search close
picture განცხადება

WISG-მა CEDAW-ს ლბტი ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის შესახებ განახლებული ანგარიში წარუდგინა (9 იანვარი, 2023)

10 იანვარი 2023

2022 წლის 9 იანვარს, WISG-მა 2021 წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის 81-ე სესიის მოსამზადებელი საშუშაო ჯგუფისათვის წარდგენილი ანგარიში განაახლა. განახლებული ანგარიში კომიტეტის 84-ე სესიისთვის, ახალი კვლევების[1] შედეგად იდენტიფიცირებული მონაცემებით მომზადდა.

WISG-ის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი ანგარიში მიზნად ისახავს CEDAW კომეტეტისთვის იმ პრაქტიკებზე ინფორმაციის მიწოდებას, რაც ლბტი ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციასა თუ ძალადობაში მანიფესტირდება და რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი ეროვნული ანგარიშის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს CEDAW კომიტეტის 2014 წლის დასკვნითი მოსაზრებები, სადაც კომიტეტი გმობდა იმ ფიზიკურ ძალადობასა და შევიწროვებას, რასაც ლბტ ქალები განიცდიდნენ, ასევე შეშფოთებას გამოთქვამდა იმ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, რასაც ტრანსი ადამიანები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისას აწყდებოდნენ. შესაბამისად, კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციები აღნიშნულ ორივე საკითხს ეხებოდა, თუმცა 2020 წლის სახელმწიფოს ანაგარიში უგულებელყოფს რეკომენდაციათა ნაწილს, ისევე როგორც მთელ რიგ საკითხებს, რასაც WISG წლების მანძილზე ადვოკატირებს, 2020 წლის ეროვნული ანაგარიში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნაწილში მხოლოდ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ეხება.

შესაბამისად, WISG-ის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი ანგარიში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რელევანტური მუხლების, მისი ზოგადი რეკომენდაციებისა და კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებების შუქზე, კომისიის ყურადღებას მიაპყრობს საქართველოში ლბტი ქალების უფლებრივ მდგომარეობასა და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრაქტიკაზე; კერძოდ, ანგარიში მიუთითებს კონვენციის მუხლების დარღვევებზე, რაც გამოიხატება ლბტი ქალების წინააღმდეგ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებში, გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის დაურეგულირებლობაში, ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სფეროს დისკრიმინაციულ მოწყობაში, ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში ლბტი ქალების საჭიროებების იგნორირებაში. 

ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე:

WISG - UPDATED Shadow Report on Discrimination and violence against LBTI women (Georgia, January 9, 2023)


ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.


[1] იგულისხმება WISG-ის მიერ ჩატარებული ბოლო კლევები: 1. COVID-19-ის გავლენა ლგბტ(ქ)ი თემზე (2022), 2. წინარწმენიდან თანასწორობამდე. Vol.2 | საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ (2022)