search close
picture განცხადება

ფემინისტური ფილმების ფესტივალი - როზადან სიმონამდე - 2019 წლის გამოშვება

8 მარტი 2019

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG), 8-დან 10 მარტამდე, გიწვევთ ფემინისტური ფილმების ფესტივალის „როზადან სიმონამდე“ 2019 წლის გამოშვებაზე.

ქალის სხეული, ქვიარ სხეული, სხეული და მისი ("შეზღუდული") შესაძლებლობა - ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2019 წლის გამოშვების განსაკუთრებულ ფოკუსში სხეულია - არა(მხოლოდ) როგორც ანატომიური ფენომენი, არამედ როგორც პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, გენდერული და სხვა იდენტობების მქონე სუბიექტი. ამ მრავალგანზომილებიან სუბიექტს აქვს სექსუალობა - მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ადამიანის თვითაღქმაში, მისი პიროვნების ფორმირებასა და რეპრეზენტაციაში - რომელზეც მუდმივად ზემოქმედებს შიდა და გარე კონტექსტები.

ჩვენი კინოპროგრამის გაბედული რეჟისორები ახერხებენ ადამიანის სხეულში და მის გარეთ არსებული შეზღუდვები და შესაძლებლობები, მათი როლი სექსუალობის ჩამოყალიბებასა და თვითაღქმაში, ერთი მხრივ ემპათიით, სიფრთხილით და სენსიტიურობით გამოიკვლიონ, მეორე მხრივ კი, რადიკალური გამოწვევებით და შიშველი გულწრფელობით მიგვიძღვიან ამ ფუნდამენტურ მოგზაურობაში.

ფესტივალის პროგრამა

8 მარტი

19:00 - "ქალგმირები (3 ამბავი)" | საქართველო*
ანიმაციურ ფილმად გაცოცხლებული ალტერნატიული ისტორია XVIII საუკუნეში მცხოვრები სამი უჩვეულო სიძლიერის და სიმამაცის მქონე ქალისა - თამარ ვაშლოვნელი, თინა წავკისელი და ანა ბაჯი.
*ჩვენების შემდეგ გამართება ფილოსოფოსის და გენდერი მკვლევარის ლელა გაფრინდაშილის ლექცია.
განახლება: ანიმაციური ფილმი ქალგმირები (3 ამბავი) უკვე ხელმისაწვდომია ბმულზე:


9 მარტი

16:00 - "სიყვარული, სექსი და როკ'ნ'ოლის ეტლი" | გერმანია | სუზანა ვიუსტნეკი*
დოკუმენტური ფილმის 4 პროტაგონისტი გვაჩვენებს როგორც ცხოვრობენ - თვითგამორკვეულნი, გამბედავად და ტაბუების გარეშე. ოთხივეს ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ეს მათ ცხოვრებაში ხელს არ უშლის. გმირები ერთმანეთს ეროტიკულ ვორქშოფზე ხვდებიან - თვითგამორკვევის ინსტიტუტში.
*ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია რეჟისორ სუზანა ვიუსტნეკთან.
განახლება:
იხილეთ ანე ჭეიშვილის ინტერვიუ სუზანა ვიუსტნეკთან:

18:00 - "კნუტები" & "კავშირი" | უკრაინა | ჟანა ოზირნა
ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმები ლესბოსელი წყვილის ურთიერთობის განვითარებას აკვირდება, კამერა კი თითქმის ყოველთვის ჩართულია - მაშინაც როცა სიტუაცია სახალისოა და მაშინაც, როცა - დაძაბული. გმირის მცდელობა, შეინარჩუნოს პარტნიორთან ურთიერთობა და მეორე მხრივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ხელახლა იპოვოს მის წევრებთან კავშირი, რეალურ ცხოვრებაში განცდილი ამბებია.

10 მარტი

18:00 - "არ შემეხო!" | რუმინეთი, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბულგარეთი, საფრანგეთი | ადინა პინტილიე
რეჟისორი და მისი გმირები ერთვებიან პერსონალურ პროექტში, რაც სიახლოვის კვლევას ითვალისწინებს. სინამდვილესა და წარმოსახვას შორის მკრთალ საზღვარზე ფილმი ლორას, თომასის და ქრისტიანის ცხოვრების მიმართ ღრმა ემპათიით გაჯერებულ ემოციურ მოგზაურობას წარმოგვიდგენს. ისინი ისწრაფვიან სიახლოვისკენ, მაგრამ გულის სიღრმეში ეშინიათ ამისი. ისინი ცდილობენ დაძლიონ ძველი სტერეოტიპები, თავდაცვის მექანიზმები და ტაბუ, რომ საბოლოოდ თავისუფლება მოიპოვონ.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" მოხარულია წარმოგიდგინოთ კინოფესტივალის ჩვენებების ახალი ადგილი - ბარი "პოლიტიკა". მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 164