search close
picture ღონისძიება

როზადან სიმონამდე 10: ფემინისტური პოლიტიკა - სხეულების და ადგილების ავტონომია

გამართვის თარიღი : 6 მარტი 2021

ფემინისტური ფილმების ფესტივალის როზადან სიმონამდე დაარსებიდან 10 წლის და როზა ლუქსემბურგის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნად, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაზე.
ამჯერად ფემინისტური პოლიტიკის ორ ასპექტს შევეხებით: სიყვარულის და გარემოს დასაცავად ბრძოლის ფემინისტურ გააზრებას.
ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობის და თავისუფლებისთვის ბრძოლა რადიკალურად ფემინისტური უნდა იყოს და განსხვავებული ჩაგვრები დაფაროს. ამიტომ ამ წლის პროგრამა ორ უხილავ ჩაგვრას - ემოციურ ძალადობას და გარემოს განადგურებას - ქალების პერსპექტივიდან გვაჩვენებს.
ბრძოლა სხეულებისა და ადგილების ავტონომიისთვის ხშირად მხოლოდ კულტურულ პრობლემად მოიაზრება. ჩვენ გვჯერა, რომ ფემინიზმის ამოცანა უფრო დიდია და ლოკალურად, სახელმწიფო რეპრესიული და იდეოლოგიური აპარატების, პოლიციური, სამხედრო, ტექნოლოგიური კონტროლის რეჟიმების წინააღმდეგ არის მიმართული. გლობალურად კი, მან კონტექსტში უნდა ჩასვას სექსიზმი, რასიზმი, სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა და ახსნას როგორ და რატომ გამორიცხავს ეს სისტემა უფრო და უფრო მეტ ადამიანს? ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ რატომ მცირდება ადამიანების ხელმისაწვდმობა რესურსებზე?
როზა ლუქსემბურგის ინტერნაციონალური სოციალიზმი და სიმონ დე ბოვუარის კრიტიკული ფემინისტური ნააზრევი ფესტივალის ამოსავალი წერტილებია. ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმით და მოხსენებით ვეცდებით ვაჩვენოთ რა აქვთ სათქმელი ქალებს სიყვარულის, სოლიდარობის და გადარჩენის შესახებ?

დღის წესრიგი:
15:00-16:15 - მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სიყვარულის სახელით“
ნუკრი ტაბიძის მოხსენება
შესვენება 15 წუთით
16:30-17:00 - მოკლემეტრაჟიანი, ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „მიწა-წყალი“
ნინო გოგუა და ეკა წოწორია: ფილმის წარდგენა და საუბარი თანარეჟისორებთან
ალექსანდრა აროშვილის მოხსენება: სიცოცხლის კვლავწარმოებისთვის - ჩვენი დროის რევოლუციური ბრძოლა
****
ღონისძიება პანდემიათან დაკავშირებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, კავკასიური სახლის შეხვედრების დარბაზსა და ეზოში გაიმართება.
ღონისძიება პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემა ქალთა ინიციატივების მხარმდამჭერი ჯგუფის ფეისბუქ გვერდზეც.