WISG-ის ფემინისტურ ბიბლიოთეკას საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა, როცა ფემინიზმზე, გენდერსა და სექსუალობაზე მასალების მოპოვება ინტერნეტითაც კი პრობლემას წარმოადგენდა. WISG-მა გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე მუშაობა სწორედ ამ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებით დაიწყო - ვებ-გვერდის შექმნის პარალელურად, რომელზეც საბაზისო ტერმინოლოგიის გარდა, მცირე მოცულობის აკადემიური სტატიების ქართული თარგმანებიც განთავსდა, ბიბლიოთეკაზეც დავიწყეთ ზრუნვა. სიმბოლურია, რომ ამ წამოწყებაში ამერიკელი რადიკალი ფემინისტის, ნიუ იორკის „ცნობიერების ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ენ სნიტოუს შემოწირულობა დაგვეხმარა, რომელიც მაშინ თბილისში სტუმრად იმყოფებოდა და როგორც აქტივისტს, განსხვავებით ფონდებისგან, კარგად ესმოდა საკითხის აქტუალობაცა და კონტექსტიც. 20 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა არა მხოლოდ თემატური, არამედ მხატვრული ლიტერატურითაც შეივსო. სოლიდარობის აქტით დაფუძნებული WISG-ის ბიბლიოთეკა ღიაა ყველასთვის - თემის წევრების, გენდერისა და სექსუალობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარების თუ სტუდენტებისთვის.