search close
picture კვლევა

წინარწმენიდან თანასწორობამდე. Vol.2 | საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ

6 მაისი 2022

შესავალი

საზოგადოებაში არსებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური დამოკიდებულებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლგბტ(ქ)ი ადამიანების ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური დამოკიდებულებები ყოველთვის არ მანიფესტირდება ქცევაში (ანტი-ლგბტ(ქ)ი განწყობების გამჟღავნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დომინანტური დისკურსი), კვლევები ადასტურებს, რომ მათ შორის მჭიდრო კავშირია (ბერნატი და სხვ., 2001; ფრანკლინი, 2000; პარროტი, 2008). ქვეყნებში, სადაც ძლიერია ანტი-ლგბტ(ქ)ი განწყობები, ჯგუფის წევრები ხშირად ხდებიან, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.

ამავდროულად, საზოგადოებრივი დამოკიდებულები გავლენას ახდენს იმ პოლიტიკისა და საკანონმდებლო სივრცის ფორმირებაზე, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი თანასწორობის საკითხებს ეხება (ლაქსი და ფილიპსი, 2009; რიგლი და სხვ., 2010; ტაკაქსი და ზალმა, 2011). ცხადია, ეს პროცესი არაა ცალმხრივი – პოლიტიკა და საკანონმდებლო გარემო, თავის მხრივ, დომინირებულ საზოგადოებრივ დისკურსზე ზემოქმედებს და ძალადობრივ ქცევასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას არეგულირებს (ბროერი, 2006; უილიამსი და სხვ. 2014). სხვადასხვა ქვეყნაში საზოგადოებრივ განწყობებსა და პოლიტიკას შორის არსებული ურთიერთკავშირი განსხვავდება როგორც შინაარსით, ისე ხარისხით. ლგბტ(ქ)ი საკითხებთან მიმართებაში, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, პოლიტიკის მაფორმირებელი კიდევ ერთი კომპონენტი შემოდის, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასა და საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზებას უკავშირდება.

კვლევები, რომელიც ევროკავშირთან დამოკიდებულების დინამიკასთან ერთად, ქვეყნის ევროპისკენ დეკლარირებული სწრაფვის პარალელურად საზოგადოებაში არსებულ განწყობებს სწავლობს, აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, დემოკრატიის მიმართ რწმენასა და ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანი განსვლაა5 და, ცალკეულ საკითხებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ისინი მაინც ფრაგმენტირებულად, ურთიერთდაუკავშირებელ საკითხებად აღიქმება6 . 2021 წლის გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების ნახევარზე მეტი (54%) სრულიად ან ნაწილობრივ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირი საქართველოს ეროვნული ტრადიციებისთვის საფრთხეს წარმოადგენს (ასეთი რესპონდენტების წილი 2015 წელთან შედარებით, 20%-ითაა გაზრდილი), თუმცა ამ დებულებას გამოკითხულთა 35% ეთანხმება.

ცხადია, ევროკავშირის მიმართ სკეფსისზე სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებს, თუმცა, უდავოა, რომ ამ სკეფსისის გაღვივებაში უმნიშვნელოვანეს როლს რუსული პროპაგანდა ასრულებს. კრემლისტური დეზინფორმაციის მანქანა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ ბუნდოვანებას ერთ იდეოლოგიურ დისკურსში აქცევს, რომელშიც „გარყვნილ დასავლეთთან” მებრძოლ, მართლმადიდებლობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველ რუსეთს უალტერნატივო ლიდერის როლი აკისრია.

კვლევები, რომელიც რუსული დეზინფორმაციის გავლენებს შეისწავლის, აჩვენებს, რომ მათ ნარატივში ლგბტ(ქ)ი ადამიანების ხილვადობასთან და უფლებრივ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. მკვლევართა მოსაზრებით, აღმოსავლეთ დაცენტრალური ევროპის ქვეყნები, რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, განსაკუთრებით მოწყვლადები აღმოჩნდნენ ამ ტიპის პროპაგანდის მიმართ (კოროლჩუკი და გრაფფი, 2018). „მედიის განვითარების ფონდის” მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ჰომოსექსუალობის გამოყენება ანტი-დასავლური განწყობების გასაძლიერებლად, საქართველოში დღესაც ჰომოფობიური რიტორიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს7 .

მიუხედავად იმისა, რომ რუსული დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა კი არ ქმნის, არამედ აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობებსა და საფრთხის განცდას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე, და ერთგვარი ფერმენტის როლსაც თამაშობს საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის, ანტილიბერალებისა და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების შეკავშირებასა და რადიკალიზაციაში.

ერთი მხრივ, ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინარწმენასა და დისკრიმინაციულ ქცევას შორის კავშირი და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ აზრსა და არსებულ პოლიტიკას შორის ურთიერთმიმართების სპეციფიკური ხასიათი, ქვეყანაში ლგბტ(ქ)ი ადამიანებისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოებრივი აზრის სიღრმისეულ, კომპლექსურ კვლევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მოკლე მიმოხილვ

2016-21 წლებში საქართველოში ჩატარებული კვლევები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, ჰომოსექსუალების და/ან ლგბტ(ქ)ი თემის მიმართ დამოკიდებულებებსაც სწავლობს, აჩვენებს, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიური განწყობები კვლავ მძლავრია. ნეგატიური განწყობები და დისტანცია, უმცირესობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრად, ლგბტ(ქ)ი თემის მიმართ ვლინდება. თუმცა, ჩანს ნეგატიური დამოკიდებულებების კლების ტენდენციაც.

ISSA-ს მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებებს სწავლობს, თანახმად: „საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები. რესპონდენტებს, განსაკუთრებით, კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები”8 .

CRRC-საქართველოს მიერ 2015-2019 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ იმ მოსახლეობის წილი, ვინც მიიჩნევს, რომ ლგბტ(ქ)ი თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 21%-იდან 27%-მდე გაიზარდა9 . ამასთან, ცვლილებებს ძირითადად ქალი რესპონდენტების დამოკიდებულებები განაპირობებს. კაც რესპონდენტებს თითქმის არ შეუცვლიათ აზრი ამ საკითხზე (ასეთი რესპონდენტების წილი კაცებს შორის აღნიშნულ ხუთწლიან პერიოდში 20%-იდან 23%-მდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ქალ რესპონდენტებს შორის, სხვაობა საკმაოდ შთამბეჭდავია, და მათი წილი 22%-დან 31%-მდეა გაზრდილი).

ევროპის საბჭოს მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებების დაცვას საზოგადოება ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა, უმცირესობათა სხვა ჯგუფებთან შედარებით. ლგბტ(ქ)ი უფლებების დაცვა ავტომატურად განიხილება, როგორც უმრავლესობის უფლებების შეზღუდვა („ლგბტ ადამიანებმა „საზოგადოება” არ უნდა შეაწუხონ და ჰეტეროსექსუალთა უფლებები არ უნდა „შეზღუდონ”), ხოლო თავად უფლებები აღიქმება, როგორც ქართულ კულტურასა და ტრადიციებთან „შეუთავსებელი”, დასავლეთისგან თავსმოხვეული რამ. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აზრით, ლგბტ(ქ)ი ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვაში ფულს უხდიან10. სამი წლის შემდეგ, განმეორებით ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, „ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია”. ასევე ამაღლებულია ცნობიერება იმ პრობლემების მიმართ, რომელთა წინაშეც უმცირესობები დგანან11.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევები მიზნად არ ისახავს უშუალოდ ლგბტ(ქ)ი ადამიანებისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევას, იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას, ჰომოგენურ ჯგუფად განიხილავს ლგბტ(ქ)ი ჯგუფს და არ იძლევა სიღრმისეული დასკვნების გაკეთების საშუალებას, მთლიანობაში, მათი შედეგები ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც ამყარებს ჩვენი კვლევის შედეგებს.

კვლევის ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე:

წინარწმენიდან თანასწორობამდე. Vol.2 | საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ



5 იხ. მაგ. CRRC `ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში” 2009-2019, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI): `საზოგადოების განწყობა საქართველოში~ (2014-2019) და სხვ.

6 მაგ. იხ. შუბლაძე რ., თ. ხოშტარია. „განსვლა დემოკრატიის მხარდაჭერასა და ლიბერალურ ღირებულებებს შორის”. კავკასიის ანალიტიკური დაიჯესტი N116. 2020.

7 იხ. „მედიის განვითარების ფონდის” მედია-მონიტორინგის შედეგები 2017, 2018,2019, 2020.

8 კვლევის რაოდენობრივი ნაწილი აჩვენებს, რომ ქალ და კაც რესპონდენტებში ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან: გამოკითხული კაცების 83% და ქალების 74% ამბობს, რომ შერცხვებოდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლა; ჰომოსექსუალთა საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებას ეწინააღმდეგება კაცების 83% და ქალების 64%; კაცების 81% და ქალების 54 % მიიჩნევს, რომ მას არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება. UNDP და UNFPA. თბილისი. 2020.

9 ხელმისაწვდომია ბმულზე (10 მარტი, 2022): https://www.caucasusbarometer.org/ge/ndi-ge/MSEXUAL/

10 სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა. ევროპის საბჭო, 2018 წლის ნოემბერი.

11 სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა. ევროპის საბჭო, 2022.