search close
picture განცხადება

სახალხო დამცველმა ტრანსი ადამიანების ჯანდაცვის საკითხებზე ზოგადი წინადადება გამოსცა

9 ივნისი 2020

სახალხო დამცველმა 5 ტრანსი ადამიანის საქმე განიხილა, რომელთაც ომბუდსმენს 2018 წელს მიმართეს. მათ ინტერესებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” WISG წარმოადგენდა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ რეფერალური კომისიის დაუსაბუთებელი უარი მათთვის დიაგნოსტიკური პროცედურების დაფინანსებასთან დაკავშირებით, გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა. სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია არ დაადგინა, თუმცა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო დონეზე შეიმუშავებს ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, რომელთა არარსებობის პირობებში ტრანსი ადამიანები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული ხარისხიანი სამედიცინო სერვისის, და ამგვარი სერვისის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე მიღების უფლებით.

ყოველი განმცხადებლის შემთხვევაში, WISG-მა სახალხო დამცველს წარუდგინა ენდოკრინოლოგისა და სექსოლოგის დასკვნები მათთვის ჩასატარებელი დიაგნოსტიკური პროცედურების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შემდგომი ჰორმონული თერაპიის დაგეგმვის მიზნით.

სახელმწიფოს არ გააჩნია ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (გაიდლაინი და პროტოკოლი), რითაც გაიწერება ტრანზიციისთვის საჭირო დიაგნოსტირებისა და შემდგომში გასატარებელი სამედიცინო ღონისძიებათა ნუსხა.

ხარვეზიანია ის ერთადერთი დოკუმენტიც, რომელიც საქართველოში ტრანსსპეფიციკური სამედიცინო მომსახურების, კერძოდ, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის რეგულირებას შეეხება. საუბარია საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის რეკომენდაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „სამედიცინო მეთვალყურეობის ხანგრძლივობა და სამედიცინო გამოკვლევების შერჩევის საკითხი წესრიგდება პროფესიული სტანდარტებით და მათი განსაზღვრა უნდა მოხდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ“. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ რომელ სტანდარტებს და რეგულაციებს იყენებენ დარგის სპეციალისტები და ზოგადად, რომელი სპეციალისტები მიიჩნევიან ამ შემთხვევაში „დარგის სპეციალისტებად“.

სახალხო დამცველი რეკომენდაციის წერილში აღნიშნავს, რომ გაიდლაინების და პროტოკოლების არარსებობა მნიშვნელოვანია განვიხილოთ იმ მადისკრიმინებელ და ადამიანის უფლებათა შემლახავ დადგენილ პრაქტიკასთან ერთად, რომელიც პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას აუცილებელ წინაპირობად აცხადებს.

„სახელმწიფო აიძულებს ტრანს ადამიანებს, ჩაიტარონ სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები ისე, რომ არ განსაზღვრავს აღნიშნული პროცედურების სტანდარტებსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმს.“ - წერია დოკუმენტში, რომელიც WISG-მა სახალხო დამცველისგან დღეს მიიღო.

სახალხო დამცველი სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტროს მიუთითებს, რომ სტანდარტის, გაიდლაინებისა და პროტოკოლის არარსებობის პირობებში, ის ტრანსი* ადამიანების მიმართ არღვევს კონსტიტუციურ უფლებას, როგორც სოციალური სახელმწიფო, რომელმაც მოქალაქეთა ხარიხხიანი ჯანდაცვა და სოციალური დაცვა უნდა უზრუნველყოს.

სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს მიუთითებს როგორც სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტზე, ისე კონკრეტულად საქართველოს მიმართ უკვე გაცემულ საერთაშორისო რეკომენდაციებსა და, ასევე, ეროვნულ დონეზე არსებულ დოკუმენტებში სამინისტროს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო პროცედურებში გაიდლანებისა და პროტოკოლების შემუშავების აუცილებლობის შესახებ.

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნის დისკრიმინაციული მოტივით ძალადობისგან დაცვის საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის საქართველოში ვიზიტის შემდგომ ანგარიშში[1] აღნიშნულია, რომ გენდერის აფირმაციასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და ქირურგიული სერვისები არ არის რეგულირებული და არ არსებობს აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული კლინიკური გაიდლაინები. ექსპერტის რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კლინიკური გაიდლაინები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულმა კომისიამ (ECRI) საქართველოს შესახებ თავის ანგარიშში[2] 2015 წელს გამოსცა რეკომენდაცია, რომ განსაზღვრულ იქნას ზუსტი გაიდლაინები გენდერის აფირმაციის პროცედურებისთვის.

2018 წელს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით შექმნილ დოკუმენტში „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“, ასევე გაჟღერებულია რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების გაიდლაინების შემუშავებასთან დაკავშირებით.

ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება განსაზღვრულია საქართველოს ადამიანის უფლებების 2018-2020 დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმითაც[3], რომელიც 2020 წლის თებერვალში დამტკიცდა, თუმცა სამუშაო ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა.

სახალხო დამცველი აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ ეროვნულ დონეზე ადაპტირებული კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების არ არსებობის პირობებში, ჯანდაცვის სერვისის გამცემი ის პირები, ვინც ტრანს ადამიანებს ტრანსსპეციფიკურ სერვისებს სთავაზობენ, იძულებულნი არიან, დაეყრდნონ იმ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც სხვა ქვეყნების სამედიცინო, სოციალური თუ სხვა რელევანტური კონტექსტის გათვალისწინებით არის შექმნილი და შესაბამისად, მასში არ არის გათვალისწინებული ის სპეციფიკური საჭიროებები, რაც შესაძლოა კონკრეტულად საქართველოს კონტექსტისთვის იყოს დამახასიათებელი.

აღნიშნულ მიდგომას იზიარებს ტრანსგენდერ პირთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია (WPATH), რომელიც, თავის სახელმძღვანელო დოკუმენტში „ზრუნვის სტანდარტები“[4] აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერ პირთა ჯანმრთელობის შესახებ არსებული კვლევებისა და გამოცდილებების ძირითადი ნაწილის წყარო ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთ ევროპაა და სწორედ ამიტომ, ასოციაცია შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე, ადგილობრივი რეალობის კონტექსტის შესაბამისად ადაპტირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„შესაბამისი სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობის პირობებში, ვერ იხელმძღვანელებენ ექიმები ვერც ერთი დოკუმენტით/სტანდარტით ინფორმირებული თანხმობის მოპოვების დროს. პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, განსაკუთრებით, შეუქცევადი ხასიათის სამედიცინო პროცედურების ჩატარების წინ სამედიცინო მომსახურების მიღების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. აღნიშნული თანხმობის ლეგიტიმურობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ პირობებში, როცა არ არსებობს ეროვნული სტანდარტი, რომელსაც ექიმი დაეყრდნობოდა პაციენტის ინფორმირებისა და მისგან თანხმობის მოპოვების დროს და გაურკვეველია, მკურნალობის რა მეთოდზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო ექიმმა აღნიშნული თანხმობა“ - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის დასკვნაში წერია, რომ WISG-ის განცხადებებში აღნიშნულ 5 ტრანს* ადამიანს და „საქართველოში მცხოვრებ სხვა ტრანს ადამიანებს, ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურება, რომელთა ხარისხის კონტროლზე სახელმწიფო ვალდებულებას არ იღებს. ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტებიდან და ეროვნული კანონმდებლობიდან ცალსახად გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს ადამიანთა ჯგუფისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების მექანიზმი.“

ამაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს ზოგადი წინადადებით მოუწოდებს, რომ:

შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციას (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტს (პროტოკოლი), რომელშიც გაწერილი იქნება ტრანსსპეფიციური სამედიცინო მომსახურების როგორც სამედიცინო და ეთიკური საკითხები, ასევე, პროცედურების წინმსწრები და შემდგომი პერიოდებისთვის პირის მხარდამჭერი ფსიქოლოგიური/სოციალური ასპექტები;

და

უზრუნველყოფილ იქნას ტრანსი ადამიანებისა და საკითხით დაინტერესებული სხვა პირების/ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების პროცესში.

WISG იმედოვნებს, რომ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნულმა საბჭოს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან თავად ტრანსი ადამიანები და სათემო ორგანიზაციები.

----------------------------------------------------

[1] გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ: https://bit.ly/30kuimu

[2] https://rm.coe.int/fourth-report-on-georgia-georgian-translation-/16808b5775

[3] საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის: http://myrights.gov.ge/ka/plan/Action%20Plan%202020

[4] ზრუნვის სტანდარტები - ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული პირების ჯანმრთელობისთვის: https://wisg.org/Data/docs/publications/WISG_Standards-of-Care_2017_web.pdf