search close
  • ჰედონიზმი

    [ბერძნ. Hedone – სიამოვნება] – მიმართულება ეთიკაში, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის უმთავრესი მოტივი და უმაღლესი მიზანი რაიმეთი სიამოვნების მიღებასა და ტკბობაში მდგომარეობს. ჰედონისტური მოტივები ფართოდ იყო წარმოდგენილი აღორძინების ხანაში, მოგვიანებით – განმანათლებელთა ეთიკურ თეორიებშიც. ჰედონიზმი ეწინააღმდეგება ზნეობრიობის რელიგიურ გაგებას – ეკლესია უარყოფდა მიწიერ სიამოვნებებს, მათ შორის სექსუალურსაც და თვლიდა, რომ სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ადამიანური მოდგმის გამრავლების მოთხოვნით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ ჰედონიზმის პრინციპები უდევს საფუძვლად ადამიანის სექსუალურ ქცევას.
  • ჰერმაფროდიტიზმი

    [ბერძნ. Hermaphroditos – ჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, რომელიც ორსქესოვანი იყო] – ორსქესიანობა, ინტერსექსუალურობა; სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა, როდესაც გარე სასქესო ორგანოებს აქვს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ნიშნები. ანსხვავებენ ნამდვილ ჰერმაფროდიტიზმს (მამაკაცისა და ქალის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას) და ცრუ ანუ ფსევდოჰერმაფროდიტიზმს (ორგანიზმში მხოლოდ ქალის ან კაცის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას)
  • ჰეტერა

    [ბერძნ. Hetaira] – ძვ.საბერძნეთში განათლებული, დაუქორწინებელი, თავისუფალი ქცევის ქალი, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა. ზოგიერთი მართგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ სახლებში თავს იყრიდნენ გამოჩენილი პოლიტიკურ მოღვაწეები, პოეტები, მოქანდაკეები… როგორც წესი, ჰეტერები მდიდარი მფარველის ხარჯზე ცხოვრობდნენ. შემორჩენილია ქვის ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია ფასები, რომელსაც მამაკაცები ჰეტერებს სთავაზობდნენ. მაგრამ, ეს არ იყო პროსტიტუცია ტრადიციული გაგებით, რადგან ჰეტერებს სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდათ, ვინც უყვარდათ. ჰეტერების ინსტიტუტის პარალელურად ქვეყანაში არსებობდნენ მეძავებიც. ძველბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე დემოსთენე ამბობდა, რომ ყველა თავისი თავის პატივისმცემელ ბერძენს ჰყავს სამი ქალი: ცოლი – გვარის გასაგრძელებლად, მონა ქალი – ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად და ჰეტერა – სულიერი კომფორტისათვის.
  • ჰეტერო/ჰომოსექსუალობა

    [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სექსუალობა] – ეს ცნება აღწერს ინდივიდის სექსუალურ ქცევას. ჰეტერო/ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს სექსობრივი პარტნიორის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება საკუთარი ან საპირისირო სქესის წარმომადგენლისათვის.
  • ჰეტეროქრომოფილია

    [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + chroma ფერი + philia სიყვარული] – ფეტიშიზმის სახესხვაობა, როცა პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი სექსუალური სტიმულია.
  • ჰეტეროეროტიზმი

    [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა სხვა სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე).
  • ჰეტეროფილია

    [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი.
  • ჰეტერო/ჰომოსოციალურობა

    [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სოციალურობა] – ეს ცნება განსაზღვრავს ინდივიდის ორიენტაციას საუკუთარი ან საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მისი მთავარი მაჩვენებელია იმ საზოგადოების შემადგენლობა, რომელშიც ინდივიდი ტრიალებს.
  • ჰირსუტიზმი

    [ლათ. hirsutus თმიანი, გარსშემოზრდილი თმით] – ჭარბთმიანობა ქალებში (ულვაშის, წვერის გაზრდა). ვირილიზმის გამოვლინება. გამოწვეულია ანდროგენების სიჭარბით. ხანდახან თავს იჩენს ფეხმძიმობის ან კლიმაქსის პერიოდში. ის შეიძლება კონსტიტუციურიც იყოს, ორგანიზმში რაიმე პათოლოგიური პროცესების არსებობის გარეშე (მაგ. ბრიუნეტებსა და აღმოსავლელ ქალებში).