დეკემბერში ეუთოს ჰუმანური განზომილების ეგიდით ამოქმედებულ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, მომზადდა და გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ასევე ადასტურებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების დევნის საკითხს და პრობლემის გადასაჭრელად რიგ რეკომენდაციებს გვთავაზობს.
საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერალური მთავრობის მხრიდან ორწლიანი სიჩუმის შემდეგ, 2018 წლის 28 დეკემბერს, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა და „რუსეთის ლგბტ ქსელმა“ კვლავ მიიღეს ინფორმაცია ჩეჩნეთის მთავრობის მხრიდან ლგბტ თემზე განახლებული თავდასხმების შესახებ. ამჟამად, დაუზუსტებელი ინფორმაციით ორმოცამდე ადამიანია დაკავებული, ხოლო 2 - წამების შედეგად გარდაცვლილი. ეს რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია, რის გამოსავლენადაც აქტივისტები ცდას არ აკლებენ.
აღმოსავლეთ ევროპული კოალიცია ლგბტ+ თანასწორობისთვის მოუწოდებს ყველას ვისაც ზემოაღნიშნული საკითხი აწუხებს, გაავრცელოს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ და შემოწირულობით დაეხმაროს რუსეთის ლგბტ ქსელს, რომელმაც 2017-2018 წლებში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან 150-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე მოახდინა. თქვენი კონტრიბუციით მეტად დაეხმარებათ აქტივისტებს სიცოცხლის გადარჩენაში.
აქვე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომ:
- ღიად აღიაროს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ თემზე სისტემური თავდასხმების რეალობა და მიჰყვეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს ძალადობის შეჩერების და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით;
- უზრუნველყოს იმ ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების უსაფრთხოება, ვინც პირადი რისკის ხარჯზე ნათელი მოჰფინა ზემოხსენებულ საკითხს, დაიცვა დევნის მსხვერპლნი და პოტენციური სამიზნენი;
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებს, მთავრობათაშორის ინსტიტუციებს, რომ:
- როგორც ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2230 რეზოლუციაში (მუხლი 8.1):’’მიიღეთ ადამიანები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იდევნებიან მათი რეალური ან მიჩნეული სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დევნილთა შესახებ 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, მიეცეთმათ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები.
- მიიღონ ყველა საჭირო ზომა უსაფრთხო ჰუმანიტარული კორიდორის გახსნისთვის ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მომავალი ლგბტ დევნილებისთვის;
- განაგრძონ დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის მთავრობაზე და მოითხოვონ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოძიება;
- მხარი დაუჭირონ ადგილზე მომუშავე აქტივისტებს და უზრუნველყონ საჭირო რესურსებით, რათა მათ განახორციელონ დაზარალებულების და პოტენციური მსხვერპლების სამშვიდობოს გამოყვანა;
- გაითვალისწინონ, რომ დაუსჯელობა (რასაც ფედერალური მთავრობის სიჩუმე განაპირობებს) და ეროვნული კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმების პირდაპირი უგულვებელყოფა, რასაც ჩეჩნეთის მთავრობა ახორციელებს აღნშნული დევნისათვის, უაღრესად საზიანო და სახიფათოა იმ ლგბტ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ, რამეთუ ამ ფენომენმა შესაძლოა გავრცელება ამა თუ იმ ფორმით აქაც ჰპოვოს.