ფემინისტური ფორუმი ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის ინიციატივაა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან აკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანია, ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა.
წლევანდელი ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება. პირველი ნაწილი მოიცავს ონლაინ პანელურ დისკუსიებს, რომლებიც ივლისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
📌 ონლაინ დისკუსიებზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/6P8uZXmsvf1kbJXFA
ფორუმის ფიზიკური შეხვედრის შესახებ, რომელიც სექტემბერში გაიმართება, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
ფორუმი 2024 წლის კონცეფცია:
2024 წლის ფემინისტური ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გადააზრებას ინტერსექციური ფემინისტური მიდგომით. ფორუმი სამ თემადაა დაყოფილი. პირველი ნაწილი საქართველოში, 2024 წელს მიღებული და ინიცირებული კანონების ერთობლიობას რეგიონულ თუ გლობალურ სოციო-პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირებს. ფორუმის მეორე ნაწილი უახლოეს წარსულთან რეტროსპექტიულად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, სოციალური პროტესტის ფორმებს და მათში გაღვივებულ წინააღმდეგობის კერებს სივრცულ, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში განიხილავს. ხოლო ფორუმის მესამე თემა სხეულებს და მოწყვლადობის კვლავწარმოებას დაეთმობა.
გასულ წლებში, ფემინისტური ფორუმის ფიზიკურ ფორმატს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. არც წელს გვინდოდა, დაგვეთმო მოსაზრებათა გაცვლისთვის ციფრული გაუცხოებისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი სივრცის მგრძნობელობა და რამდენიმედღიანი შეხვედრებისას ერთმანეთის ნახვით მოგვრილი სიხარული. სამწუხაროდ, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის, მომძლავრებული რეპრესიების და ძალადობის ფონზე, ფემინისტური ფორუმი წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და პანელების უმრავლესობა ონლაინ ჩატარდება. სწორედ ეს საფრთხის შემცველი პროცესებია წლევანდელი ფორუმის კონცეფციის ამომავალი წერტილი, რამდენადაც გარდაუვალად მიგვაჩნია მათი კონტექსტუალიზება სახელმწიფო, რეგიონულ და გლობალურ პროცესებში.
ამ პოლიტიკური კრიზისის თანმდევი, ინიცირებული თუ მიღებული კანონების ერთობლიობა ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს უკავშირდება. მხოლოდ ამ ერთობლიობის ანალიზი ხსნის ძალაუფლების ცენტრში მოქცევის მოტივებს და ნათელს ჰფენს პოლიტტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც 2024 წელს შემოღებული კანონებით საზრდოობს და სახელმწიფოს აქცევს მმართველი ოლიგარქისა და მისი გუნდის აქტივად, ქვეყნის რესურსებს კი - კაპიტალისტური კლასის კეთილდღეობის წყაროდ. არსებულ გეოგრაფიულ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დიქოტომიებში, კანონების ერთობლიობის ანალიზი წინაპირობაა იმისა, რომ, ამ დუალობებს მიღმა, ახლებური კონსერვატიზმის, პოპულიზმის, ავტორიტარული მმართველობის და კაპიტალისტური კლასის ხელში დოვლათის დაგროვების კონცეფციების შესახებ ვიმსჯელოთ და გავიაზროთ, რას მოიცავს ჩვენი შემდგომი მოქმედების არეალი.
ამ თემებში ჩაღრმავება მოიაზრებს როგორც მათ კონცეპტუალურ გაშლას, ისე მათ ისტორიზაციას დღევანდელი კრიზისით დახუნძლული პერსპექტივიდან; წარსულ სამოქალაქო პროცესებში ჩაღრმავება ნიადაგს ამზადებს არა მარტო იმისთვის, რომ გასული ნახევარი წლის პროტესტის დეცენტრალიზაციასა და აფექტებს დავარქვათ სახელი, არამედ იმისთვისაც, რომ დავინახოთ, როგორ შეიძლება ერწყმოდნენ სახელდებული პროცესები, იდეები თუ გრძნობები უხილავ პოლიტიკას. ამ საკითხებზე საუბარი კი, შეუძლებელი იქნებოდა მოწყვლადობის სხეულებრივი, სოციალური თუ ეკონომიკური შრეების შემოტანის გარეშე. როგორ ხდება მათი კვლავწარმოებით არსებული იერარქიების განმტკიცება?! ფორუმის ბოლოს ვეცდებით ერთად ჩავუღრმავდეთ ამ კითხვებს და ჩვენს ყოველდღიურობაში ამოვიცნოთ მოწყვლადობის პარადიგმები.
ფორუმის ონლაინ პანელური დისკუსიები გაიმართება შემდეგი თანმიმდევრობით:
I პანელი
23 ივლისი - 19:00 საათი
🟡 ანტი-გედნერული ნარატივები პოპულიზმის, კაპიტალის, და ავტორიტარული მმართველობის სამსახურში
II პანელი
25 ივლისი - 19:00 საათი
🟡სოციალური პროტესტები საქართველოში: უჩინართა ხმა „ეგზისტენციური კრიზისის“ ფონზე
III პანელი
31 ივლისი - 19:00 საათი
🟡პროტესტის მრავალხმიანობა და გაბნეული პოლიტიკის უხილავი ველი
IV პანელი
10 სექტემბერი - 19:00 საათი
🟡 ანტი-გენდერული დისკურსი და ფემინისტური წინააღმდეგობა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - რეგიონული დიალოგი
V პანელი
11 სექტემბერი - 19:00 საათი
🟡ინიცირებულ კანონებზე და მათ მიღმა: რეგიონის პოლიტ-ეკონომიკური რეალობები და საზოგადო პრობლემატიკის ჩამოყალიბება
ონლაინ დისკუსიების დღის წესრიგი და მომხსენებელთა სია ჩვენს სოც.მედია ქსელებში დაიდება, თვალი გვადევნეთ ამომწურავი ინფორმაციისთვის.
Facebook: https://www.facebook.com/WISG.org
Instagram: https://www.instagram.com/thisiswisg/
ფემინისტური ფორუმი 2024 წელს ტარდება ILGA-Europe, UNDP, Kvinna till Kvinna, RFSL, და RFSU-ს მხარდაჭერით