search close
picture განცხადება

რეგისტრაცია ღიაა! ფემინისტური ფორუმი (6-9 ოქტომბერი 2022) - სხეული და გარემო: ზრუნვის ორგანიზების, წინააღმდეგობის და სოლიდარობის ფემინისტური იდეები და პრაქტიკა

9 სექტემბერი 2022

2022 წლის 6-9 ოქტომბერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ თბილისში ფემინისტურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

ფემინისტური ფორუმი არის ინიციატივა უსაფრთხო სივრცის და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან დააკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანს ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების,  კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით, ინტერსექციური და  სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ფორუმის წლევანდელი თემატიკა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისა და მათთვის, ვისაც აინტერესებს კულტურის კვლევების, ფსიქოლოგიის, ურბანისტიკის, ეკოლოგიის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სოციალური კვლევის გენდერული ასპექტები.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი იხილეთ ქვემოთ.

ფორუმში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 2022 წლის 30 სექტემბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

*აქვე, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ და შესაბამის გრაფაში მაქსიმალური სიზუსტით მიუთითოთ დასწრების თქვენთვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობა. დაშვებისას უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც სურს, ფორუმს სრულად დაესწროს. 

დამატებითი ინფორმაციით 2022 წლის 30 სექტემბრამდე ეტაპობრივად დაგიკავშირდებით.

ფემინისტური ფორუმი 2022 წელს ტარდება ქალთა ფონდთან თანამშრომლობითა და ჰაინრი ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.


ფორუმში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ღიაა 2022 წლის 30 სექტემბრამდე!


ფემინისტური ფორუმის დღის წესრიგი

გახსნა, 6 ოქტომბერი, 16:00 სთ.-დან 19:00 სთ.-მდე

თემა: ქალ-ღვთაებები ქართულ ფოლკლორში.

მომხსენებელი: ხათუნა თავდგირიძე.

ქალ-ღვთაებების კალენდრის პრეზენტაცია.

წარმდგენი: ეკა აღდგომელაშვილი.

პირველი დღე, 7 ოქტომბერი, 10:00 სთ.-დან 18:30 სთ.-მდე

დღის თემა: ზრუნვის ორგანიზების გენდერული ასპექტები 

გარდა იმისა, რომ პატრიარქალურ კაპიტალიზმში ქალების  მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში რეპრესირებული, დაუფასებელი და შეუფასებელია, პატრიარქატი კონტროლს ამყარებს მისსავე წესრიგში ქალურად მონიშნულ სფეროებზეც. დომინანტური პატრიარქალური დისკურსი საუკუნეების მანძილზე ჩქმალავდა და განდევნიდა მეხსიერებას ქალურად განსაზღვრული სპეციფიკური ზრუნვის პრაქტიკების შესახებ. კაპიტალისტურმა შრომითმა დანაწილებამ, ერთი მხრივ, კოლექტიური ზრუნვა ადამიანებსა და გარემოზე ქალების უხილავ და აუნაზღაურებელ შრომად ჩამოაყალიბა, მეორე მხრივ, კი, ზრუნვის მიღება პრივილეგიად და ეკონომიკური მოგების საგნად აქცია.

ფორუმის პირველი დღის ფოკუსში ექცევა ტრადიციულ კულტურებში ზრუნვის ის პრაქტიკები, რომელიც ქალთა სპეციფიკურ ისტორიას ქმნის. გვჯერა, რომ ამ გამოცდილების შესახებ ცოდნის შეგროვება, გავრცელება, ყოფასა და პოლიტიკაში მათი ფუნდამენტური მნიშვნელობის აღიარება, და იმის ანალიზი, თუ როგორ მიემართება ზრუნვის შრომა გენდერს, კლასს, რასას, კრიტიკული მნიშვნელობისაა ტრანსფორმაციული, მდგრადი ცვლილების გზით სოციალური სამართლიანობის მისაღწევად.

მომხსენებლები ფემინისტური პერსპექტივიდან ისაუბრებენ ქალთა ზრუნვის, თანამონაწილეობის და ორგანიზების პრაქტიკებზე ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში, ინდივიდუალურ, სათემო და ორგანიზაციულ დონეზე

თემა: ქალთა ზრუნვისა და თანამონაწილეობის პრაქტიკები საქართველოს მთიანეთში. ომხსენებელი: ლელა გაფრინდაშვილი.

თემა: მთიან აჭარაში მლხენელების მცენარეული პრაქტიკები. მომხსენებლები: ნინო ხუროშვილი, მაია დარჩიძე.

თემა: „დალხენის“ და „მლხენლის“ ცნებები და შესაბამისი პრაქტიკები საქართველოში. მომხსენებელი: თამთა მელაშვილი.

თემა: კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვის ინტეგრირება ორგანიზაციის მართვაში. მომხსენებლები: ეკა წერეთელი და ნინო ხარჩილავა.

თემა: კონცეფციის „სამართლიანობა კურნებისთვის“ წარმომავლობა და სტრატეგიები პრაქტიკაში. მომხსენებელი: კარა ფეიჯი.


მეორე დღე, 8 ოქტომბერი, 10:00 სთ.-დან 18:30 სთ.-მდე

დღის თემა: სივრცის დაკავების, დაბრუნების და შექმნის ქვიარ ფემინისტური ხედვა

სივრცის ფემინისტური გააზრება ცდება ფიზიკურად განსაზღვრული ადგილ-მიდამოს კონცეფციას. სივრცის კრიტიკული გადააზრების ეს მიდგომა გულისხმობს ძალაუფლებრივი სისტემების მიერ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური დღის წესრიგიდან სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფთა გამორიცხვის შესახებ ცოდნის შექმნასა და ანალიზს. დღის წესრიგიდან გამორიცხვაა ის, რასაც ფემინისტური პერსპექტივიდან სივრცის შეზღუდვას ვუწოდებთ და რაც, თავის მხრივ, თვითგამოხატვისა და თანამონაწილეობის შესაძლებლობის წართმევას გულისხმობს. დომინაციისა და ჩაგვრის ეს თავისებურება განაპირობებს სპეციფიკურ მატრავმირებელ სხეულებრივ, ფსიქო-ემოციურ და სოციალურ პროცესებს ინდივიდებისა თუ ჯგუფებისათვის.

ფორუმის მეორე დღეს მსჯელობის საგანია ზემოთ აღწერილი ურთიერთმიმართებების ანალიზი კონკრეტულად ურბანულ კონტექსტში: როგორ მანიფესტირდება ჩაგვრა ურბანულ სივრცეში ქალებისა და ქვიარებისთვის და რა შეიძლება იყოს დომინანტური იერარქიული წესრიგის ტრანსფორმაციული, ფემინისტური ალტერნატივა. ამასთან, მომხსენებლები და პანელური დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ სივრცის მოკავებისა და შექმნის აქტივისტურ სტრატეგიებზე

კვლევის პრეზენტაცია: "ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება". მომხსენებლები: სალომე შიუკაშვილი, გიორგი კანკია. მოდერატორი: მანანა მალაღურაძე

სადისკუსიო პანელი ქვიარ ფემინისტი აქტივისტების გამოცდილების შესახებ ურბანულ სივრცეში. მონაწილეები: ეკა წერეთელი, ნინო ხარჩილავა, სოფო ბასილაძე და მარი კურტანიძე. მოდერატორი: ნუკრი ტაბიძე.

გამოცდილების გაზიარება: საჯარო შენობების დაკავება სათემო საჭიროებებისთვის - სამოქალაქო აქტივისტები აზერბაიჯანში. მომხსენებლები: კოლექტივი “სალამ სინემა”.

სადისკუსიო პანელი ურბანული სივრცისა და ქალების ურთიერთმიმართების შესახებ. მონაწილეები: ნანო ზაზანაშვილი, თინათინ ხომერიკი, თათა ვერულაშვილი. მოდერატორი: ნატალია მჭედლიშვილი.

ფილმის ჩვენება: „ინდიანარა“ (ბრაზილია, 2019).  


მესამე დღე, 9 ოქტომბერი, 10:00 სთ.-დან 19:00 სთ.-მდე

დღის თემა: კურნება. სამართლიანობა სხეულისთვის

სხეული, როგორც ჩვენი ავთენტური გამოცდილების მატარებელი და ჩვენი არსების მანიფესტირების ინსტრუმენტი, მუდმივ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან, მის სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ მდგენელებთან. ეს ურთიერთქმედება კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ყოფას პერსონალურ და ინტერპერსონალურ დონეზე, პირად თუ საჯარო სივრცეში.

სხეული არის ერთ-ერთი სამიზნე პატრიარქატისა და კაპიტალიზმისა, რომელიც სტანდარტიზებისა და შეზღუდვის რეპრესიული პოლიტიკის წარმოებით მანიპულაციისა და ექსპლუატაციის ობიექტად აქცევს მას. ამ კონტექსტში სპეციფიკურია ქალების, ქვიარების, ტრანს და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების გამოცდილება, სხეულის აღქმა და მისი გათავისუფლების ფორმები.

ფორუმის მესამე დღეს დავუთმობთ სხეულს და მედიუმად არა მხოლოდ ვერბალურ მსჯელობებს, არამედ მოძრაობით ტექნიკებსაც გამოვიყენებთ - ინდივიდუალური რიტმის მოსმენით ვკონცენტრირდებით ჩვენი არსის ფიზიკურ განზომილებაზე. დღის განმავლობაში შევაჯამებთ აქტივიზმში არსებულ სხეულებრივ გამოცდილებებს და გავაანალიზებთ სხეულის დისკრიმინაციის, კონტროლისა და დისციპლინირების სისტემებს ფემინისტური და ქვიარ პერსპექტივიდან. 

ცეკვის სემინარი: კომუნიკაცია სხეულის მოძრაობით (ქორეოგრაფიული კომპოზიციის მომზადება და პრეზენტაცია) გაუძღვება: ნათია ჩიკვაიძე.

თემა: სამართლიანობა სხეულისთვის. მომხსენებლები: მილენა აბრაჰამიანი და დაფნე ერდური.

თემა: სხეულები და ქრონიკული ტკივილი -  დამალვა, შიში და განკურნება. მომხსენებელი: მარიამ ჭანჭალეიშვილი.


ფორუმში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ღიაა 2022 წლის 30 სექტემბრამდე!