search close
picture განცხადება

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ

13 ივნისი 2019

2019 წლის 15 მაისს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (სოგის) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის თაობაზე ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ექსპერტი საქართველოში 2018 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში იმყოფებოდა და ვიზიტის დროს შეხვდა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებთან და მოისმინა მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

2018 წლის 25 სექტემბერს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ WISG ორგანიზება გაუწია ექსპერტის შეხვედრას ტრანს აპლიკანტებთან, რომლებმაც გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი წარმოდგენილ ანგარიშში მიმოიხილავს ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის თვალსაზრისით. ექსპერტი აანალიზებს საქართველოში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მდგომარეობას და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას.

ანგარიშში მოკლედ არის მიმოხილული საქართველოს კონტექსტი, სოგის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩო, ინსტიტუციური მექანიზმები და ქვეყნის პოლიტიკა. პოლიტიკის დოკუმენტების მიმოხილვისას ექსპერტი უთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის შესახებ, სადაც ლგბტი ადამიანებთან დაკავშირებული საკითხებისთვის სპეციალური თავის („გენდერული იდენტობა და თანასწორობა“) შექმნა იგეგმებოდა, რომელსაც უნდა მოეცვა ლგბტი ადამაინებთან დაკავშირებული საკითხები. სავარაუდო თარიღად 2018 წლის ბოლო იყო დასახელებული,[1] თუმცაღა ეს თავი ამ დრომდე არ არის შემუშავებული და ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი საერთოდ არ მოიცავს ლგბტქი ადამიანების ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის ღონისძიებებს.

ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ლგბტქი ადამიანთან მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ჩადენილ ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ფემინური გეი მამაკაცები, ტრანსი ადამიანები და მასკულინური ლესბოსელი ქალები.[2] ანგარიშში მიმოხილულია ის ბარიერები, რომლის გამოც ძალადობის მსხვერპლი ლგბტქი თემის წევრები თავს იკავებენ პოლიციისთვის მიმართვისგან: „მსხვერპლების განცხადებით, მათ არ სურთ ინციდენტების თაობაზე მიმართონ პოლიციას - რაც მართლმსაჯულების პირველი რგოლია. მიზეზად მიუთითებენ: თემთან დაკავშირებით არსებულ სტიგმას და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის არანებაყოფლობითი გამჟღავნების შიშს; ძალოვანი უწყებების მიმართ ნდობის არქონას და პოლიციელთა მხრიდან ფობიური ქცევისა და დამოკიდებულებების გამოვლენას; მიზეზებს შორის არის სირცხვილის გრძნობაც, რაც ინტერნალიზებული ფობიითაა გამოწვეული. სამართლებრივი შედეგების მიღწევის ნაკლებობა, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის და მისი აღსრულების მექანიზნების შესახებ დაბალი ცნობიერება, ისევე, როგორც მართლმსაჯულებაზე მწირი ხელმისაწვდომობა, განაპირობებს სურვილის არქონას, რომ დანაშაულის შესახებ განაცხადონ“.[3]

ანგარიშში საფუძვლიანად არის გაანალიზებული ის დაბრკოლებები, რომლებიც ტრანს ადამიანებს ექმნებათ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობის პირობებში. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებებისთვის არსებულმა მოთხოვნები (მათ შორის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია) არ არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დისკრიმინაციულ მოპყრობას.[4] გარდა ამისა, ექსპერტი შეშფოთებას გამოთქვამს თავად სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „ფსიქოლოგთა და სექსოლოგთა შეფასებაზე დაყრდნობით, ქირურგი წყვეტს არის თუ არა პაციენტი „ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი“, იმის მიხედვით პაციენტს სქესის კვლავმინიჭების პროცედურების მიღება სრულად სურს თუ მხოლოდ ნაწილობრივ. დამოუკიდებელი ექსპერტი უკიდურესად შეშფოთებულია მოცემულობით, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი მოთხოვნები უდევს საფუძვლად იმ მედიცინის პროფესიონალთა დისკრეციას, რომელთაც განათლების შესამჩნევი ნაკლებობა აქვთ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში. მეტიც, ექსპერტი აღნიშნავს რომ ქირურგიული ოპერაცია, რომლის შესახებ რეკომენდაცია „ჭეშმარიტი ტრასსექსუალების“ მიმართ გაიცემა, იწვევს სავსებით არასაჭირო დასახიჩრებას, სტერილიზაციას, დიდი ტკივილსა და ტანჯვას.“[5]

გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტი საფუძვლიანად აანალიზებს ლგბტქი ადამიანების განათლების,[6] შრომის,[7] პირადი და ოჯახური ცხოვრებისა[8] და ჯანმრთელობის დაცვის[9] უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ანგარიშში მიმოხილულია ლგბტქი ადამიანების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის საჯარო სივრცეში აღნიშვნასთან დაკავშირებით.[10]

ექსპერტი მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ „ყურადღება გაამახვილოს იმ სისტემურ ფაქტორებზე, რომლებიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებს უფლებას ართმევს ჰქონდეთ თავისუფალი და თანასწორი საცხოვრებელი გარემო საქართველოში.“[11] ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, სხვა მრავალ რეკომენდაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოსუთითებს, რომ:

  • შეისწავლოს და შეაფასოს ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა მათი ჯანმრთელობის, განათლების, ეკონომიკური კეთილდღეობის, პერსონალური უსაფრთხოებისა და ძალდობისგან დაცვის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების რეალიზების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში მოახდინოს ძირითადი გამოწვევების ასახვა.[12]
  • უზრუნველყოს ადამიანის თვითგამორკვევაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების ადმინისტრაციული მექანიზმის შექმნა, უფლებაშემლახავი მოთხოვნების გაუქმება და არაბინარული იდენტობის აღიარება როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის.[13]

იხ. ანგარიში ბმულზე: https://bit.ly/2CzSr07

[1] § 18.

[2] § 34

[3] § 40.

[4] § 67.

[5] § 66.

[6] § 81-85

[7] §§ 72-74

[8] §§ 69-71

[9] §§ 75-80

[10] §§ 56-63

[11] § 87

[12] § 91 და § 96

[13] § 90