გიწვევთ ფილოსოფოსების, თამარ ცხადაძის და ლელა გაფრინდაშვილის დისკუსიაზე "სიმონ დე ბოვუარის დილემა".
"ჩვენი დიალოგი-დისკუსია შეეხება სიმონ დე ბოვუარს, როგორც ფემინისტის და როგორც ექსისტენციალიზმის წარმომადგენლის წვლილს აზროვნების ისტორიაში. ვისაუბრებთ მის „მეორე სქესზე“ , როგორც ყველაზე ცნობილ და გავლენიან ნაშრომზე. მაგრამ ასევე შევეხებით მის 1947 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს „გაურკვევლობის ეთიკა“, რომელიც ეხება ეგზისტენციალური ეთიკის ცენტრალურ დილემას: ერთი მხრივ, ადამიანის აბსოლუტური თავისუფლების აღიარებასა და, მეორე მხრივ, გარემოებებით - განსაკუთრებით, ჩაგვრის გარემოებებით - შეზღუდვის დაშვებას შორის.
ეს დილემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოვუარისთვის, როგორც ფემინისტისთვის, რადგან მისი ამოცანაა ქალის ჩაგრულობის აღიარება შეათავსოს ქალის, როგორც საკუთარი ბედისთვის პასუხისმგებლის, როგორც ტრანსცენდენციის (რაც ექსისტენციალიზმში ავთენტიკური ადამიანობის აუცილებელი პირობაა) შესაძლებლობასთან. ამ დილემის გააზრება მნიშვნელოვანია „მეორე სქესის“ ბევრი არსებითი თეორიული მომენტის გასაგებადაც, მათ შორის ისეთთა, როგორიცაა სქესის და გენდერის ბოვუარისეული განსხვავება, მისი აფორიზმი, რომ ბიოლოგია ბედისწერა არ არის და სხვა.
დისკუსიის განმავლობაში ვიმსჯელებთ ბოვუარისეულ დილემა/ებ/ზე და შევეცდებით ამ მსჯელობის თანამედროვე ფემინისტურ დებატებთან დაკავშირებას.
ადგილი: ბარბარე ჯორჯაძის ფემინისტური კაბინეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-5 კორპუსი, სულხან ცინცაძის #63 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)