კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვა
20.07.2024.
WISG-ის ფემინისტურ კოლექტივს არსებობის ორი ათწლეულის განმავლობაში ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ მომდევნო ეტაპზე განსხვავებულ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება. ერთ-ერთ მუდმივ გამოწვევად, როგორც ორგანიზაციულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, განვიხილავთ უსაფრთხო, თანასწორი და მზრუნველი ფემინისტური სივრცის შექმნის საკითხს.
ვფიქრობთ, რომ ამ საერთო მიზნისთვის, ქალთა და ქვიარ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია დამკვიდრებული მართვის მოდელების გადააზრება ფემინისტური პერსპექტივიდან, რათა ჰორიზონტალური, თანამონაწილეობითი და ურთიერთზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა იქცეს ორგანიზაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს,“ როგორც ფემინისტურ კოლექტივს, წინამდებარე დოკუმენტით გვსურს წარმოვაჩინოთ კოლექტიური ზრუნვის, როგორც ღირებულების, აღიარებისა და ორგანიზაციულ ცხოვრებაში მისი დანერგვის მნიშვნელობა.
დოკუმენტზე მუშაობა ჩვენი გუნდისთვის თერაპიული და ტრანსფორმაციული იყო. პირველ ეტაპზე ქმედითი კვლევის მეთოდის გამოყენებამ მოგვცა სივრცე ჰორიზონტალური, შემოქმედებითი, კრიტიკული და ინტუიციური მსჯელობებით გაჯერებული პროცესის წარსამართად, სადაც ორგანიზაციის წევრები, ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა შემადგენლობით ვერთვებოდით და განვიხილავდით ინდივიდუალურ და კოლექტიურ ხედვებსა და საწუხარს. მიგვაჩნია რომ დოკუმენტზე მუშაობა განგრძობითი პროცესია და აქედან გამომდინარე, გარკვეული დროის შემდეგ მას კვლავ მივუბრუნდით, რათა ბოლო წლებში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა აგვესახა.
დოკუმენტი, ამავე დროს, ენაში არსებული იერარქიული ტერმინების კრიტიკული გააზრების მოკრძალებული მცდელობაცაა. იმის მიუხედავად, რომ ვაცნობიერებთ ამ მხრივ ჩვენი მცდელობის ლიმიტებს, მნიშვნელოვანი გვგონია, ენაში ჩაშენებული ძალაუფლების დეკონსტრუქცია ჩვენი ფიქრის მუდმივ საგნად გადაიქცეს.
კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვის დოკუმენტი არ არის სტანდარტიზებული. ის, ერთი მხრივ, მანიფესტური ხასიათისაა, სადაც დეკლარირებულია WISG-ის მიერ თანაგაზიარებული ფემინისტური და ეკოცენტრული პრინციპები, და მეორე მხრივ, ეფუძნება ორგანიზაციულ გამოცდილებას და მორგებულია მისი მუშაობის ფორმატზე. ამასთან ერთად, იმედი გვაქვს, ის შთაგონების მიმცემი იქნება, როგორც ფემინისტური და ქვიარ ორგანიზაციებისა და კოლექტივებისთვის, ისე სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებებისთვის, რომელთა სურვილია ზრუნვის მნიშვნელობის აღიარება ორგანიზაციის სტრუქტურასა ან/და საქმიანობაში.
- საჭიროება
ჩვენ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ვთანხმდებით, რომ კოლექტიური ზრუნვა ფემინისტური ღირებულებაა და ორგანიზაციულ ცხოვრებაში მისი ასახვა მნიშვნელოვანია.
ორგანიზაციულ ცხოვრებაში ფორმალური, შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობების გარდა ვგულისხმობთ კოლექტივში ურთიერთმხარდამჭერი კავშირების ფორმირებას. ამ თვალსაზრისით, პირად ძალისხმევას და საქმეში შეტანილ წვლილს საერთო ქმედების ნაწილად განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ საერთო მიზნისკენ სწრაფვისას აუცილებელია ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე, და ამიტომ, თითოეული ჩვენგანის დროს, ენერგიას და ემოციას თანაბრად ხელმისაწვდომ და თანაწონად რესურსად მოვიაზრებთ.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) , როგორც ნდობაზე დაფუძნებული ფემინისტური სივრცე, რომელიც აღიარებს ზრუნვას როგორც შრომას, გუნდის წევრებს შორის მისი სამართლიანი განაწილებისკენ ისწრაფვის. ამასთანავე, ჩვენთვის ზრუნვა სოლიდარობის, უერთიერთხელშეწყობის, და სწავლების მრავალგანზომილებიანი პროცესია, სადაც შესაძლებელია საერთო საწუხარის შესახებ კოლექტიური და პირისპირ მსჯელობა, და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
აქედან გამომდინარე, ეგოცენტრულიდან ეკოცენტრულ ცნობიერებაზე გადასასვლელად შემოგვაქვს კოლექტიური ზრუნვა, როგორც ფემინისტური პრინციპი, რათა ხელი შევუწყოთ პიროვნული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული პრაქტიკების დამკვიდრებას.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი კოლექტიური ზრუნვის პრინციპს მიმართავს ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ და სათემო დონეებზე შემდეგ სივრცეებსა და საქმიანობებში:
- საერთო ფიზიკური და ვირტუალური სივრცე: კოლექტიური ზრუნვის პრინციპებით მოქმედება და ასეთი სივრცეების შექმნა;
- ორგანიზაციული და საპროექტო საქმიანობა: პროექტების დაგეგმვისას და განხორციელებისას ორგანიზაციის ყველა რგოლის თანამშრომლების კეთილდღეობის და დაცულობის პრინციპების გათვალისწინება;
- თემის წევრებთან ურთიერთობა: თანამონაწილეობისა და კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების დანერგვა.
მიზანი
ორგანიზაციის მისიის მისაღწევად, კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვის გზით, ფემინისტური სოლიდარობისა და თანამონაწილეობითი პრინციპების და პრაქტიკის უზრუნველყოფა.
- შეთანხმებები კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვისთვის
A. საერთო ფიზიკური და ვირტუალური სივრცეები:
A.1 ინდივიდუალური დონე:
▪ ფიზიკურ სივრცეში ერთმანეთისთვის სამუშაო პროცესში მყუდროებისა და კომფორტის უზრუნველყოფა
▪ გუნდის წევრებს შორის საერთო რესურსების თანაბარად გასანაწილებლად პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და შესაბამისი თვითრეგულაცია.
▪ გუნდის წევრების მხრიდან ერთმანეთის პროფესიული და პირადი საზღვრების მოფრთხილება.
▪ ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, გარე და ონლაინ სივრცეებში, თემის წევრების და ერთმანეთის უსაფრთხოების და საჭიროებების გაცნობიერება, პასუხისმგებლობის გაზიარება, მხარდაჭერა და აქტიური სოლიდარობა
▪ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კრიტიკული გააზრება და გარემოსდაცვისთვის გაღებული ძალისხმევის აღიარება.
A.2 ორგანიზაციული დონე:
▪მსჯელობისა და რეფლექსიისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების უზრუნველყოფა. ძალაუფლების, მიღწევისა და წარუმატებლობის კონსტრუქციული ანალიზი
▪ გარე და შიდა საქმიანობის დაგეგმვისას თემის მგრძნობელობის გათვალისწინებით უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფა
▪ სხეულზე მორგებული და მზრუნველი საოფისე გარემო: ავეჯი, სანიტარიული პირობები, თვითმოვლის და მოსვენების შესაძლებლობა, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, სივრცის რაციონალური განაწილება
▪ ბავშვის მიმართ მეგობრული გარემო: ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება ოფისში და ოფისის გარეთ აქტივობების დაგეგმვისას
▪ ლოგისტიკის დაგეგმვისას რესურსების დაზოგვის და სუფთა გარემოს პრინციპების დაცვა სამუშაო სივრცეში და მის გარეთ
A.3 სათემო დონე:
▪ ოფისში თემის წევრების თანამონაწილეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა: შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის კეთილგანწყობილი სივრცის ორგანიზება; ამ სივრცის მოწყობა და მასპინძლობა
▪ თემისა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ხელშეწყობა
▪ თემის წევრების საჭიროებებისა და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე „არ ავნო“ პრინციპით მოქმედება ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეებში.
B. ორგანიზაციული და საპროექტო საქმიანობა:
B.1 ინდივიდუალური დონე:
▪ ორგანიზაციულ და საპროექტო საქმიანობაში საჭიროებისამებრ და შესაძლებლობის ფარგლებში ურთიერთშეხიდება
▪ პროექტის დაგეგმვისას თანამშრომლებს შორის იდეების, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება და უერთიერთსწავლება
▪ ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის და უკუკავშირის მნიშვნელობის გაცნობიერება და პრაქტიკაში დანერგვა
▪ საპროექტო საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას კოლეგების შესაძლებლობების, უნარების, ინტერესების, და სურვილებისა გათვალისწინება
▪ ორგანიზაციულ და პროექტულ საქმიანობაში სხვადასხვა ჩაგრული სოციალური ჯგუფის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება, სოლიდარული ინტერსექციური სივრცეების შექმნა
▪ საკუთარი შესაძლებლობების ზღვრულობის გააზრება და მისი გაჟღერება გუნდში, თვითზრუნვა შინაგანი რესურსების და ძალების აღსადგენად
B.2. ორგანიზაციული დონე:
▪ ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის ახალი იდეების ძიება.
▪ სტრატეგიების დაგეგმვისა და პროექტების შემუშავებისას გუნდის წევრების ემოციური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის საჭიროებების გათვალისწინება
▪ ორგანიზაციის რესურსების ზღვრულობის გაცნობიერება და გათვალისწინება საპროექტო საქმიანობის დაგეგმვისას
▪ საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის და სივრცის არჩევის შესაძლებლობის შეთავაზება
▪ გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის მზაობა და საჭიროებების შემთხვევაში საქმიანობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
▪პროექტის წერისას გუნდის წევრებს, ასევე საქმიანობაში მოაზრებულ გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის (გარე კონტრაქტორები) ინფორმაციის და მოსაზრებების გაცვლა, მათი ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინება
▪ ცოდნის შექმნისას ინტერსექციური, ფემინისტური და ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდის დანერგვა.
▪ ზრუნვა ფართო საზოგადოებისათვის ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
▪პროექტების იდეის შემუშავებისა და განხორციელებისას სხვა ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებთან კოლეგიალობის და თანასწორობის პრინციპების დაცვა
▪ მწვანე ხედვის ინტეგრირება ორგანიზაციულ ცხოვრებაში და ეკოცენტრული ცნობიერების პრაქტიკაში დამკვიდრების ხელშეწყობა
B.3 სათემო დონე:
▪ თემის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, „არ ავნო“ პრინციპზე აგებული ხილვადობის პოლიტიკის განხორციელება
▪ თემის წევრების ინიციატივების მიმართ ღიაობა - საპროექტო საქმიანობებში ჩართვისთვის მათი შესაძლებლობების, ცოდნის, შემოქმედებითი პოტენციალის და სურვილების გათვალისწინება
▪ არაფორმალური საინიციატივო ჯგუფებისა და თემის წევრების წამოწყებების მხარდაჭერა, მათ შორის სივრცით უზრუნველყოფა, რეკომენდაციის გაწევა და საქმიანობის წარმართვაში ხელშეწყობა.
C. თემის წევრებთან ურთიერთობა:
C.1 ინდივიდუალური დონე:
▪ თემის წევრების განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტისა და გამოწვევების გათვალისწინება და მათდამი გულისხმიერი დამოკიდებულება
▪ კოლეგა ორგანიზაციების მიმართ თემის წევრების ჩივილების მართვა ნეიტრალიტეტის პრინციპით
▪ საკუთარ ძალაუფლებაზე კრიტიკული რეფლექსია და მის ფარგლებში კეთილსინდისიერი და გულითადი საქმიანობა
▪ ირიბი ტრავმატიზაციის რისკების გაცნობიერება და გაზიარება.
C.2 ორგანიზაციული დონე:
▪ ცხადი კომუნიკაცია ორგანიზაციის რესურსების შეზღუდულობასა და სერვისების გაცემისას პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობაზე
▪ სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით ორგანიზაციის საქმიანობაში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება და მათი რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა
▪ ინტერსექციური მიდგომით ხელმძღვანელობა დღის წესრიგისთვის აქტუალური საკითხის ადვოკატირებისას და კომუნიკაციის სტრატეგიების განხორციელებისას (ხილვადობის პოლიტიკა, ცოდნების თანამონაწილეობითი გავრცელება და სოციალური ადვოკატირება
▪ ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავებისას თანამონაწილეობითი პრაქტიკის უზრუნველყოფა, თემის წევრების ხედვების გათვალისწინება და მიღწეული შედეგების თემთან გაზიარება
▪ თემის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობა.
C.3 სათემო დონე:
▪ თემის წევრების შესაძლებლობების გამოვლენა და აღიარება
▪ თემის წევრებსა და სხვა ჩაგრულ სოციალურ ჯგუფებს შორის ზრუნვისა და სოლიდარობის ხიდების მშენებლობა, ერთმანეთის საჭიროებების ირგვლივ მობილიზება
▪ თემის წევრებს შორის ეკოცენტრული ინიციატივების ხელშეწყობა.