search close
picture განცხადება

10 წლის შემდეგ, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებელი კვლავ არავინაა, დაზარალებულის სტატუსს 28 ადამიანი ელოდება

17 მაისი 2023

2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ამ დღის გამოცდილებასთან დაკავშირებული კოლექტიური ტრავმული მეხსიერება, რომელსაც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (IDAHO, აიდაჰო) [1] მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე აქტივისტები, ისევე როგორც, ზოგადად ქვიარ თემის წევრები 10 წელია ინახავენ, დღემდე საზოგადობრივად გაუზიარებელი და სახელმწიფოს მხრიდან  არაღიარებულია.

ზომების მიღება, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, არასოდეს ყოფილა რეალური პრიორიტეტი ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისთვის“ - დამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ შეფასებას, რომელსაც ვკითხულობთ 2021 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზექალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ[2], ნათლად ადასტურებს ის მოცემულობაც, რომ ამ დროისათვის, ეროვნულ დონეზე, ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული არავინაა, ხოლო დაზარალებულის სტატუსი კი, საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, 2013 წელს, პროკურატურამ მხოლოდ 5 ადამიანს მიანიჭა. დღეს, 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ 28 ადამიანი, რომელთაც WISG- უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოძიების წინაშე წარმოადგენდა, კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას  და 332- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

ამასთან, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების მოპოვების და დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების მიმართულებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე WISG- ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკასა და რიტორიკაზე დაკვირვება უფრო  ნათლად გვაჩვენებს ფართო სურათს: ქართული ოცნების ხელისუფლების რეალური პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა ხანგრძლივი მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მიზოგინიისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის გატარება. 

ამას აჩვენებს 2022-2023 წლებშისაქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე (2022−2030 წლებისთვის)“ მუშაობის პროცესიც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით წარიმართა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი ჯგუფი ნახსენებიც კი არ არის. აღნიშნულს ცხადია მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი უფლებრივი საჭიროებები უგულებელყო და სტრატეგიის არაინკლუზიური დოკუმენტი დაამტკიცა[3].

შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს და მათ მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან დისკრიმინაციის მსხვერპლად განიხილავს. ესადგილის მიჩენის სტრატეგიაუკიდურესად ართულებს ქვიარ ადამიანების სოციო-ეკონომიკური გამოწვევების, მათ შორის უმუშევრობის და სიღარიბის, გენდერის სამართლებრივი აღიარების, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით წლების მანძილზე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საპასუხო პოლიტიკის ადვოკატირებას.

მეტიც, ბოლო პერიოდში ხელისუფლება არამხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ უთხრის ძირს იმ პროგრესს, რასაც გასულ ათწლეულში ქვიარ-ფემინისტური სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდამჭერების ძალისხმევით ინსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით მივაღწიეთ ქვიარ ადამიანების საბაზისო უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არამედ ანტი-გენდერული პოლიტიკით გაერთიანებულ ულტრა-მემარჯვენე ქსელს უერთდება[4] და პოლიტიკური პოპულიზმის იარაღად იყენებს ლგბტქი საკითხებს  და, მათ შორის, ტრანს ადამიანების საჭიროებებს.[5]

გამოყენებული ფოტო: სოსო დუმბაძის ვიდეოინსტალაციიდან "ყვითელი ავტობუსი", 2018


[1] აკრონიმი IDAHO მოგვიანებით განივრცო და ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (IDAHOBIT) სახელით ჩამოყალიბდა https://may17.org/

[2]  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივრები 73204/13 და 74959/13), 16 დეკემბერი, 2021 წელი. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5443506?publication=0


[3] საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ

[4] „ყალბი თავისუფლების თავსმოხვევა" - ღარიბაშვილის ჰომოფობიური და ტრანსფობიური განცხადება უნგრეთში”, პუბლიკა, 04 მაისი, 2023, “https://publika.ge/yalbi-tavisuflebis-tavsmokhv-gharibashvilis-homofobiuri-da-transfoboiuri-ganckhadeba-ungretshi/

 [5] „გენდერის და სქესის გადაკეთების გამო" - ღარიბაშვილის დეზინფორმაცია (PES)-ის შესახებ”, პუბლიკა, 09 მაისი, 2023,