ქალის სხეული, ქვიარ სხეული, სხეული და მისი ("შეზღუდული") შესაძლებლობა - ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2019 წლის გამოშვების განსაკუთრებულ ფოკუსში სხეულია - არა(მხოლოდ) როგორც ანატომიური ფენომენი, არამედ როგორც პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, გენდერული და სხვა იდენტობების მქონე სუბიექტი. ამ მრავალგანზომილებიან სუბიექტს აქვს სექსუალობა - მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ადამიანის თვითაღქმაში, მისი პიროვნების ფორმირებასა და რეპრეზენტაციაში - რომელზეც მუდმივად ზემოქმედებს შიდა და გარე კონტექსტები.
ჩვენი კინოპროგრამის გაბედული რეჟისორები ახერხებენ ადამიანის სხეულში და მის გარეთ არსებული შეზღუდვები და შესაძლებლობები, მათი როლი სექსუალობის ჩამოყალიბებასა და თვითაღქმაში, ერთი მხრივ ემპათიით, სიფრთხილით და სენსიტიურობით გამოიკვლიონ, მეორე მხრივ კი რადიკალური გამოწვევებით და შიშველი გულწრფელობით მიგვიძღვიან ამ ფუნდამენტურ მოგზაურობაში.
ფესტივალის პროგრამა:
8 მარტი
19:00 - "ქალგმირები (სამი ამბავი)" | 3 წუთი | საქართველო | 2019*
რეჟისორი: ნათია ნიკოლაშვილი | სტუდია "ანიმატორი"
ნახატი: ანუკ ბელუკა
ანიმაციურ ფილმად გაცოცხლებული ალტერნატიული ისტორია XVIII საუკუნეში მცხოვრები სამი უჩვეულო სიძლიერის და სიმამაცის მქონე ქალისა - თამარ ვაშლოვნელი, თინა წავკისელი და ანა ბაჯი.
*ჩვენების შემდეგ გაიმართება ფილოსოფოსის და გენდერის მკვლევარის ლელა გაფრინდაშვილის ლექცია: "ამაძონები, დედები და ქალები".
9 მარტი
16:00 - "სიყვარული, სექსი და როკ'ნ'ოლის ეტლი" | 45 წუთი | გერმანია | 2017
რეჟისორი: სიუზან ვუსტნეკი*
დოკუმენტური ფილმის პროტაგონისტები გვაჩვენებენ, თუ როგორც ცხოვრობენ - თვითგამორკვეულნი, გამბედავად და ტაბუების გარეშე. ოთხივეს ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ეს მათ ცხოვრებაში ხელს არ უშლის. გმირები ერთმანეთს ეროტიკულ ვორქშოფზე ხვდებიან - თვითგამორკვევის ინსტიტუტში.
*ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია რეჟისორთან.
*სუზანა ვიუსტნეკის ვიზიტის ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი" Women's Fund in Georgia
18:00 - "შემომხედე ეგრე" - | 10 წუთი | დიდი ბრიტანეთი | 2017
რეჟისორი: მარიკა ქოჩიაშვილი & ტამზინ ომონდი
ფილმი-კვლევა ეფუძნება საკუთარი სექსუალური გამოცდილებების შესახებ 30 ქალის ინტერვიუს. რეჟისორთა ინსპირაცია ამ ქალების გამოწვევები და გამარჯვებებია. „შემომხედე ეგრე“ სვამს კითხვას, თუ როგორი გრძნობაა ქალისთვის, თავი გაითავისუფლოს პატრიარქატის მიერ განსაზღვრული და შეზღუდული სექსუალობისგან, საზოგადოების და პარტნიორის მხრიდან დადგენილი მოლოდინებისგან, და ამის ნაცვლად, გარე განმსზღვრელების გარეშე, განიცადოს საკუთარი სექსუალობა იმ სამყაროში, სადაც ამგვარი გათავისუფლების ერთ-ერთ გზად მისთვის მასტურბაცია იქცევა.
18:15 - "კნუტები" | 8 წუთი | 2016 | & "კავშირი" | 30 წუთი | უკრაინა | 2018 |
რეჟისორი: ჟანა ოზირნა
ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმები ლესბოსელი წყვილის ურთიერთობის განვითარებას აკვირდება, კამერა კი თითქმის ყოველთვის ჩართულია - მაშინაც როცა სიტუაცია სახალისოა და მაშინაც, როცა - დაძაბული. გმირის მცდელობა, შეინარჩუნოს პარტნიორთან ურთიერთობა და მეორე მხრივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ხელახლა იპოვოს მის წევრებთან კავშირი, რეალურ ცხოვრებაში განცდილი ამბებია.
10 მარტი
18:00 - "არ შემეხო!" | 123 წუთი | რუმინეთი, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბულგარეთი, საფრანგეთი | 2018 |
რეჟისორი: ადინა პინტილიე
რეჟისორი და მისი გმირები ერთვებიან პერსონალურ პროექტში, რაც სიახლოვის კვლევას ითვალისწინებს. სინამდვილესა და წარმოსახვას შორის მკრთალ საზღვარზე ფილმი ლორას, თომასის და ქრისტიანის ცხოვრების მიმართ ღრმა ემპათიით გაჯერებულ ემოციურ მოგზაურობას წარმოგვიდგენს. ისინი ისწრაფვიან სიახლოვისკენ, მაგრამ გულის სიღრმეში ეშინიათ ამისი. ისინი ცდილობენ დაძლიონ ძველი სტერეოტიპები, თავდაცვის მექანიზმები და ტაბუ, რომ საბოლოოდ თავისუფლება მოიპოვონ.
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" მოხარულია წარმოგიდგინოთ კინოფესტივალის ჩვენებების ახალი ადგილი - Politika