search close
  • სადიზმი

    (ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის (de Sade) სახელის მიხედვით; სინონიმები – სქესობრივი ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი, აქტიური ალგოლაგნია): სექსუალური დევიაცია, რომლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პარტნიორისთვის ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების პროცესში.
    მარკიზ დე სადმა მოახდინა ყველა იმ ინფორმაციის სისტემატიზაცია, რომელიც იმდროისათვის არსებობდა სქესობრივი აქტის დროს მექანიკური საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელსაც იყენებდნენ სქესობრივი აქტის დროს სხვადასხვა პოზიციის შესაქმნელად და წვალების იარაღად. ის იყო სექსუალური გადახრების თემაზე ფსიქოლოგიური რომანების ავტორი (მაგ. “ჟუსტინა” და “ჟულიეტა”), რომლებშიც ქადაგებდა ადამიანის უფლებას სიამოვნების მიღებაზე ყოველგვარი შეზღუდვისა და აკრძალვის გარეშე, აგრეთვე ადიდებდა შეუზღუდავ სექსუალურ ქმედებას, რომელიც დანაშაულშიც კი პოულობს სექსუალურ სტიმულაციას. ყოველივე ეს იქცა მიზეზად, ადამიანის ამგვარი ქმედება ამ ტერმინით განსაზღვრულიყო.
    სადიზმი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სექსუალური სიამოვნება მიიღება იმ სიტუაციებში, რომელიც დაკავშირებულია დომინირებასთან და პარტნიორის უსიტყვო დამორჩილებასთან, მის დაუფლებასთან და დაქვემდებარებასთან ისეთ დონემდე, როდესაც შესაძლებელია მისი დამცირება და მისთვის ტკივილის მიყენება. ადამიანზე გაბატონება, როგორც მასთან კავშირის დამყარების გარკვეული ფორმა, სადისტს უქმნის დაკმაყოფილების განცდას, ამასთან გაბატონების ფორმები ხშირად შეიძლება იყოს მომგებიანი დამორჩილებულისათვის როგორც სოციალურ, ასევე ინდივიდუალურ პლანში. სექსუალური სიტუაცია, რომელშიც სადისტის ნების შესაბამისად, პარტნიორი განიცდის დამცირებასა და ტკივილს, რაც ადასტურებს სადისტის ძალაუფლებასა და ბატონობას თავის პარტნიორზე, იწვევს მასში გამოკვეთილ სექსუალურ აღგზნებას და შემდგომ განსაკუთრებულ სიამოვნებას, რაც განპირობებულია დამორჩილებულ ადამიანზე შეუზღუდავი ძალაუფლების განცდით. სადიზმი, აგრესიასთან კავშირის გამო, რაღაც თვალსაზრისით განაპირობებს ძალადობის გამოყენებით სქესობრივი დანაშაულებების ჩადენას. შეიძლება ითქვას რომ სექსუალური სადიზმის ელემენტებს შეიცავს ადამიანთა უმრავლესობის ე.წ. სექსუალური სცენარი, მაგრამ მათ პრაქტიკაში რეალიზებას ბევრი ვერ ბედავს. თუმცა იმ სიტუაციებში, როდესაც  ვითარება საშუალებას აძლევს სადისტს ლეგალიზაცია გაუკეთოს სხვა ადამიანზე თავის სრულ ბატონობას, სადიზმი წარმოსახვაში თამაშიდან იქცევა რეალობად და გამოიყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში. ამას ადგილი ჰქონდა მონათმფლობელობის, შუასაუკუნეებში მონებით ვაჭრობის, ინკვიზიციისა და  ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების დროს. სასიამოვნო განცდების მიღების მიზნით მკვლელობა, წარმოადგენს სადიზმის გამოვლენის უკიდურეს ფორმას. ამ შემთხვევებში სიამოვნება, სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა მსხვერპლის მოკვლით, რაც წარმოადგენს მასზედ სრული ძალაუფლების განხორციელების უკიდურეს გამოხატულებას. სადიზმის ასეთი ფორმები სქესობრივ გადახრებს წარმოადგენს.
    ზოგჯერ გაუცნობიერებული სადისტური მიდრეკილებები საფუძვლად უდევს ეაკულაციის შეფერხებას ან მის არარსებობას კოიტუსის დროს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ქალის ქცევა არ შეესაბამება მის (სადისტის) სექსუალურ პრიორიტეტებს. სადისტური მიდრეკილებების გამოვლენის შედეგად შეიძლება იქცეს სქესობრივი ურთიერთობებზე საერთოდ უარის თქმა ან ცივი, უემოციო თვალყურის დევნება პარტნიორის სექსუალური აღგზნების მიმდინარეობის პროცესში. სადიზმის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს პარტნიორისთვის ფსიქიკური ან ფიზიკური ტკივილის მიყენება, ხოლო უსულო საგნების მიმართ სადიზმის გამოვლენისას დევიანტის ფანტაზია უსაზღვროა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სადიზმის გამოვლენას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქალებშიც, რომლებიც ხშირად სიამოვნებას იღებენ პარტნიორის დამცირებისაგან და მის მიერ თავმოყვარეობის გრძნობის დაკარგვის ყურებისაგან. სადიზმის ფორმები მრავალფეროვანია, წარმოსახვითიდან დაწყებული (ქალის მიმართ უხეში ქმედებების წარმოდგენა და წარმოსახვით მათი მოკვლაც კი) ნეკროფილიით, ვამპირიზმით, ბერტრანიზმით დამთავრებული.
  • სადო-მაზოხიზმი

    (სადიზმი – მაზოხიზმი) სექსუალური დევიაცია სადიზმისა და მაზოხიზმის შერწყმის სახით. როგორც ჩანს, სადომაზოხიზმის გარკვეულ ელემენტებს ბევრი ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში ვხვდებით. ხშირად ის ამყარებს ცოლ-ქმრულ კავშირს, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ამით იღებს ერთგვარ კომპენსაციას საზოგადოების მიერ მისი ძალაუფლებისკენ სწრაფვის დათრგუნვაზე, ხოლო მეორე სიამოვნებას ღებულობს საკუთარი მორჩილებისა და სრული მიმნდობლობისაგან, დაუცველობისაგან, საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური სიშიშვლისაგან.
    პოლონელი სექსოლოგი კ.იმელინსკი თვლის, რომ არსებობს გარკვეული, ჯერ-ჯერობით აუხსნელი კავშირები სადომაზოხიზმსა და ემოციურ პროცესებს შორის, რომელიც განისაზღვრება როგორც ეროტიული სიყვარული. შესაძლებელია, რომ ფსიქიკური ტანჯვა გარკვეული სახით ხელს უწყობდეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ეროტიული სიყვარულის ინტენსივობის, ვნებისა და სიამოვნების გაზრდას. ამ თვალსაზრისით, ტანჯვა ხდება ეროტიული სიყვარულის ატრიბუტი, რომელიც კონტრასტირებს სიამოვნებასთან მიმართებაში და აძლიერებს მას. ის ასევე თვლის, რომ სადომაზოხიზმის მასობრივ გამოვლინებას შეიძლება მივაკუთვნოთ გლადიატორთა ბრძოლები, სახალხო დასჯა, ხარების ბრძოლა, მასობრივი მსხვერპლთშეწირვა და ა.შ. იმელინსკი თვლის, რომ სადიზმი და მაზოხიზმი წარმოადგენენ ურთიერთშემავსებელ დევიაციებს, ისინი გამოხატავენ ადამიანის ბიპოლარულობას და შეესაბამებიან ერთმანეთს როგორც ერთიდაიგივე ფოტოს ნეგატივი და პოზიტივი. ორივე ეს მიდრეკილება შეიძლება გამოავლინოს ერთიდაიგივე ადამიანმა სხვადასხვა ხარისხით, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, პარტნიორის პიროვნული თავისებურებებიდან და გარე ვითარებებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა დონეზე გამოვლენილ ორივე ამ ტენდენციაში მთავარ როლს თამაშობს თანაარსებობისაკენ სწრაფვა, რაც განპირობებულია ერთიმეორის გარეშე არსებობის სიძნელით ან შეუძლებლობით. ამ თვალსაზრისით, სადისტური და მაზოხისტური მიდრეკილებები არა მარტო არ გამორიცხავენ პარტნიორობას, არამედ ხელს უწყობენ ურთიერთკავშირის გამყარებას, პარტნიორული წყვილის სწორად შერჩევის შემთხვევაში, რომელშიც ერთთან ჭარბობს სადისტური, ხოლო მეორესთან მაზოხისტური მიდრეკილებები. პარტნიორობის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებულია დევიანტური მიდრეკილებების გამოხატულების ხარისხზე. მანამ, სანამ ეს მიდრეკილებები ურთიერთმისაღებია და აძლიერებენ სექსუალურ აღგზნებასა და სიამოვნებას, ისინი ამყარებენ პარტნიორულ კავშირს, თუმცა თუ სადისტური მიდრეკილებების გამოხატულება ძლიერდება და ამ დროს მიყენებული ფიზიკური ტკივილის ან დამცირების ხარისხი აღემატება მაზოხისტის ორგასტული განცდების შესაძლებლობებს, ეს შეიძლება იქცეს პარტნიორული კავშირის ემოციონალური სტაბილურობის რღვევის ფაქტორად. სექსოლოგიური პრაქტიკა ადასტურებს, რომ სწორი პარტნიორული შერჩევის შემთხვევაში სადომაზოხიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობის ჰარმონიზაცია, მიუხედავად მიღებულ ნორმებთან შედარებით მისი ანომალიური ხასიათისა.
  • საფიზმი

    ჩვ.წ.აღ.-მდე VII საუკუნის ბოლოს ძველბერძენი პოეტის სახელის მიხედვით), იხ. ლესბოსელობა.
  • სატირიაზისი

    (ბერძ. satyros- სატირი), მამაკაცის სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური გაზრდა, რასაც აქვს გამუდმებული სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის განცდისა და სქესობრივი ურთიერთობებისადმი დაუოკებელი სწრაფვის სახე. სატირიაზისი დაკავშირებულია არამარტო სექსუალური კონტაქტების რაოდენობრივ ზრდასთან, არამედ სექსუალური ქცევის ხარისხობრივ ცვლილებასთანაც, რომლის დროსაც სექსუალობა ხდება ინდივიდის ცხოვრების ძირითადი კრედო. სატირიაზისით შეპყრობილი პირებისათვის დამახასიათებელია სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და ხანგრძლივი სექსუალური კავშირების არ არსებობა. ეს პათოლოგია შეიძლება განვითარდეს ფსიქოგენური ზემოქმედების შედეგად (მაგ. როგორც საკუთარი არასრულფასოვნების განცდის კომპენსაცია) ან იქცეს ორგანული დაავადებების გამოვლინებად (მაგ., ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგია, ან ჰორმონალური დარღვევა). სატირიაზისი (მამაკაცებთან), ნიმფომანიის (ქალებთან) მსგავსად წარმოადგენს ჰიპერსექსუალობის ერთ-ერთ ფორმას.
  • სკოპოფილია

    (ბერძ. skopeo -დათვალიერება – ფილია), იხ. ვუაიერიზმი.
  • სერვილიზმი

    [ლათ. servihs – მონური] – პაჟიზმის გამოხატული ფორმა, როდესაც მაზოხისტი თამაშობს მონის როლს. სერვილიზმს განეკუთვნება შემთხვევები, როდესაც მაზოხისტი თავის ფანტაზიაში, ან რეალურ ცხოვრებაში, თამაშობს რომელიმე ცხოველის როლს (ძაღლი, ცხენი, კატა და ა.შ.) და სექსუალურ დაკმაყოფილებას აღწევს, როდესაც მას უკეთებენ ძაღლის ყელსაბამს, აღვირს, როდესაც მასზე ამხედრდებიან. ამასთან სექსუალური სიამოვნების დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო უხეშად, დესპოტურად და აგრესიულად გამოიყურება მეორე პარტნიორი. თუმცა, ზოგიერთი სექსოლოგი თვლის, რომ ასეთი ურთიერთობები შეიძლება იყოს ერთგვარი თამაში, რომელიც ერწყმის სადომაზოხისტური მიდრეკილებების ადამიანების სასიყვარულო პრელუდიის სცენარს.


  • სექსუალური აკრძალვა

    სამედიცინო მიზეზებით სქესობრივი ცხოვრების დროებითი აკრძალვა. აუცილებელია შინაგანი ორგანოების ზოგიერთი დაავადების, ქირურგიული ოპერაციების ან ფეხმძიმობის გარკვეული პერიოდების დროს. სექსუალური აკრძალვების ვადების დადგენა ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად არ აღემატება რამდენიმე კვირას, იშვიათად თვეს. მაგალითად, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის შემდეგ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ერთი თვის განმავლობაში სექსუალური დასვენება. სექსოლოგიაში სექსუალური აკრძალვა გამოიყენება როგორც სპეციალური ფსიქოთერაპიული ხერხი მამაკაცების სქესობრივი დარღვევების (ინტიმური სიახლოვის ძლიერი შიში) მკურნალობის საწყის ეტაპზე. ამ დროს სექსოპათოლოგი უწესებს დროებით აკრძალვას სქესობრივი აქტის განხორციელებაზე, მაგრამ ურჩევს პარტნიორებს აქტიურ სასიყვარულო თამაშს, ღრმა პეტინგის ჩათვლით. მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად, ეს ფსიქოთერაპიული ხერხი ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად აღადგენს მამაკაცის ნორმალურ სექსუალურ რეაქციებს. (იხ. სქესობრივი შეკავება).
  • სქესობრივი აქტივობა

    მოცემული ადამიანისათვის დამახასიათებელი სქესობრივი ურთიერთობების სიხშირე. სქესობრივი აქტიურობის დონე განისაზღვრება მრავალი ბიოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორით და საბოლოო ჯამში ყალიბდება ორივე პარტნიორის ყველა ფაქტორის რთული ინტეგრაციის გზით.
    სქესობრივი აქტივობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ასაკზე. როგორც წესი, ახალგაზრდებთან ის ყველაზე მაღალია. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია გარდამავალი პერიოდისთვის და ხშირად თან ახლავს სექსუალური ექსცესები (თაფლობის თვეში ახალგაზრდებს შეუძლიათ დღეში რამდენიმე სქესობრივი აქტის განხორციელება). ასაკის ზრდასთან ერთად აქტიურობა ეცემა და ყალიბდება სქესობრივი ცხოვრების ზომიერი რიტმი – ზრდასრული სექსუალობის პერიოდში 2-3 აქტი კვირაში. ამასთან ერთად ეს ციფრები ვერ ჩაითვლება “ნორმად”, რადგან საბოლოო ჯამში სქესობრივი აქტების სიხშირე ყალიბდება სქესობრივი კონსტიტუციის შეს
    აბამისად. ცხოვრების რაღაც ეტაპებზე შესაძლებელია სქესობრივი აქტივობის გაძლიერება ან შესუსტება.
  • სქესობრივი ზრდასრულობა

    სქესობრივი მომწიფების უკანასკნელი სტადია. ადამიანის ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობა, რომლის დროსაც სქესობრივი ცხოვრება, ჩასახვა, ფეხმძიმობა და მშობიარობა წარმოადგენენ ნორმალურ მოვლენას. სქესობრივი ზრდასრულობის მიღწევა – ეს არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური განვითარების კანონზომიერი ეტაპი, რასაც თან ახლავს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. გოგონები სქესობრივად ზრდასრული 15-16 წლის, ხოლო ბიჭები 17-18 წლის ასაკში ხდებიან. მისი დადგომა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – მემკვიდრეობითი თავისებურებები, საყოფაცხოვრებო, სოციალურ-ეკონომიკური, კლიმატური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების ხასიათი და ა.შ.