ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ფემინისტური ცოდნის კალათა დღეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების კიდევ ერთ ფილიალში, ვაკის მედიათეკაში განთავსდა.
WISG-ის და ბიბლიოთეკების გაერთიანებას შორის ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, ფემინისტური ცოდნის კალათა უკვე 5 ფილიალშია: ვარკეთილის, ვაკის და ნაძალადევის მედიათეკებსა და მირზა გელოვანის (ვაჟა-ფშაველას გამზ. 99) და აკაკი წერეთლის სახელობის (ი. ჭავჭავაძის გამზ. 24) ბიბლიოთეკებში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზება და ამის საუკეთესო გზად ფემინისტურ ცოდნაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდა მიგვაჩნია. ვფიქრობთ, ბიბლიოთეკები სწორედ ისეთ უნიკალურ საჯარო სივრცეებს წარმოადგენს, სადაც ადამიანებს ცოდნის თავისუფალად მიღებისა და მიმოცვლის შესაძლებლობა აქვთ.
სწორედ ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორად მოვიაზრეთ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, რომელიც ენთუზიაზმით შეხვდა თანამშრომლობის ინიციატივას.
WISG-ის ფემინისტური ცოდნის კალათაში თავმოყრილია ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში გამოცემული მასალები: კვლევები, ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტები, გზამკვლევები, ვიდეო-ესეები გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე, მხატვრული ანიმაციური ფილმები ისტორიის მიერ მიჩქმალული ქალების შესახებ, ღია ბარათები, რომლებიც ჩვენი სახელოვნებო თანამშრომლობით შექმნილი ფემინისტური და ქვიარ კამპანიების, გამოფენების, ინსტალაციების, წარმოდგენა-პერფორმანსების განსაკუთრებულ კადრებს ინახავენ.
ფემინისტური ცოდნის კალათა იქნება მუდმივად განახლებადი და დროთა განმავლობაში დაემატება ორგანიზაციის მიერ წარმოებული პუბლიკაციები და მედია-პროდუქტები.
კალათების მომზადებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „სტუდიო + -„-ს და დიზაინერ ელენე ჟორჟოლიანს.