"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" 7-დან 11 მარტის ჩათვლით, ფონდ „კვინა ტილ კვინას“ მხარდაჭერით წარმოადგენს ფემინისტური ფილმების ფესტივალს „როზადან სიმონამდე“. ფესტივალის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში კინოთეატრ ამირანში საღამოს 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის ხუთი ფილმი. წელს კინოფესტივალი "როზადან სიმონამდე" საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ყოფით რეალობას დაეთმობა. ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმები, ესაა იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფის ქალები: ლესბოსელები, ტრანსგენდერები, ეთნიკური უმცირესობები, სოფლად მცხოვრები და სხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები ცხოვრობენ; ეს არის რეალობა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, რომელსაც ხშირად მიზანმიმართულად მალავენ და რომელიც მხოლოდ ფატალური შედეგებით იქცევს ხოლმე ფართო საზოგადოების ყურადღებას.
7 მარტი - "ვაჩნაძის ქუჩა" (40 წთ. 2013)
8 მარტი - "2014" (37 წთ. 2015)
9 მარტი - "უჩინარნი" (26 წთ. 2002)
10 მარტი - „სადახარ, ჩემო სულიკო“ (28 წთ. 2006)
11 მარტი - „კოდექსები და ლექსები“ (26 წთ. 2006)
- ამ ფილმებში უხილავობა, ნაადრევი ქორწინება, დაუსრულებელი ფემიციდი და ქალების თვიმკვლელობამდე მიყვანა, ჰომოფობია დატრანსფობია, საჯარო სივრციდან გარიყვა, ქალის შემოქმედების უარყოფა და ეთნიკური უმცირესობების ცხოვრებაა ასახული.
ყოველი სეანსენის დასრულების შემდეგ თითოეული ამ საკითხის გარშემო გაიმართება დისკუსია, კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის, ფესტივალის სტუმრების, ფემინისტური მოძრაობის წევრებისა და მაყურებლის მონაწილეობით.
ფესტივალს "როზადან სიმონამდე" WISG მეორედ მართავს. 2013 წელს ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში გადაღებული ფემინისტური ფილმები იხილა.