2021 წლის 16 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“, ააიპ “იდენტობისა” და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) ერთობლივ საქმეებზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (WOMEN'S INITIATIVES SUPPORTING GROUP AND OTHERS v. GEORGIA, app.nos. 73204/13 74959/13) კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.
აღნიშნული საქმე შეეხებოდა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (აიდაჰო) განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომჩივნები გეგმავდნენ მშვიდობიანი აქციის გამართვას, რომლის მიზანი იყო საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა საქართველოში ლგბტქი დისკრიმინაციის მიმართ. 2013 წლის 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ვერ შედგა, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ შეძლო აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რადიკალურად განწყობილი კონტრ-დემონსტრანტების ჯგუფის ქმედებები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე მომჩივანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ეფექტიანი ზომები ლგბტ ადამიანების დასაცავად კონტრდემონსტრანტებისგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯეროვნად იყო ინფორმირებული ამგვარი რისკის მოსალოდნელობის შესახებ. გარდა ამისა, მტკიცებულება, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურ წაქეზებას/შეთანხმებას განხორციელებულ ძალადობის აქტებთან დაკავშირებით. სასამართლომ, ასევე, დაადასტურა, რომ განხორციელებული ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბზე ზეგავლენა მოახდინა ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელმაც ვერ ჩაატარა დროული და ობიექტური გამოძიება ლგბტ თემზე წარსულში განხორციელებული თავდასხმების თაობაზე და მიუთითა საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლომ დარღვევა 2015 წელს დაადგინა.
სახელმწიფოს მომჩივანთა სასარგებლოდ 193,500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. იმავდროულად, გადაწყვეტილება ითვალისწინებს მთელ რიგ ზოგად ზომებს, რომელთან დაკავშირებითაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები მომავალში კომუნიკაციას აწარმოებენ მინისტრთა კომიტეტთან, როგორც გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველ საერთაშორისო ორგანოსთან.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ააიპ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი