search close
  • ორგაზმის იმიტაცია

    სექსუალური დაკმაყოფილების მოჩვენებითობის გამოვლენა. რადგანაც ორგაზმს აქვს სუბიექტური ხასიათი და მისი ფიზიკური ნიშნები პარტნიორისთვის ყოველთვის თვალსაჩინო არ არის, ადამიანებს შეუძლიათ “ტყუილად” იკვნესონ და იკანკალონ, ანუ გააკეთონ ორგაზმის იმიტაცია.
  • ოიდიპოსის კომპლექსი

    (სოფოკლეს ტრაგედიის “ოიდიპოსის მეფის” გმირის სახელის მიხედვით) ფსიქოანალიტიკური წარმოდგენა 3-4 წლის ასაკის ბავშვის მშობლებისადმი ემოციონალური დამოკიდებულებების თავისებურებების შესახებ. ზ.ფროიდის თანახმად, ეს არის ბავშვური განცდების კომპლექსი, რომელიც შედგება ბიჭის ლტოლვისაგან დედის მიმართ, რასაც თან ახლავს ეჭვიანობა და არაკეთილმოსურნეობა მამის მიმართ. გოგონებთან ეს ხასიათდება განსაკუთრებული მიჯაჭვულობით მამასთან, სექსუალური ლტოლვის მისადმი მიმართვით და ეწოდება ელექტრას კომპლექსი. მოგვიანებით ეს კომპლექსი განიდევნება არაცნობიერში, ის მამაკაცებისათვის უნივერსალურია და განსაზღვრავს მათი სექსუალობისა და ნევროტიზმის ბევრ ასპექტს. ოიდიპოსი – ძველბერძნულ მითოლოგიაში ფიბიის მეფე. ტრაგედიის თანახმად, ლაიმ (ოიდიპოსის მამამ), რომელსაც უწინასწარმეტყველეს საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი, ბრძანა შვილის ცხოველებისათვის შესაჭმელად მიგდება. მწყემსების მიერ გადარჩენილი ბავშვი მოხვდა კორინთოს მეფე პოლიბთან, რომელმაც ოიდიპოსი საკუთარი შვილივით გაზარდა. მოწიფულობის ასაკის მიღწევისას ოიდიპოსმა ორაკულებისგან შეიტყო, რომ მას უწერია მოკლას მამა და ცოლად შეირთოს დედა. ოიდიპოსმა ვერ გაბედა კორინთოში დაბრუნება, რადგან მას მშობლიურად თვლიდა და დაიწყო მოგზაურობა. გზაში ჩხუბის დროს მან მოკლა უცნობი, წარჩინებული მამაკაცი (ეს იყო ლაი). სფინქსის გამოცანის გამოცნობით ოიდიპოსმა გაანთავისუფლა ფიბია და ამის გამო, აღიარეს ფიბიის მეფედ, ამავდროულად დაქვრივებული იოკასტის (დედის) ქმრად. დაახლოებით 20 წელი იცხოვრა ოიდიპოსმა ბედნიერად და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ დელფიელი ორაკულის წინასწარმეტყველება ახდა. როდესაც ფიბიაში ეპიდემია დაიწყო და დელფის ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ მხოლოდ ლაის მკვლელის გაძევება გადაარჩენდა ქალაქს, ოიდიპოსმა მაშინ გაიგო თავისი დანაშაულის შესახებ. მან თავი დაიბრმავა და განდეგილად წავიდა, იოკასტამ თავი მოიკლა. ასეთია მითი ოიდიპოსზე. მსგავსი ლეგენდები გავრცელებულია ბევრ ხალხთან. ოიდიპოსის სასჯელი გამოხატავს ღრმა წარსულიდან მომავალ, პირდაპირ ნათესავებს შორის საქორწინო ურთიერთობების აკრძალვებს (იხ.ინცესტი). ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის საფუძველსა და არსს. უხსოვარ დროში ადამიანი ცხოვრობდა ყველა მამაკაცის ყველა ქალთან პრომისკუიტეტის სიტუაციაში. ამ საზოგადოებაში წინამძღოლი, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო, ითვისებდა ყველა მდედრს, რომელნიც შეიძლება ყოფილიყვნენ დანარჩენი მამრების დედები, ცოლები და დები. თვითონ წინამძღოლი კი გვევლინებოდა პირველყოფილი საზოგადოების ყველა მამრის მამად. ერთხელ, დამცირებულმა მამრებმა მოკლეს წინამძღოლი-მამა და გადაწყვიტეს ეკზოგამიის შემოღება (სისხლისმიერ ნათესავებს შორის ქორწინებისა და სქესობრივი ურთიერთობების აკრძალვა). ფროიდი თვლიდა, რომ ეკზოგამიის შემოღებამ სათავე დაუდო საზოგადოებრივი მორალის და ადამიანური საზოგადოების სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. პირველყოფილი ძმები, მამის მოკვლის შემდეგ, განიცდიდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს, რომელიც ზოგჯერ გვხვდება ნევროტიკებთან და ბავშვებთან – სიძულვილი და მეტოქეობის განცდა მამასთან მიმართებაში და მისით აღფრთოვანება, აღმოცენდა დანაშაულისა და მონანიების განცდით. ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებამ გამოიწვია ტაბუს (აკრძალვა) დაწესება ინცესტზე და მამის მოკვლაზე. ფროიდის ფსიქოანალიტიკური მიდგომა გულისხმობს,  რომ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩადენილი დანაშაულის განცდა ფარულად არსებობს ყველა ადამიანში. ამაზეა დაფუძნებული მთელი თანამედროვე კულტურა თავისი მორალით და სხვადასხვა შეზღუდვებით. უნდა ითქვას, რომ ეს მოსაზრებები აბსოლუტური არ არის, რადგან წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე მეცნიერების ზოგიერთ მონაცემთან. (იხ.ფროიდიზმი). კლინიკურ და ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში შეიძლება ხშირად შევხვდეთ ოიდიპოსის კომპლექსის სიმბოლურ გამოვლინებას (ქალებისათვის ელექტრას კომპლექსს). მაგალითად, სექსუალური პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის თვისებები და თავისებურებები, რომელიც საწინააღმდეგო სქესის მშობლისთვისაა დამახასიათებელი, უმეტესწილად ეს კანონზომიერება ადამიანის მიერ არ ცნობიერდება. საკამათოდ რჩება ფსიქოანალიტიკური მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოიდიპოსის კომპლექსი ყველასათვის უნივერსალურია.
  • ორგაზმი

    [ბერძ.orgao – ვნებით ანთებული] – სიამოვნების განცდის უმაღლესი ხარისხი, რომელიც აღმოცენდება სქესობრივი აქტის ან სქესობრივი განმუხტვის სხვა ფორმების დამთავრების მომენტში. სექსოლოგიაში ორგაზმი გაგებულია, როგორც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სტრუქტურულ-ფუნქციონალური წარმონაქმნების რთული ურთიერთქმედების რეზულტატი.