search close
picture განცხადება

ვენეციის კომისიის დასკვნა ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო კანონპროექტზე

4 ივლისი 2024

პარლამენტში ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით მიღებამდე ერთი დღით ადრე, 25 ივნისს, გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის შეფასება საკონსტიტუციო კანონპროექტზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”. კომისიის დასკვნის მიხედვით, კონსტიტუციური კანონის პროექტი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და პირიქით, აღვივებს ცრურწმენებს და სტერეოტიპებს ქვიარ ადამიანების მიმართ.


კომისიამ გააანალიზა კანონშემოქემდებითი პროცესი და უარყოფითად და არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია კონსტიტუციური კანონის ე.წ. “საყოველთაო-სახალხო განხილვები”. კომისიამ ხაზგასმით შენიშნა, რომ ინიციატორებს არც კი უხსენებიათ ამ შეხვედრებში ლგბტი ადამიანების თანამონაწილეობა. ამასთან, განხილვების შემაჯამებელ ოქმში მითითებულია, რომ „მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ“ მოიწონა აღნიშნული ცვლილებები, თუმცა ოქმი არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანი ესწრებოდა განხილვებს და რამდენია მონაწილეთა “აბსოლუტური უმრავლესობა”. 


კომისია პირდაპირ მიუთითებს წინა საარჩევნო პერიოდსა და პოლიტიკურ ჰომოფობიაზე. კანონპროექტის ინიცირება და შემდგომი საყოველთაო-სახალხო განხილვებიც „რუსული კანონის“ მასობრივი პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა, რითაც საზოგადოებას არ მიეცა საშუალება აქტიურად ჩართულიყო პროცესებში.


კომისია კანონპროექტის განმარტების ბარათსაც აღნიშნავს. მიღებული კონსულტაციების შესახებ ბარათის შესაბამის სექციაში აღნიშნულია, რომ არანაირ სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციას ან ინსტიტუტს, ექსპერტს ან სამუშაო ჯგუფს, მონაწილეობა არ მიუღია კანონპროექტის მომზადების პროცესში, ასევე, არ მომზადებულა არავითარი მიმოხილვა სხვა ქვეყნებში საკონსტიტუციო კანონპროექტის მსგავს კანონთა იმპლემენტაციის კუთხით გამოცდილების შესახებ;


არ წარმოდგენილა არავითარი მტკიცებულება, ან ანალიზი, თუ როგორ გააძლიერებს კანონი ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმებს, ან როგორ არ მოახდენს ის უარყოფით გავლენას გენდერულ თანასწორობაზე, როგორც ამას განმარტებითი ბარათი ამტკიცებს;


ზოგადი მტკიცებითი წინადადებების გარდა, არ წარმოდგენილა სამართლებრივი ანალიზი და დასაბუთება საერთაშორისო ვალდებულებებთან კანონპროექტის შესაბამისობისა.


კომისია განსაკუთრებით კრიტიკულია კანონის ლეგიტიმური მიზნის ანალიზისას:


“კანონპროექტის სათაურში გაცხადებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც მეორდება განმარტებით ბარათშიც, ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანი, აბსტრაქტულად, შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, რამდენადაც მორალისა და უფლებების დაცვის ჩარჩოში ექცევა, კანონპროექტი და მისი განმარტებითი ბარათი ვერ ხსნის, თუ როგორ ემსახურება ეს აკრძალვები ამ მიზანს.”

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა (საქმეზე ბაევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ) რომ საკანონმდებლო დონეზე ე.წ. არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვა საზიანოა თავად არასრულწლოვანთა მიმართაც, არღვევს კონვენციის მე-10 და მე-14 მუხლებს. ასევე, სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში ხშირად ციტირებდა ვენეციის კომისიის მოსაზრებას ე.წ. „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ.

რაც შეეხება დასაბუთებას მორალის შესახებ, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება და ჰომოსექსუალობის სოციალური მიმღებლობის აღიარება ერთმანეთთან შეუთავსებელია, განსაკუთრებით იმ მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობები “ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციამ მოიცვას.

ამგვარი ზოგადი მითითებები ტრადიციებზე და ზოგადი შიშები თუ ვარაუდები არ შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული მოპყრობის საკმარის დასაბუთებად. ასევე, ამგვარი მოწესრიგება საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა. 

“ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს ლგბტი ადამიანების მიმართ, როგორც ამას [კომისიასთან კანონის განხილვისას] ზოგიერთი თანამოსაუბრე შენიშნავდა, არაა პასუხი კითხვაზე, შეესაბამება თუ არა საკონსტიტუციო კანონის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად აცხადებდა, რომ კონვენციის საფუძვლადმდებარე ღირებულებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუკი უმცირესობის მიერ კონვენციით აღიარებული უფლებებით სარგებლობის პირობა იქნებოდა, მიღებულნი არიან თუ არა ისინი უმრავლესობის მიერ. ასეთ შემთხვევაში, უმცირესობათა ჯგუფების უფლებები რელიგიის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაზე იქნებოდა მხოლოდ თეორიული, და არა პრაქტიკული და ეფექტიანი, როგორც ამას კონვენცია მოითხოვს.”

ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია იხსენებს, რომ „თავის რეკომენდაციაში CM/Rec(2010)5, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ არც კულტურული, არც ტრადიციული და არც რელიგიური ღირებულებები, არც „დომინანტური კულტურის“ წესები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიძულვილის ენის ან ნებისმიერი სხვა ფორმის დისკრიმინაციის გასამართლებლად, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე.“

კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღებით ხელისუფლება გააძლიერებს სტიგმას, სტერეოტიპებს და წაახალისებს ჰომოფობიას. კანონპროექტი სრულად შეუთავსებელია თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან, პლურალიზმის და ტოლერანტობის ცნებებთან.

ე.წ. „პროპაგანდასთან დაკავშირებით“  ვენეციის კომისია მიუთითებს ევროპული სასამართლოს შეფასებაზე, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება ან სოციოლოგიური მონაცემები იმის ვარაუდის, რომ მხოლოდ ჰომოსექსუალობის ხსენება, ან სექსუალური უმცირესობების სოციალურ მდგომარეობაზე ღია საჯარო დებატები  უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებზე ან „დაუცველ მოზარდებზე“ და რომ პირიქით, მხოლოდ სამართლიანი და საჯარო დებატების გზით არის შესაძლებელი საზოგადოებამ  გადაჭრას ასეთი რთული საკითხები.

კომისია მიუთითებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებას ფედოტოვას საქმეზე. საქმეში კომიტეტი განასხვავებს „მოქმედებებს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვნების კონკრეტულ სექსუალურ აქტივობაში ჩართვაზე“, „სექსუალური იდენტობის შესახებ შთაბეჭდილების გამოხატვისა“ და „მისი [სექსუალური იდენტობის] აღიარებისთვის ძიებისგან“. ინფორმაციის მიღების აკრძალვა არ შეიძლება ჩაითვალოს არასრულწლოვნების ინტერესების დაცვად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მასალები და შესაბამისი ინფორმაცია შეესაბამებოდეს არასრულწლოვნის ასაკს და განვითარებას. საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელია ყოველგვარი აკრძალვა.

კომისია მიუთითებს, რომ კანოპროექტი დააზიანებს გამოხატვის თავისუფლებასაც და დაამკვიდრებს ცენზურას. ასევე, მშობლებს შეეზღუდებათ უფლება შვილები აღზარდონ მათი შეხედულებების შესაბამისად, მათ შორის მიაწოდონ ბავშვებს ამომწურავი ინფორმაცია მათ ასაკის და განვითარების შესაბამისად სექსუალობის და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.


თავის წინა მოსაზრებებში ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ „სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება გაძლიერდეს სექსუალური ორიენტაციის სხვადასხვა ფორმის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სქესობრივი მახასიათებლების შესახებ სქესობრივი განათლების სასწავლო გეგმიდან ობიექტური ინფორმაციის გამორიცხვით, რითაც იქმნება სახიფათო და არამეგობრული გარემო, სადაც ლგბტი ბავშვები შეიძლება დაექვემდებარონ ბულინგს, შევიწროებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებსაც კი.”


გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, განსაკუთრებით ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) მე-2 მუხლის გათვალისწინებით, და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა, მხარს უჭერს ბავშვის უფლებას, მიიღოს ასაკის შესაბამისი ინფორმაცია სექსუალობასთან დაკავშირებით, არადისკრიმინაციული გზით.


საკონსტიტუციო კანონის სათაური - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” - და მისი დებულებათა შინაარსი

ამბობს, რომ ოჯახურ ცხოვრებას და არასრულწლოვანთა დაცვას საფრთხე ემუქრება იმ პირების მიერ, რომლებიც შესაბამისობაში არ არიან გენდერული იდენტიფიკაციის ტრადიციულ ფორმებთან და რომელთა სექსუალური ურთიერთობები შეიძლება ტრადიციული გაგებისგან განსხვავებული იყოს. ეს კომბინაცია ქმნის რეალურ და უშუალო რისკს იმგვარი დამოკიდებულების განმტკიცებისა, რომელიც არაჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს არასრულფასოვნად მიიჩნევს, და რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს საქართველოში ლგბტი ადამიანებისთვის.


საკონსტიტუციო კანონმდებლობის დებულებებში ერთადაა ჩამოთვლილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ცნებები და

ინცესტი, თითქოს ისინი ერთი და იმავე ჯგუფის ნაწილი იყოს. კომისიის აზრით, ინცესტს, რომელიც ჩვეულებრივ განიხილება, როგორც დანაშაული და მკვეთრად უარყოფითი კონოტაცია აქვს, არაფერი აქვს საერთო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ცნებებთან, რომელთა საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვა აღიარებულია.


ვენეციის კომისიამ წინა მოსაზრებებში უკვე აღნიშნა პედოფილიასთან დაკავშირებით, რომ ამ სახის კანონმდებლობა „გულისხმობს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დაკავშირებას ბავშვთა უფლებების დარღვევასთან. ორივე დამამცირებელი, მასტიგმატიზირებელი და დისკრიმინაციულია“. როგორც ჩანს, [საკონსტიტუციო] ცვლილებები ამოდის იმ  საფუძვლიდან, რომ „ჰომოსექსუალობა“ და მრავალფეროვანი გენდერული იდენტობა არის ის, რაც აფუჭებს ახალგაზრდობას, ძირს უთხრის საზოგადოებას და სახელმწიფოს და ამიტომ მათ წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს და, შესაბამისად, „ჰომოსექსუალობის ან სქესის შესაბამისი თვითიდენტობიდან გადახრების პროპაგანდა“ უნდა აიკრძალოს და შეიზღუდოს. ამასთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში „ბაევი რუსეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მცდელობა ჰომოსექსუალობასა და პედოფილიას შორის პარალელების გავლებისა„ მიუღებელია“.


იგივე მსჯელობა ვრცელდება აქ განსახილველ დებულებაზე, რადგან ტერმინ „პედოფილიას“ აქვს ისეთივე უარყოფითი კონოტაცია და სერიოზულობა, როგორც ტერმინს „ინცესტი“. ამიტომ, ვენეციის კომისია აქ რეკომენდაციას იძლევა ტექსტიდან საერთოდ ამოღებულ იყოს ტერმინი “ინცესტი” და ეს ქცევა დარეგულირდეს ცალკე, სისხლის სამართლის შესაბამისად.


დასკვნის სახით კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გააგრძელოს ამ კანონპროექტის მიღება, რადგან იგი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ვალდებულებებს. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი ცვლილებების მიღება ატარებს რისკს, გააღვივოს მტრული დამოკიდებულება და სტიგმატიზებული გარემო ლგბტი ადამიანების მიმართ საქართველოში. 


ამიტომ, ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს აღნიშნული და არ მიიღოს ამგვარი ცვლილებები. ხოლო თუ სახელმწიფო გააგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას, კომისია მას სთავაზობს ისეთ ცვლილებებს, რომელიც თანასწორობის უფლების დაცვისკენ იქნება მიმართული.


კომისიის რეკომენდაციით, თუ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მაინც მოხდება, უნდა წაიშალოს კონსტიტუციური კანონპროექტის მუხლების უმრავლესობა – [1.3; 1.5; 1.6; 1.7; 1.8], რათა კანონი შეესაბამებოდეს ანტიდისკრიმინაციულ სტანდარტებს.

იმავე მიზეზით, 1.1 პუნქტიდან ამოღებულ იქნას ტერმინი „გენეტიკური“; ხოლო სიტყვა „ჰეტეროსექსუალი“ შეიცვალოს ტერმინით „მარტოხელა“ ან „ინდივიდი“; ასევე, ამოღებულ იქნას 1.4 პუნქტის პირველი ფრაზა (გენეტიკურ მონაცემებთან თანხვედრაში) და გაიწეროს ეფექტიანი და დეტალური ნორმები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის.


კომისიის რეკომენდაციით, ახალი შესწორებების მიღებამდე, უნდა ჩატარდეს ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზი და ამ პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.).


საქართველოს პარლამენტი ანტი-ლგბტ ცვლილებათა პაკეტის საბოლოოდ მიღებას მეორე და მესამე მოსმენით, არჩევებამდე ცოტა ხნით ადრე, სექტემბერში გეგმავს.