search close
picture განცხადება

კოალიცია თანასწორობისთვის პროკურატურას თამთა თოდაძის მიმართ ძალადობის საქმეზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

8 ოქტომბერი 2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას.

2019 წლის 4 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟრიტარი წევრი ილია ჯიშკარიანი, გაუპატიურების მიზნით, თავს დაესხა მისივე ბიუროს თანამშრომელს, თამთა თოდაძეს. თამთა თოდაძისგან უარის მიღების შემდეგ, ილია ჯიშკარიანი მის დამორჩილებას შეეცადა და ფიზიკურად იძალადა. მედიაში გავრცელებულ ინტერვიუში, მსხვერპლი იხსენებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მას წიხლებით და ხელებით ურტყამდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მოძალადეს, თავდაცვის მიზნით მიუთითა, რომ იგი ტელეფონით იწერდა მომხდარს და ამის გამო მას პასუხი მოეთხოვებოდა, დეპუტატმა ქალს მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საბოლოოდ, თამთა თოდაძემ მოძალადისგან თავის დაღწევა და კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემის დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მსხვერპლს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობოდა. თავდასხმის დროს, ილია ჯიშკარიანმა დაამტვრია მის ოფისში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაც.[1]

დაზარალებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ არ იძიებენ საქმეს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ მალევე აცნობა პოლიციას, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ბიუროში ჩხრეკა დაგვიანებით (შემთხვევიდან დაახლოებით 9 საათში), ოფისის დალაგების შემდეგ ჩატარდა.[2] საქმეზე ილია ჯიშკარიანის გამოკითხვაც ასევე დაგვიანებით მოხდა. პროკურატურას თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. სტატუსის გარეშე კი ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს. ცხადია, ყველა ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საუბარს ყოველთვის თან სდევს სტიგმა. მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე პატრიარქალური ლოგიკა ისევ ქალს აკისრებს პასუხისმგებლობას და მის დადანაშაულებას ცდილობს. თამთა თოდაძის მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე საჯაროდ ლაპარაკი, არსებითად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკების გამოვლენის, კრიტიკისა და მსხვერპლების მხარდაჭერისთვის. მსხვერპლი ქალის, ისედაც მოწყვლადი, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, სახელმწიფო უმოქმედობას და გულგრილობას იჩენს. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქმეზე ეფექტიანი, სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. გამოძიება არ უნდა ტოვებდეს მიკერძოებულობის აღქმას საზოგადოებაში. თამთა თოდაძის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სავარაუდო ბრალდებულ ჩინოვნიკს მართლმსაჯულების სისტემამ სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს და არ შეიწყნაროს ძალადობა.

მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებებით დაგმონ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა ისე, რომ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირის მხარდაჭერისა და გამოძიების პროცესზე ზემოქმედების მცდელობის განცდა არ დატოვონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, დავით ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა.[3] ასევე, საგანგაშოა მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკაზე იყოს აქცენტირებული. ქალებზე ძალადობის მიმართ ხელისუფლების რბილი და შემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ახალისებს ძალადობას და ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

ამასთან, არსებითია, თამთა თოდაძის საქმის მედიაში გაშუქების დროს, ჟურნალისტებმა არ მოახდინონ მსხვერპლის მეორადი ვიქტიმიზაცია და მისთვის ღირსების შემლახავი და დამაზიანებელი კითხვების დასმა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც უზრუნველყოფს თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმის ეფექტიან, დროულ და დამოუკიდებელ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას. მიენიჭოს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი.

მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერს ქალის მიმართ ძალადობის სავარაუდოდ ჩამდენ პირს და ამით კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

მედია საშუალებებს, ქალთა ძალადობის შემთხვევების გაშუქების დროს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მსხვერპლის ინტერესები, ღირსება და მისი პირადი სივრცე. სათანადოდ გაიაზრონ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მასშტაბი.

განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

[1] https://www.facebook.com/TvMtavari/videos/2471365023143836/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARCpnfMlTYlt1unSz1btjdpdokKsqOcq4lEn3dinfrXsiGG_ZfjUxWOGPnIU45pd2W0bD3C8iHgN6xtS

[2] http://www.tabula.ge/ge/story/157016-mcema-xelitac-shemexo-da-fexitac-ras-kveba-tamta-todadze-ilia-jishkarians-vicnob-da-warmoudgenelia-mdzimea-rac-mas-braldeba-davelodot-gamodziebas/