ჰომოფობიით მანიპულირება: პოპულიზმი, საზოგადოება და ქვიარ წინააღმდეგობა საქართველოში
/კონფერენცია და გამოფენა/
/კონფერენცია და გამოფენა/
დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:
https://shorturl.at/hmzFS
2013 წლის 17 მაისის ცნობილი მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. გასული დეკადის განმავლობაში, სხვა სოციალური და პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, ლგბტქი მოძრაობის წიაღში პოლიტიკური არტიკულირების და სტრატეგიათა ფორმირების რთული პროცესი მიმდინარეობდა. ამავდროულად, ვაკვირდებით გენდერის და სექსუალობის საკითხების მიმართ საზოგადოებრივი და ინსტიტუციური განწყობების ცვლილებებსაც.
სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სხვა მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების მსგავსად, ქვიარ თემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მობილიზების, ადვოკატირების, და წინააღმდეგობის სხვადასხვა სტრატეგია დაეფუძნოს ინტერსექციურ მიდგომას, რომელიც აჩვენებს გენდერის და სექსუალობის გადაჯაჭვულობას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ ეკოლოგიურ განზომილებებთან.
ამ მოცემულობის კვლევა და კრიტიკული ანალიზი სულ უფრო აქტიური ხდება ვიწრო აქტივისტურ თუ აკადემიურ წრეებში, რომლებიც ქვიარ-ფემინისტურ პოლიტიკას საერთო პოლიტიკური ემანსიპაციისთვის ბრძოლის აუცილებელ ნაწილად ვხედავთ, მაგრამ პოლიტიკური ძალაუფლების ველზე დღეს წარმოდგენილი ჯგუფების ინტერესშია, რომ გენდერის და სექსუალობის საკითხები ერთგანზომილებიან პრობლემად დარჩეს, რომელსაც (გეო)პოლიტიკური თუ სოციალური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენებენ.
ბოლო ათწლეულის მოვლენების კონტექსტში, ამას სისტემატურად და ნათლად გვაჩვენებს, ერთი მხრივ, კონსერვატიული პოპულიზმის გამტარი ხელისუფლება, რომელიც ღიად ანტი-გენდერული და ანტი-ქვიარ პოლიტიკით მოკავშირეობის ქსელს უკვე გლობალური მასშტაბით აფართოებს, და მეორე მხრივ, ლიბერალური პოპულიზმის ფრთაზე წარმოდგენილი პარტიები, რომელთა იდეოლოგიის მთავარი ქვაკუთხედი “თავისუფლების” და "თანასწორობის" შინაარსგამოცლილი გაგებაა, რომელსაც გენდერული, რასობრივი, გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური უთანასწორობის, ჩაგვრის და ექსპლუატაციის განზომილებები არ აქვს.
11 მაისის კონფერენცია “ჰომოფობიით მანიპულირება: პოპულიზმი, საზოგადოება და ქვიარ წინააღმდეგობა საქართველოში” მიმდინარე წელს ჩვენი კიდევ ერთი მცდელობაა შევქმნათ ინტერდისციპლინური მსჯელობის სივრცე, სადაც კრიტიკულად და დიაქრონულად გავაანალიზებთ როგორ იცვლებოდა ჰომოფობიური დისკურსი და მისი აქტორები 90-იანი წლებიდან დღემდე, და რა სისტემური ფაქტორების და აქტორების ურთიერთიმართება უშლის ხელს, ან ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქვიარ-ფემინისტური პოლიტიკა სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ფუნდამენტურ ნაწილად იქცეს.
კონფერენციის პარალელურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება გამოფენა 19:30 საათამდე.