17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
საქართველოში თავად ამ დღის საჯარო სივრცეში აღნიშვნის პირველივე მცდელობები იქცა უთანასწორო ბრძოლად რეჟიმთან, რომლის სტრატეგია სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ტყუილ დაპირებებს, მანიპულირებას და ბოლოს მასშტაბურ ჰომოფობიურ პროპაგანდას და ფაშისტურ კანონებს დააფუძნა.
2013 წლის 17 მაისს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში, IDAHO აქციის რამდენიმე ათეუულ მონაწილეზე განხორციელებული ძალადობა, რომლისთვისაც ათობით ათასი ადამიანი იყო მობილიზებული, არათუ სათანადოდ არ შეფასდა ადგილობრივ სასამართლო სისტემაში, არამედ, ამ დღის ახალი სიმბოლური მნიშვნელობაც, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივით, მყისიერად “გადაიწერა”, რათა “ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე” სიტყვიერადაც არ დამკვიდრებულიყო.
შემდეგ იყო წლები, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია, ეკლესია თუ ფაშისტური დაჯგუფებები, ერთნაირი მონდომებით ელოდნენ ქვიარ აქტივისტების მხრიდან 17 მაისს საჯაროდ გამოსვლის დაანონსებას, რადგან ყველა დაინტერესებულმა აქტორმა თავისი პოპულისტური დღის წესრიგით გადაწყვიტა ამ დღით მანიპულირება. ამიტომ ამას მოჰყვა პერიოდი, როცა ქვიარ თემმა განზრახ უარი ვთქვით ერთდღიან სანახაობრივ დაპირისპირებაში ჩართვაზე და ხილვადობის იმ პოლიტიკაზე, რომლის დღის წესრიგსაც საჯარო სივრცეში, ქვიარ თემის საზიანოდ, სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა დომინანტური ჯგუფების ინტერესები.
ამ დღის წესრიგიდან პრინციპულად გამიჯვნამ გახადა შესაძლებელი არაერთი ქვიარ, ტრანს და ფემინისტური სათემო ორგანიზაციის თუ არაფორმალური ჯგუფისთვის მდგრად პროცესებთან დაბრუნება, თემს შიგნით აღდგენის პრაქტიკებსა და მხარდამჭერი სისტემების გამართვაზე უკეთ ორიენტირება, ადვოკატირების, ხილვადობის, თუ თემის გაძლიერების მიმართულებით სამუშაოებში ინტერსექციური ფემინისტური ხედვის მკაფიოდ არტიკულირება, და ამაზე დაფუძნებით, თემს გარეთ რეალური მოკავშირეების ძიება, სოციალური თანასწორობის იდეაზე თანხმობით დაფუძნებული ურთიერთობების შენება.
მაგრამ, ამის პარალელურად, დომინანტურ სარბიელზე უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქვიარ თემის ინსტრუმენტალიზება და მისი “კულტურულ ომის” საგნად განმტკიცება. შედეგად, საზოგადოებაში თანასწორობის იდეაზე დემოკრატიული, კრიტიკული და მანიპულაციისგან თავისუფალი მსჯელობების ნაცვლად, მივიღეთ პოლარიზების აქტიურად წარმოება და პოლიტიკური ჰომოფობიის ახალი მასშტაბები: “ქართულმა ოცნებამ” ჯერ 2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმიდან ამოიღო ლგბტ საკითხები, შემდეგ 2024 წელს წინასაარჩევნოდ მრავალმილიონიანი ჰომოფობიური მედია კამპანია აწარმოა, რაც ფაშისტური ანტი-ლგბტ კანონებით განამტკიცა, 2025 წელს კი სამართლებრივი ტერმინოლოგიიდან ისე გააქრო გენდერის ცნება, როგორც 17 მაისიდან - ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე.
ეს პროცესები ფუნდამენტური ნაწილი იყო ბოლო სამი წლის სრული ავტორიტარული შემობრუნების, რომელმაც მოიცვა პარტიის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, მედიის, აკადემიის, უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის ანტი-კონსტიტუციური კანონებით ჩახშობა და სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმების მოშლა.
დღეს “სხვად” მონიშნული ყველა კრიტიკული ადამიანი რეჟიმის ხელში არსებული სახელმწიფო ინსტრუმენტებით დასჯას ექვემდებარება. ქვიარ ადამიანები კი ორმაგად სხვადყოფნას განიცდიან ამ მოცემულობაში, რადგან ტოტალურ უსამართლობას თან ერთვის სპეციფიკურად ამ ჯგუფის მიმართ წარმოებული, ბევრი ფულით ნაკვები სიძულვილი.
ამიტომ 17 მაისი ჩვენთვის დღეს იმის შეხსენებაა, რომ სისტემის მხრიდან უსამართლო, ლეგიტიმაციის გამომცლელი, დამამცირებელი, ძალადობრივი თუ ცინიკური მოპყრობა, რასაც ახლა საზოგადოების კრიტიკული ნაწილი, განსაკუთრებით პროტესტში აქტიურად ჩაბმული ადამიანები პერსონალურად გრძნობენ, ქვიარ თემის უდიდესი ნაწილისთვის ამ სისტემაში ცხოვრების და მასთან დაპირისპირების ყოველდღიურობაა და სხვაგვარად არასდროს ყოფილა.
დღეს, როცა გლობალურადაც, მზარდი კრიზისებით გამოწვეული სოციალური შიშების და ბრაზის მოხელთებას ულტრა-მემარჯვენე და ფაშისტური პოპულიზმი ცდილობს, ჩვენი ამოცანაა ავტორიტარული რეჟიმის მაპოლარიზებელ ლოგიკას, რომლის მსხვერპლი ხან ქვიარია, ხან მიგრანტი, საბოლოოდ კი - საზოგადოებების დიდი ნაწილი, რეალური სოლიდარობით და პოლიტიკური შეკავშირებით ვუპასუხოთ.
17 მაისი ჰომოფობიასთან ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა!