search close
picture განცხადება

IGLYO ლგბტქი ინკლუზიური განათლების ანგარიში და ინდექსი 2022

20 მაისი 2022

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ახალგაზრდების და სტუდენტების საერთაშორისო ორგანიზაციამ (IGLYO) 12 მაისს ლგბტქი ინკლუზიური განათლების თაობაზე მის მიერ მომზადებული ანგარიში და ინდექსი 2022 გამოაქვეყნა, რომელიც დღეისათვის სკოლებში ლგბტქი ინკლუზიის ყველაზე ამომწურავ კვლევას ეფუძნება.

მონაცემების მოკვლევასა და მიწოდებაში მოხალისეობრივად იყვნენ ჩართული ლგბტქი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლები. ანგარიშში საქართველოს შესახებ თავის მომზადებაში გასულ წელს წვლილი შეიტანა WISG-ის იმ დროისთვის სამართლებრივმა ექსპერტმა სალომე გურგენიძემ.

“ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ფუნდამენტური უფლება განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე,” - ვკითხულობთ ანგარიშის შესავალში.

ბელა ფიცპატრიკი, IGLYO-ს აღმასრულებელი დირექტორი, განმარტავს: „ლგბტქი ახალგაზრდები ყველა კულტურაში და ყველა სოციალურ ჯგუფში არსებობენ. ყველაზე უნივერსალური გამოცდილება ლგბტქი ახალგაზრდებისთვის სკოლაში სწავლაა. ის, თუ როგორ მოიხსენიებენ ან არ მოიხსენიებენ მათ სკოლაში, დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდის თვითაღქმაზე. როცა სკოლაში არ არის უსაფრთხო გარემო ლგბტქი ახალგაზრდებისათვის, ამით მათ პრაქტიკულად უარს ეუბნებიან უფლებაზე, მიიღონ განათლება.“

კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის შემდგომ მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. გაზრდილია წინააღმდეგობა ლგბტქი უფლებების მიმართ.

იმ ახალგაზრდებს, ვინც ან არის ლგბტქი, ან ასეთად აღიქმება, სკოლებში ძალადობის საფრთხე მეტად ემუქრება. IGLYO-ს შეგროვილი მონაცემები აჩვენებს, რომ სასწავლო პროცესში ჩართული ყოველ ორი ლგბტქი ადამიანიდან ერთს ერთხელ მაინც განუცდია ძალადობა სკოლაში, მათი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული თვითგამოხატვის ან სქესობრივი მახასიათებლების ნიადაგზე. 

ანგარიში ლგბტქი ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანაში და ასევე ბელარუსსა და კოსოვოში არსებულ მდგომარეობას და ევოლუციური ხასიათის ცვლილებებს ასახავს, 2018 წლიდან მოყოლებული. ანგარიშში შესულია თვისებრივი მონაცემები ინდიკატორთა 10 ნაკრების საპასუხოდ, რაც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს  ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას, განათლების პოლიტიკას და ჩაგვრის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმებს, მასწავლებელთა გადამზადებას, ინკლუზიურ სასწავლო პროგრამებს და ინფორმაციას მხარდამჭერი სისტემების, ინფორმაციისა და სახელმძღვანელო დებულებების შესახებ. რუკა იძლევა საშუალებას, რომ ქვეყნები ერთმანეთს შევადაროთ და ვნახოთ სად არის საუკეთესო პრაქტიკა.

სკოლები სწავლის ყველა მსურველს უნდა სთავაზობდნენ უსაფრთხო, ინკლუზიურ და მხარდამჭერ გარემოს. ამგვარ შესაძლებლობას მოკლებულია ბევრი ახალგაზრდა, ვინც ან არის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი ან ინტერსექსი (ლგბტქი), ან ასეთად აღიქმება. იმის მიუხედავად, რომ ჰომოფობიის, ტრანსფობიის და  ინტერფობიის ნიადაგზე დისკრიმინაციის სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები მტკიცებულებებით კარგად დოკუმენტირებულია, პრობლემა კვლავინდებურად ფართოდაა გავრცელებული ევროპაში და მის მიღმა.

ორგანიზაცია IGLYO იმედოვნებს, რომ მისი კვლევა ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნების მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განათლების უფლების ყველასათვის უზრუნველყოფის საქმეში დაეხმარება. ეს ანგარიში და ინდექსი ცალკეულ ქვეყანაში ინკლუზიის ამჟამინდელი დონის  შესაფასებლად ღირებული ინსტრუმენტია. ის იძლევა მაგალითებს კარგი პრაქტიკიდან და ამ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ საერთაშორისო ვალდებულებებს ამყარებს.  

კვლევის მიგნებები ინგლისურ ენაზე სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულიდან,  ხოლო ინდექსი და ინტერაქტიული რუკა კი ამ ბმულიდან.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი გთავაზობთ ანგარიშიდან საქართველოს შესახებ თავის თარგმანს, რომელიც მოიცავს მონაცემებს შემდეგი მიმართულებით: ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა, პოლიტიკა და სამოქმედო გეგმები, სასწავლო პროგრამები განათლების სფეროში, მასწავლებელთა სავალდებულო გადამზადება, გენდერის სამართლებრივი აღიარება, მონაცემთა შეგროვება, მხარდამჭერი სისტემები, ინფორმაცია და სახელმძღვანელო დებულებები, სასკოლო გარემო და ინკლუზია და საერთაშორისო ვალდებულებები.

მეორე თავი,  ანგარიშები ქვეყნების მიხედვით

საქართველო

ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა

2018 წლის შემდეგ ცვლილებები განათლებასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ თვითგამოხატვასა და სქესობრივ მახასიათებლებთან (SOGIGESC) დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობაში არ შესულა. კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014) კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის განათლების სფეროში, და მოიცავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის (SOGIGE) ნიადაგზე, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი დისკრიმინაციაზე სქესობრივი მახასათებლების ნიადაგზე. კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005) და კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2004) ასევე კრძალავს დისკრიმინაციას, მაგრამ არ ახსენებს სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, გენდერულ გამოხატვას და სქესის მახასიათებლებს (SOGIGESC) როგორც მის შესაძლო საფუძველს.  გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) საკითხებში საქართველოს შესახებ 2019 წლის ანგარიშში წუხილით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ანტი-დისკრიმინაციული დამცავი ზომები ეფექტურად არ ხორციელდება.

პოლიტიკა და სამოქმედო გეგმები

არ არის შემუშავებული პოლიტიკა ეროვნულ დონეზე და არც სამოქმედო გეგმები არსებობს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი (ლგბტქი) ადამიანების ჩაგვრის აღმოსაფხვრელად ან ინკლუზიის წასახალისებლად. განათლების მუშაკთა ეთიკის კოდექსი  მასწავლებელებს ავალდებულებს, რომ მოსწავლეთა ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება დაიცვან. 

სასწავლო პროგრამები განათლების სფეროში

სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ თვითგამოხატვასა და სქესობრივ მახასიათებლებთან (SOGIGESC) დაკავშირებული საკითხები არ არის სასწავლო პროგრამების ნაწილი, და როცა კი არის, მათზე, ჩვეულებრივ, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ. მაგალითად, 2020 წელს, სახალხო დამცველმა მოუწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ შეეწყვიტა ისეთი სახელმძღვანელოების გამოყენება, რომლებშიც ლგბტქი ადამიანები ნეგატიურად და მასტიგმატიზელ კონტექსტში იყვნენ ნახსენები. უნივერსიტეტი ასეც მოიქცა. იმავე წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო ქვიარ თეორიის სასწავლო კურსი. საქართველოს კვლავინდებურად არ აქვს სავალდებულო სასწავლო გეგმები სექსუალური განათლების, სამოქალაქო განათლების, ან ადამიანის უფლებების მიმართულებით, რომელშიც შესული იქნებოდა სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ თვითგამოხატვასა და სქესობრივ მახასიათებლებთან (SOGIGESC) დაკავშირებული საკითხები. ამ პრობლემაზე იყო მითითება სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების თაობაზე. სასწავლო პროგრამებში სექსუალური ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ თვითგამოხატვასა და სქესობრივ მახასიათებლებთან (SOGIGESC) დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა, იმის ფონზე რომ უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფები მტრულ განწყობას იჩენენ და სიძულვილის ენას ავრცელებენ.   

მასწავლებელთა სავალდებულო გადამზადება

არ ხდება მასწავლებელთა სავალდებულო გადამზადება ლგბტქი საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მათ გარკვეულ ტრენინგებს სთავაზობენ. მაგალითად, 2020 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ საკითხების მიმართ საჯარო სკოლების 100 მასწავლებლის მგრძნობელობა გაზარდა

გენდერის სამართლებრივი აღიარება

საქართველოში არ არსებობს მკაფიო პროცედურები გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, რასაც აკრიტიკებენ სახალხო დამცველი, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი სოგი-ს (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციები. სახელის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა არა არასრულწლოვანებისთვის. 

გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის არსებული მოთხოვნები (მათ შორის, ქირურგიული ოპერაცია სქესის შესაცვლელად) ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არ  შეესაბამება და  დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ამჟამად იხილავს საქმეს იმის დასადგენად, რამდენად უთანაბრდება ორი ტრანსგენდერი განმცხადებლისათვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს მთავრობის უარი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) და/ან მერვე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემის უფლება) დარღვევას. არ არის ინფორმაცია იმ პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ, რაც ტრანს მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, სკოლაში მათი სწორი სახელი და გენდერი გამოეყენებინათ.

მონაცემთა შეგროვება

მთავრობა არ აგროვებს მონაცემებს ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შესახებ, მაგრამ სახალხო დამცველს აქვს ვალდებულება, ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში დისკრიმანაციის შემთხვევების თაობაზე. სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), აგროვებს მონაცემებს დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ. 2018 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციას „თანასწორობის მოძრაობა“ სურდა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ  მასწავლებელების დამოკიდებულებები გამოეკვლია, თუმცა მათ უარი მიიღეს როგორც სკოლებიდან, ისე განათლების სამინისტროდან.   

მხარდამჭერი სისტემები

სკოლები მოსწავლეებს, გადამზადებული მუშაკების მეშვეობით, უშუალო მხარდამჭერ სისტემებს სთავაზობენ. იმის მიუხედავად, რომ ეს მუშაკები გადამზადებულნი არიან „თანასწორობის“ საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაციები სწუხან, რომ ისინი არ არიან გადამზადებული კონკრეტულად სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ თვითგამოხატვასა და სქესობრივ მახასიათებლებთან (SOGIGESC) დაკავშირებულ საკითხებში. ადგილობრივ ხელისუფლებას არაპირდაპირი მხარდამჭერი სისტემები არ აქვს.

ინფორმაცია და სახელმძღვანელო დებულებები

არ არსებობს შესაბამისი სახელმძღვანელო დებულებები მასწავლებლებისთვის ან ლგბტქი საკითხებით დაინტერესებულთათვის. ზოგიერთმა სკოლამ შესაძლოა მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია თემისა და ახალგაზრდული აქტივობების შესახებ, მაგრამ პრაქტიკა განსხვავებულია. სკოლის ტერიტორიაზე არ არის ნებადართული ისეთი საინფორმაციო ფურცლების გავრცელება, სადაც მოცემულია ინფორმაცია ლგბტქი საკითხებზე.

სასკოლო გარემო და ინკლუზია

დისკრიმინაცია და ძალადობა ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ საქართველოში კვლევინდებურად გავრცელებული პრაქტიკაა, და რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები სიძულვილის ენის გამოყენების გამო არ ისჯებიან. 2018 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG), მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სკოლაში დისკრიმინაცია ლგბტ რესპონდენტების 16%-მა გამოსცადა, უმეტეს შემთხვევაში სხვა მოსწავლეების მხრიდან. დისკრიმინაციის ნიადაგი ხშირად იყო ამ პირის გენდერული გამოხატვა, როცა ის საზოგადოებრივ ნორმებს  არ შეესაბამებოდა. საქართველოს სკოლებში  კლასგარეშე აქტივობები არ ხორციელდება. ლგბტქი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ რთავენ ნებას, რომ სკოლის ტერიტორიაზე შეიკრიბონ.

საერთაშორისო ვალდებულებები

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცხრა ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებიდან შვიდს შეუერთდა, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (ICESCR) და ბავშვთა უფლებების კონვენციას, რომლითაც მყარადაა დაცული უფლება განათლებაზე. საქართველო არის ევროპის სამთავრობო ლგბტი საკითხებზე საკონტაქტო პირების ქსელის წევრი (2022 წლის 22 აპრილიდან) და ხელი აქვს მოწერილი 2016 წლის იუნესკოს „მოწოდებაზე მოქმედებისკენ“. საქართველომ მიიღო 19 რეკომენდაცია  სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ თვითგამოხატვასა და სქესობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლში 2021 წელს. მათ შორის არის რეკომენდაცია, რომ ის წინ უნდა აღუდგეს ლგბტქი ადამიანებისადმი მიმართულ ძალადობასა და დისკრიმინაციას.