2019 წლის ქვიარ დების გარბენი "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის", "ახალგაზრდა მწვანეების" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“ თანაორგანიზებით მოეწყო.
წლევანდელი გარბენი სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ორგანიზატორი ჯგუფების მცდელობაა, ერთმანეთს დავუკავშიროთ ქვიარ და მწვანე პოლიტიკების საკითხები, რადგან ჩვენი რწმენით, ქვიარ და მწვანე პოლიტიკას საერთო მიზანი აქვს - სოციალურად სამართლიანი, თანასწორი და უსაფრთხო გარემო ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ასაკის, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, საცხოვრებელი ადგილის, აღმსარებლობის თუ წარმომავლობისა.
სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სამართლიან, თანასწორ და უსაფრთხო გარემოს, ხელს უწყობს ადამიანთა დისკრიმინაციას, როგორც გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ისე - ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოებებით.
სოციალურად უსამართლო სახელმწიფო ლგბტქ მოქალაქეების ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე, ძალადობასა და მის პრევენციაზე თვალს ისევე ხუჭავს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დაბინძურებული გარემოს თუ ეკონომიკურ აქტორთა მიერ ექსპლუატირებული სივრცეებისა და ადამიანების პრობლემებზე.
12 მაისის გარბენით ხელისუფულებას ვახსენებთ, რომ მის დღის წესრიგში არ დგას სოციალურად და ეკონომიკურად თანასწორი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ყოველწლიური ქვიარ დების გარბენის იდეა WISG-მა 2018 წელს შემოიტანა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.