search close
picture განცხადება

შსს-ს თანამშრომელი ტრანსი ქალის პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებისთვის გაათავისუფლეს

22 იანვარი 2019

WISG სამართლებრივ დახმარებას უწევდა ტრანსგენდერ ქალს ბაბეტას, რომლის პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ.

2018 წლის 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებული ბაბეტას პერსონალური მონაცემები არასამსახურებრივი მიზნით გადაამოწმა ამავე სამინისტროს აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტის უბნის ინსფექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ე. გ.-მ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებით ე. გ. ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა.

ასევე, შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, ე. გ.-ის ქმედება მიჩნეულ იქნა დისციპლინურ გადაცდომად და მინისტრის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ტრანსი ქალის განმარტებით, იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც მისი პერსონალური ინფორმაცია ფიგურირებდა, მისი ნებართვის გარეშე გაანდეს მის დედას. ამ უკანასკნელმა ხსენებულ შემთხვევამდე არაფერი იცოდა მისი გენდერული იდენტობის შესახებ და სწორედ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ შეიტყო. დაზარალებული განმარტავს, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ურთიერთობაზე და წარმოშვა ძალადობის პროვოცირების საფრთხე. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მან უარი განუცხადა ინსპექტორს, რომ კონტაქტი დაემყარებინა დედასთან. სწორედ ამ მიზეზის გამო, ინსპექტორმა ვერ შეძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ გადასცა განმცხადებელს. ინსპექტორმა თავის 2018 წლის 10 დეკემბრის წერილში განმარტა, რომ „ვინაიდან განცხადების განხილვა მიმდინარეობდა საიდუმლო საქმისწარმოების ფარგლებში ინსპექტორის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ გადაწყვეტილების ასლი და დეტალური ინფორმაცია განცხადების განხილვისას დადგენილი გარემოებების შესახებ“.

WISG-ის იურისტის ქეთი ბახტაძის განმარტებით, „პოლიციის მხრიდან ლგბტი ადამიანების პირად ცხოვრებაში შეჭრისა და მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევები WISG-ის პრაქტიკაში მრავლად არის. თუმცა ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებულები უმრავლეს შემთხვევაში თავს იკავებენ გენერალური ინსპექციის თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიმართვისგან. გარდა ამისა, დისკრიმინაციისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებისთვის ერთ-ერთ ინსტიტუციურ ბარიერს წარმოადგენს ე. წ. „იძულებითი ქამინგ აუთი“, რაც გულისხმობს საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამხელას იძულებით“.