search close
picture კვლევა

ქვიარ თემი და ფსიქიკური ჯანმრთელობა: პროფესიული მიდგომები და თემის გამოცდილება

22 ნოემბერი 2023
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ლგბტქი თემის გამოცდილებების შესწავლას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თემის წევრებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობისთვის, რადგან დღემდე მრავალი სპეციალისტი შესაძლოა არაჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისა და არაბინარული იდენტობების პათოლოგიზებისკენ იყოს მიდრეკილი. მეტიც, ისინი შესაძლოა მიმართავდნენ კონვერსიულ თერაპიულ მიდგომებს, რომლებიც ადამიანის “გარდაქმნას”, მისი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ისახავენ მიზნად. ამგვარი მიდგომების გამოყენება ეთიკის პრინციპების დარღვევად მიიჩნევა, არ არის ეფექტური და ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების საჭიროებების შესწავლა და მათზე რეაგირება, მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ ეთიკური და შედეგიანი მომსახურების გაწევა ლგბტქი ადამიანებისთვის. მოცემული კვლევა სწავლობს ერთი მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ლგბტქი თემთან მუშაობის გამოცდილებას, ცოდნასა და დამოკიდებულებებს, მეორე მხრივ, შეისწავლის ლგბტქი ადამიანების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მიღებულ გამოცდილებებს. კვლევა შერეული დიზაინის არის. ლგბტქი თემის წევრებთან ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები გამოვკითხეთ სტანდარტიზებული კითხვარის მეშვეობით. აღმოჩნდა, რომ პროფესიონალთა უმრავლესობა არ სვამს შეკითხვას კლიენტის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ და ირიბად ცდილობს ამ ინფორმაციის გაგებას ოჯახური სტატუსის/პარტნიორული ურთიერთობების ან კლიენტის „მანერების“ საფუძველზე. ასევე, კვლევის შედეგებში გამოჩნდა, რომ ლგბტქი მეგობრულობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სპეციალისტმა ქვიარ ადამიანს პროფესიონალური და ეთიკური დახმარება აღმოუჩინოს. სპეციალისტებში გამოვლინდა განათლებისა და ეფექტური პროფესიული მიდგომების შესახებ ცოდნისა და სანდო ინფორმაციის წყაროების დეფიციტი. ლგბტქი თემთან ინტერვიუებში კი გამოჩნდა კონვერსიული თერაპიის გამოცდილებები და მათი ნეგატიური გავლენა კლიენტის/პაციენტის კეთილდღეობაზე. ასევე, გამოიკვეთა თანასწორთა მხარდაჭერისა და სათემო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფუნქცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების დაძლევის გზაზე. 

საკვანძო სიტყვები: ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, ლგბტქი, კონვერსიული თერაპია, აფირმაციული თერაპია, „ქვიარ სიბრმავე”.


ქვიარ თემი და ფსიქიკური ჯანმრთელობა: პროფესიული მიდგომები და თემის გამოცდილება